ბლოგები

როგორ ვიყენებ ხატვის უნარებს საგანმანათლებლო საქმიანობაში?

ავტორი: თეა ქუტაშვილი   

ბავშვობიდან ვხატავ, თუმცა არ მეგონა, რომ პროფესიად გადამექცეოდა ეს უნარი, მითუმეტეს მასწავლებლობაში.  საგანმანათლებლო საქმიანობაში ხატვის უნარების გამოყენებაზე ყველაზე მეტად იმ გამოფენის შემდეგ დავფიქრდი, რომელიც სკოლაში მოვაწყე. 

ArTea

ეს იყო ჩემი 100-ზე მეტი ნამუშევრის გამოფენა – იმ ნამუშევრების, რომლებიც პანდემიის პერიოდში შევქმნები. უნდა აღვნიშნო, რომ ის ორი წელი ჩემთვის შემოქმედებითად ყველაზე ნაყოფიერი აღმოჩნდა. პანდემიამდე, ჩემი დატვირთული დღის რეჟიმიდან გამომდინარე, წელიწადში ერთი ან  ორი ნახატს თუ ვასრულებდი, რაც შემოქმედებითი განვითარებისთვის არ იყო საკმარისი. 

პანდემიის პერიოდში კი, 100-ზე მეტი ნამუშევარი დავხატე. შემდეგ ვიფიქრე, რომ ჩემი ნახატები ჩემი მოსწავლეებისთვის გამეზიარებინა  და გამოფენა ჩემს მშობლიურ სკოლაში დავგეგმე – კასპის #1 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სერთიფიცირებული მასწავლებელი ვარ. 

ჩემს იდეას ყველა სიხარულით შეხვდა. ადგილობრივი კულტურის სამსახურის უფროსის თეა ხორბალაძის დახმარებით, ჩვენი სკოლის ახალ, სრულიად თანამედროვე გარემოში  ჩემი პერსონალური გამოფენა გაიმართა, სახელწოდებით „ფერადი ემოციების ორი წელი – ArTea”, სადაც წარმოდგენილი მქონდა 70 ფერწერული ნამუშევარის რამოდენიმე ხელოვნების ჟანრი. 

გამოფენამ დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში – ნახატები არ დავასათაურე, რადგან მაინტერესებდა დამთვალიერებელის ის საინტერესო ხედვა, რომელსაც თითოეული მათგანი მიზიარებდა. სვამდნენ კითხვებს თითოეულ ნახატზე, აინტერესებდათ, რა იყო ნახატის ინსპირაცია და უფრო საინტერესო იდეებს მაწვდიდნენ. რა ჟანრი იყო, რატომ გამოვიყენე კონკრეტული ფერები და სხვა.  დავრწმუნდი, რომ გამოფენამ მეტი ინტერესი გააჩინა ბავშვებში. იმის სურვილიც კი გაუჩნდათ, რომ თავადაც ეცადათ ხატვა და მომავალში მასშტაბური სასკოლო გამოფენებიც მოგვეწყო.

ხატვა, აზროვნება და აღქმა

ამან დამაფიქრა, რომ რომ ხატვის გამოყენებით შემეძელო მოსწავლეების აზროვნების განვითარება და ამ მეთოდს დღემდე აქტიურად ვიყენებ. მიყვარს ქართული ნაწარმოებიდან და ფილმებიდან ისეთი კადრების გაცოცხლება, რაც არასდროს დაგვავიწყდება. ბოლო პერიოდში ოთარაანთ ქვრივიდან დედაშვილობა იყო ჩემი ინსპირაცია.

საგაკვეთილო პროცესში ყოველთვის ვიყენებ ხელოვნების ენას. მოსწავლეებს ვეხმარები რეალობისადმი ესთეტიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. მე თვითონ ვქმნი უამრავ რესურს და  თვალსაჩინოებას, ეს კი ბავშვებს ძალიან ეხმარებათ საკითხის კარგად აღქმაში და გააზრებაში. ბავშვებისთვის განწყობის შესაქმნელად ძალიან მსიამოვნებს საგანმანათლებლო სივრცის ფერადი ნახატებით მოხატვაც. მოსწავლეებს  ხშირად ვუტარებ ხატვის, ძერწვის, თექის მასტერკლასებსაც. ეს კი  ყველაზე მეტად მოსწონთ მათ.

მთლიანობაში ხატვის უნარები მეხმარება, რომ სასკოლო ცხოვრება ბავშვებისთვის სასარგებლოსთანაც ერთად სახალისოც გავხადო – მათთვის საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობა სავალდებულო კი არა, სასურველი და სასიამოვნო იყოს. 

ჩემს ნამუშევრების პერიოდულად ვაქვეყნებ ფეისბუქ გვერდზეც: https://www.facebook.com/ArTea-109425244864775/photos/?ref=page_internal

დატოვეთ კომენტარი