გორის რაიონულ სასამართლოში გორის მუნიციპალიტეტში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულების პროცესი გაიმართა.
სასამართლომ ნარკორელიზატორობის ბრალდებით დაკავებული 5 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების თაობაზე იმსჯელა და ხუთივე მათგანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
პროცესს ესწრებოდნენ დაკავებულების ადვოკატებიც. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
“ფსიქოტროპული წამლები ჰქონდა და არა – ნარკოტიკები. თუ რაიმე გაყიდა, ისიც ფსიქოტროპული პრეპარატები იქნებოდა”, – თქვა ნინო შავშიშვილმა.
კიდევ ერთი დაკავებულის ადვოკატის თქმით კი, შსს-მ საჩვენებელი სპექტაკლი მოაწყო და დაკავებულების ნაწილის წინააღმდეგ, უტყუარი მტკიცებულებები არ აქვთ.
შეგახსენებთ, რომ სპეციალური ოპერაციის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შიდა ქართლში 7 პირი დააკავა.