ახალი ამბები

ახალუბანსა და აძვში სასმელი წყალი დაბინძურებულია – სეს 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანსა და აძვში სასმელი წყალი დაბინძურებულია. 

სურსათის უვნებლობის სამსახურმა ახალუბნის საბავშვო ბაღის ეზოში არსებული ონკანიდან აიღო სინჯები, რომელშიც საერთო კოლიფერმული ბაქტერიები აღმოჩნდა, რომელიც დასაშვებ ნორმას აღემატება. ამავე სამსახურმა შეამოწმა ასევე სოფელ აძვში ერთ-ერთი ადგილობრივის ონკანიდან აღებული წყალი, რომელშიც ასევე დაფიქსირდა ბაქტერიები. 

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტმა, ლექსო მერებაშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, დაბინძურებული წყლის შესახებ, სოფლებში ვიზიტის დროს ადგილობრივებისგან გაიგეს.

“ჩვენ ვიზიტით ვიყავით ამ სოფლებში, მოსახლეობამ გვითხრა, რომ დაბინძურებული წყალი მიეწოდებოდათ, მივმართრთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ჩვენი სოფელში ყოფნის დროს, პოლიციამ უფლება არ მოგვცა სათავე ნაგებობა გადაგვეღო, მიუხედავად ამისა, მაინც მივმართეთ აღნიშნულ სააგენტოს და როგორც ჩანს, აიღეს სინჯები. ერთ ლოკაციაზე თქვეს რომ შეესაბამება ნორმას, მაგრამ საბავშვო ბაღიდან და ერთ-ერთი მოსახლის ონკანიდან აღებულ სინჯებში დაბინძურება დაფიქსირდა”, – ამბობს ლექსო მერებაშვილი. 

მერებაშვილის ინფორმაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნულის შესახებ გორის მერიის შესაბამის სამსახურს უკვე მიმართა. 

დატოვეთ კომენტარი