ადამიანები ისტორიები

ხაშურელი ფეხბურთელის დებიუტი „დინამოს“ შემადგენლობაში – ლუკა ლაცაბიძის ამბავი 

ლუკა ლაცაბიძე 18 წლის ფებხურთელია, ის წარმოშობით ხაშურიდანაა. მისი დებიუტი „დინამო“ თბილისის ძირითად გუნდში, საქართველოს დავით ყიფიანის თასზე, ს.კ „სამტრედიას“ წინააღმდეგ შედგა.

ლუკამ ფეხბურთის თამაში ხაშურის „ივერიაში“ დაიწყო.

“წარმოშობით ხაშურიდან ვარ და პირველი საფეხბურთო ნაბიჯებიც ამ ქალაქში გადავდგი. 7 წლის ვიყავი, როცა შევედი ფეხბურთზე და დავიწყე თამაში ხაშურის „ივერიაში“”, – ამბობს ლუკა.

ლუკა გვიყვება, თუ როგორ აღმოჩნდა „დინამოს“ აკადემიაში.

“9 წლი ვიყავი, როცა ხაშურიდან თბილისში წავედით ერთ-ერთ ტურნირზე სათამაშოდ. წარმატებით ვიასპარეზეთ და როგორც ჩანს, პერსონალურად მეც კარგად წარმოვაჩინე თავი. სწორედ მაშინ მოვეწონე „დინამოს“ სელექციონერებს და გადაწყვიტეს, ჩემი წაყვანა „დინამოში“, – გვითრა ლუკამ.

ლუკა ასევე საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრია. მან არაერთი შეხვედრა ჩაატარა 17 წლამდელთა ნაკრებში თამაშის დროს.

„ასაკობრივ ნაკრებში თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი გამოწვევა და გამოცდილებაა. უდიდესი პასუხისმგებლობაა, როცა გულზე საქართველოს გერბი გაქვს ამოქარგული და სხვა ქვეყნის ნაკრებს ეთამაშები. მე სისტემატურად ვთამაშობდი საქართველს 17 წლამდელთა ნაკრებში, ახლა კი 19 წლამდელთა ნაკრებშიც მეძლევა სათამაშო დრო.“

ლუკა ლაცაბიძის დებიუტი „დინამოს“ შემადგენლობაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე, „სამტრედიას“ წინააღმდეგ შედგა.

“ჩემი დებიუტი ამაღელვებელი გამოდგა. თამაში იმ კლუბში, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა და უდიდესი ისტორია გააჩნია, ბევრისთვის დიდი ოცნებაა. საბოლოო ჯამში, დებიუტი გამოდგა როგორც ამაღელვებელი და საპასუხისმგებლო, ისე დიდი სიხარულის მომნიჭებელი”.

ლუკას აზრით, თანამედროვე ფეხბურთში წარმატების მისაღწევად საჭიროა მულტიფუნქციურობა. ამბობს, რომ ნიჭი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ფეხბურთის სათამაშოდ, მაგრამ უდიდესი შრომის გარეშე რაიმეს მიღწევა შეუძლებელია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.