ბლოგები

რა გამოცდილებას ვიღებთ ახალგაზრდები  საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობით?

ავტორი: ნია ნანეტაშვილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  გამოყენებითი ბიომეცნიერების და ბიოტექნოლოგიის სტუდენტი ვარ.

სკოლაშივე ვმონაწილეობდი სხვადახვა პროექტებში, დაინტერესებული ვიყავი გარემოს დაცვის საკითხებით, შემდგომ ჩემი თვალთახედვა უფრო გაფართოვდა და გამიჩნდა სურვილი, რომ უფრო მეტ პროექტში მიმეღო მონაწილეობა. მწვანე მეწარმეობის პროექტიდან შემარჩიეს Erasmus+ გაცვლით პროგრამაში მონაწილელობის მისაღებად.

მოკლევადიანი ვიზიტი რუმინეთში

შვიდი ახალგაზრდა საქართველოდან მოკლევადიანი ვიზიტით გავემგზავრეთ რუმინეთში,  სადაც სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, სომხეთიდან, უკრაინიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან და მოლდოვიდან.

რუმინეთში ბევრი საინტერესო აქტივობა გვქონდა დაგეგმილი, რომლითაც ვეცნობოდით მასპინძელი ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს. ეს ჩემთვის იყო ძალიან დიდი გამოცდილება – გავეცანი მათ არქიტექტურას, ისტორიას და ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღე, თუ როგორ შეძლეს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება.

შთამბეჭდავი იყო ისიც, რომ ყოველ საღამოს დაგეგმილი იყო კულტურული საღამოს მოწყობა, რაც დამახასიათებელია ERASMUS+ პროექტებისათის. თითოეული ქვეყნის წარმომადგენელს საშუალება გვქონდა საკუთარი ქვეყნის კულტურა გაგვეცნო სხვა ქვეყნებისთვის.

ქართული საღამო

ჩვენმა კულტურულმა საღმომაც ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. დავაგემოვნებინეთ ქართული დელიკატესები – ჩურჩხელა, ტყლაპი, სულგუნი, მეგრული აჯიკა და კახური ღვინო. სხვა ქვეყნის წარმომადგენლები დაინტერესდნენ მათი მომზადების ტექნოლოგიით, კითხულობდნენ შემადგენლობასაც. სამომავლოდ გავითვალისწინებ, რომ ადგილზე რაიმე ქართული კერძის დამზადების მასტერკლასებიც წარმოვადგინოთ.

ჩვენი საღამო ქართული ცეკვა- სიმღერით გავხსენით და დავხურეთ. ამანაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ახლად შეძენილი მეგობრები დამპირდნენ, რომ ეწვეოდნენ საქართველოს და უფრო ახლოს გაეცნობოდნენ ჩვენს კულტურას.

უკრაინული საღამო

ასევე ძალიან საინტერესოდ ჩაიარა მეგობარი ქვეყნების კულტურულმა საღამომ, არ დამავიწყდება უკრაინელი ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი  კულტურული დღე. საღამო  ომის კადრების ჩვენებით დაიწყეს და  ეროვნული სიმღერის შესრულებით დაასრულეს, ეს  იმ იმედის და სულისკვეთების  გამომხატველი იყო, რომ უკრაინა ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს.

რატომ გვჭირდება გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა?

რუმინეთში ყოფნის დღეებს დაემთხვა ჩემი დაბადღების დღე. პროექტის ორგანიზატორებს კი ეს ნიუანსი არ გამორჩენიათ და დაბადების დღე ტორტით და სანთლებით მომილოცეს.

მინდა, რაც შეიძლება, ბევრმა ახალგაზრდამ მიიღოს საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა. ვფიქრობ, პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილება უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქართველი ახალგაზრდების წარმატებას. დააფასებენ ქართულ კულტურას და ტრადიციებს. გაეცნობიან ევროპულს და აღარ გაუჩნდებათ კითხვა: რატომ ევროპა?

მჯერა, ეს გამოცდილებაც საკმარისია იმისთვის,  რომ ჩემმა თანატოლებმა დაიწყონ იმაზე ფიქრი როგორ შეიტანონ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებაში წვლილი. რათა ჩვენც გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა.

დატოვეთ კომენტარი