ადამიანები ისტორიები

“ჩემთვის დახმარება ასოცირდება სიხარულთან”- ეკა ელიაშვილის ქველმოქმედება

ავტორი: დოდო კუთარაშვილი

სოფელ ზეღდულეთში მცხოვრები ეკა ელიაშვილი წლებია ქველმოქმედებას ეწევა, ის მეგობრებთან ერთად შეჭირვებულ ოჯახებს საკვებით, საოჯახო ტექნიკით და სახლისთვის საჭირო ნივთებით ეხმარება.

ეკამ სოციალურ ქსელში გვერდი შექმნა “სიკეთე გადამდებია, ჩვენ გველოდებიან”, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაკავშირება და დახმარების გაწევა.

ეკა გვიყვება, რომ საჭირო ნივთების და პროდუქტების შეძენაში მოსახლეობა და ემიგრანტები ეხმარებიან.

“ბევრ ადამიანთან მაქვს შეხება, ყოვედღიურად მწერენ. ამბობენ რომ არ აქვთ პური, საჭმელი, მედიკამენტები. მიყვებიან, რომ სკოლაში ბავშვის მიყვანისთვის არ აქვთ ტანსაცმელი; არ აქვთ მაგიდა და სკამი, რომ ბავშვმა ელემენტარულად იმეცადინოს; არ აქვთ ქვაბი, ჭურჭელი, ლეიბი, საბანი, პლედი და რავიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ამის შემყურე ადამიანს, როგორ არ უნდა გაგიჩნდეს თანაგრძნობის და დახმარების სურვილი?!”, – გვიყვება ეკა.

ეკა განსაკუთრებით დიდ ყურადღებას გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას უთმობს. ამბობს, რომ აქ მცხოვრებ ადამიანებს ისედაც ყოველდღიურ სტრესში უწევთ ცხოვრება და მისივე სიტყვებით, “ისინი იმსახურებენ, რომ არ შიოდეთ მაინც”.

“ამ სოფლებში საფრთხის შემცველია ჩასვლა. ირგვლივ მართულხლართია და არ იცი, საიდან რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ როცა იცი, გელოდებიან და მათ გახარებულ სახეებს ხედავ, მაგაზე აღარ ფიქრობ. ჩემთვის დახმარება ასოცირდება სიხარულთან. გიხარია, როცა მათ ბედნიერ სახეს ხედავ და იცი შენი და შენი მეგობრების მიერ გაღებული თანხით, ვიღაცას აღარ შია, ვიღაცას აღარ სცვივა და აქვს ნივთები, რომელზეც მხოლოდ თუ იოცნებებდა”, – ამბობს ეკა.

ეკა სამომავლოდ ფონდის დაარსებას ფიქრობს. მისი სურვილია საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ბავშვებისთვის გასართობი სივრცეები მოეწყოს.

ვფიქრობ მეგობრებთან ერთად ფონდი დავაარსო და დახმარება გავუწიოთ არა მარტო საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ გაჭირვებულ ოჯახებს, არამედ მთელ საქართველოში მცხოვრებ ბავშვებს. მომავალში ვგეგმავთ ბავშვთა გასართობი ცენტრის მოწყობას, სადაც სოფელში მცხოვრები ბავშვები შეძლებენ გართობას. ასევე გვინდა ცეკვის და მუსიკის სტუდიის გახსნა, ეს ამ ბავშვების ოცნებაა. კეთილი ადამიანების და ჩვენი ემიგრანტების დახმარებით, შევხლებთ მათ სურვილების ასრულებას”, – ამბობს ეკა.

ეკამ საქველმოქმედო კამპანია 2019 წელს წამოწყო, მას შემდეგ 100-ზე მეტ ოჯახს გაუწია დახმარება.


მასალა მომზადებულია პროექტის “სამოქალაქო ჟურნალისტიკა ქალების გაძლიერებისთვის” ფარგლებში. “მოზაიკა” პროექტს ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.