ადამიანები ისტორიები

არც დენი იყო, არც გაზი, არც წყალი – ეკომიგრანტების ახალი ცხოვრება გორში

ავტორი: თამთა შავაძე

გორის მუნიციპალიტეტის სოფელი წითელუბანი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც აჭარიდან ყველაზე მეტი ეკომიგრანტი ცხოვრობს.

1989 წელს მაღალმთიან აჭარაში მიწის ეროზიის გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ ოჯახების გასახლება და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა დაიწყო. ასე აღმოჩნდა გორში აჭარიდან დაახლოებით 50-მდე ოჯახი.

აჭარელების ჩამოსახლებიდან 30 წელზე მეტი გავიდა. როგორი იყო ახალი ცხოვრების დაწყება, რა პრობლემების და გამოწვევების დაძლევა მოუწიათ ეკომიგრანტებს? – ამ თემაზე “მოზაიკას” ისინი თავად ესაუბრნენ.

“ეროზიის გამო, დავტოვეთ აჭარა. სოფელს გამოეცალა ძირი. რა თქმა უნდა, საცხოვრებელი პირობებიც აღარ იყო. ამიტომ სახელმწიფო პროგრამამ სოფელ წითელუბანში ჩამოგვასახლა. დაახლოებით 52 კომლი დროებით ბინებში ვცხოვრობდით. თავისთავად რთული იყო ახალ გარემოში ფეხის მოკიდება. მე ჩამოვედი ცოლთან და შვილთან ერთად. სოფლის მკვიდრმა ხალხმა ძალიან კარგად მიგვიღო, გაითავისეს ჩვენი გაჭირვება და გვერდში დაგვიდგნენ”, – გვიყვება რომან შავაძე.

შავაძეს ამბობს, რომ აჭარა ენატრება, თუმცა ამჟამინდელი საცხოვრებელი ეძვირფასება და უკან დაბრუნებაზე არ ფიქრობს.

“პირველად მუშაობა სოფლის მეურნეობაში დავიწყე მექანიზატორად. დღესდღეობით სკოლაში ვასწავლი ხელოვნებას. რა თქმა უნდა, რთული იყო შეგუება, რადგან დასავლეთთან შედარებით აქ კლიმატიც სხვანაირია. თავისთავად გვენატრება ის ადგილები, სადაც ფეხი ავიდგით და ბავშვობა გავატარეთ, თუმცა ზოგიერთს აღარ აქვს აქედან წასვლის სურვილი, რადგან ამდენი წლის განმავლობაში აქაურობას შეეჩვივნენ და აღარ სურთ ისევ ახლიდან დაწყება. ზოგი კი ფინანსების გამო, ვერ ახერხებს დაბრუნებას”, – ამბობს შავაძე.

ერთ-ერთი ეკომიგრანტი, რომელსაც ცხოვრების ხელახლა დაწყება წითელუბანში მოუწია, ლიანა ხოზრევანიძე და მისი ოჯახია. ლიანა რთულ წლებზე საუბრობს და ამბობს, რომ როგორც ყველა, ისიც სოფლის მეურნეობით ირჩენდა თავს.

“ხალხი თავისივე მოყვანილი ხორბლით აცხობდა პურს და ამით იკვებებოდა. არც სოფლის მეურნეობის პროდუქტები გადიოდა ბაზარზე, არეულობა იყო განსაკუთრებით ომის შემდეგ, ბაზარი მთლიანად დაიშალა. ომის შემდეგ მკვიდრ და ჩამოსახლებულ მოსახლეობასაც ძალიან გაუჭირდა, არც დენი იყო, არც გაზი და არც წყალი. ჩამოსახლებულებს უკან წასასვლელი აღარ ქონდათ, რადგან მეწყერსაშიში ზონა იყო და ვეღარ დაბრუნდებოდნენ. ჩამოსულ ოჯახებს აქაც დიდი გაჭირვება დახვდათ, თავიდან არც სამსახური გვქონდა და თავს ძლივს ვირჩენდით”, – იხენებს ლიანა ხოზრევანიძე.

ლიანას თქმით, ეკომიგრანტებს ბევრი შრომა მოუწიათ ცხოვრების თავიდან დასაწყებად. დაამუშავეს სახნავ-სათესი ადგილები, მოიწყეს საცხოვრებელი და ახლა ამ ადგილის დატოვებას და უკან დაბრუნებას თითქმის არავინ ფიქრობს.

“სახლები კრედიტებით შეიძინეს. ყველა ოჯახს დიდი დრო დასჭირდა რომ ნორმალური ცხოვრება დაეწყო. ნელ-ნელა ყველაფერი გამოსწორდა, საქონლის მოვლა დავიწყეთ, ქარსაცავები გაჩეხეს, რათა სახნავი მიწები ჰქონოდათ, მოიყვანეს მოსავალი, მუშაობა დავიწყეთ, რითიც მოვედით დღევანდელ მდგომარეობამდე. ჩემი ოჯახი აღარ აპირებს უკან დაბრუნებას, რადგან შევეჩვიეთ აქაურობას, ამდენი წლის შემდეგ ისევ წასვლა და ახალი ცხოვრების დაწყება რთულია”, – ამბობს ლიანა.

დაახლოებით 33 წლის წინ აჭარიდან წითელუბანში დაახლოებით 52 ოჯახი ჩამოსახლდა. ადგილობრივების თქმით, უკან თითქმის არავინ დაბრუნებულა.


მასალა მომზადებულია პროექტის “სამოქალაქო ჟურნალისტიკა ქალების გაძლიერებისთვის” ფარგლებში. “მოზაიკა” პროექტს ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.