ბლოგები

რას ნიშნავს გამოცდებზე მიღებული ქულები და როგორ აფასებს ის ჩვენ ცოდნას და უნარებს?

ავტორი: ნანუკა კუჭაძე

რომ ვთქვა, ქართული ბავშვობიდან მიყვარდათქო, მოვიტყუები. მიყვარდა კი არა, ატანა არ მქონდა. სანამ კლასში ახალი ქართულის მასწავლებელი არ შემოვიდა. პირველი დღიდანვე, სხვანაირად შემიყვარდა და მისი ახსნილი გაკვეთილები საინტერესო გახდა. საბოლოოდ, გადავწყვიტე ზუსტად იმ მასწავლებელთან გამევლო გამოცდის წინა პერიოდი. ორი წელი ქართულზე დავდიოდი. პირველი წელი არც თუ ისე კარგი იყო, ხოლო მეორე წელს სრული გაგებით ქართულს ყველაზე დიდ დროს ვუთმობდი. თან ახალი ფორმის გამოცდები შემოიტანეს და წინა წლის, ესე/თემების სწავლება წყალში ჩამეყარა. შემოიტანეს თხზულებები და 1 წელში რაღაცნაირად თავი მოვუყარე ყველაფერს, თუმცა  ყოველთვის ზღვარს გადავდიოდი და რაღაც ჩარჩოებში მოქცევას ვერ ვახერხებდი, რაზეც გამუდმებით “ვკამათობდით” მე და დარეჯან მასწავლებელი.

წინა დღით ვიძახდი, ოღონდ დავითიანი არ მოვიდეს მეთქი. გზაშიც იმავეს ვიმეორებდი და როგორც კი დავჯექი და კომპიუტერი გავხსენი, რას ვხედავ? ზუსტად დავითიანია. ავნერვიულდი.

ცივმა ოფლმა დამასხა და წერა დავიწყე, მივხვდი, არ გამოვიდოდა და არასაპროგრამო დავიწყე. “ამაყი” ვწერე. ვწერე, ვწერე და ბოლო 40 წუთში ფურცელი გამოვცვალე, რადგან ვთვლიდი, რომ არასწორად მეწერა. გამოვედი თუ არა გამოცდიდან, ტირილი დავიწყე, რადგან ზუსტად ვიცოდი ქართული ჩამაგდებდა. ასეც მოხდა.

30 ქულა. მხოლოდ იმის გამო, რომ ზნეობრივად სწორად მეწერა თემა და არა რაღაც ჩარჩოებსა და კონსპექტებში.

მრცხვენოდა, თვით გვემაში ვიყავი, საერთოდ არავისთან საუბარი და დიალოგი არ მინდოდა. რომ მეკითხებოდნენ, რა ქენი ქართულშიო, ხმას არ ვიღებდი.

ქულა რომ ვნახე, პირველი დედას დავურეკე, გთხოვ ამოდი-მეთქი. ამოვიდა და ერთი საყვედური არ უთქვამს.

დედას არ უთქვამს “მეტი შეგეძლო, ფული რისთვის ვყარე ორი წელი?  სამარცხვინო ხარ”. არა, არა და არა. პირიქით, გვერდში დამიდგა და მითხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. შემდეგ მამაც ამოვიდა და ამ გამოცდებმა ვფიქრობ კიდევ უფრო კარგად დამანახა, რამდენად დიდი ძალა აქვს ოჯახს. როგორ შეუძლიათ ნებისმიერ დროს გვერდით უპირობოდ დაგიდგნენ.

ერთი-ორი ადამიანისგან წამოსროლილმა ფრაზებმა კი გული მატკინა. “უფრო დაბალი ვერა?”, “ღადაობ? ქართული შენი ძლიერი მხარე მეგონა”.

შემდეგ დღეებში ინგლისური მოვიდა – 77/80, ლიტერატურას ყველაზე მეტად ველოდი – 59/70 და ბოლოს, ისტორიაში 51 ქულა მივიღე 60 – დან. 

თითქოს შვება ვიგრძენი, არ ვიცი, რატომ, მაგრამ საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ჩემი ბრალი არ ყოფილა. აქამდე საკუთარი თავის გვემაში ვიყავი, მხოლოდ იმიტომ, რომ დაბალი ქულა ავიღე. მეგონა იმედები გავუცრუე დედას, მამას, მეგობრებს, მასწავლებელს, რომელმაც 2 წელი მომამზადა, მაგრამ სისულელეა.

ნიშანი, ციფრები, უბრალოებაა. ვერასდროს ეს სისტემა ვერ განსაზღვრავს ვერცერთი ადამიანის ცოდნას, უნარს და თუ რისი შესაძლებლობა აქვს მას. გამოცდაა. მენტალურად განგრევს, როგორ მშვიდადაც არ უნდა შეხვდე. თუმცა აქედან არც არაფერი იწყება და არც სრულდება. ცხოვრება დიდი გვგონია ხოლმე, მაგრამ თუ მსგავს წვრილმანებზე ვინერვიულებთ, აუცილებლად დაპატარავდება და ბოლოს აღარაფერი დაგვრჩება.

მოსახდენი მოხდება მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო გაგაძლიეროს, შენს თავში არსებული ძალა გაპოვნინოს და მიზნები უფრო განამტკიცოს.

ბავშვობიდან ვხატავ, ბოლო პერიოდში ძირითადად საკუთარ სახეზე ვასრულებ ხოლმე ნახატებს, სხვადასხვა მისტიური პერსონაჟს ვემგვანები  და ვაკვირდები ხოლმე ჩემს და სხვა ადამიანების ემოციებს. მინდა გავითავისო ის პერსონაჟი მთელი განცდებით.

ვფიქრობ, ნებისმიერი საქმეში წარმატებისთვის ემოციური ინტელექტი და ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამიტომ გადავწყვიტე  პროფესიონალი ფსიქოლოგი გავხდე. ვფიქრობ, ამ პროფესიის კარგად შესწავლით ბევრი ადამიანის ცხოვრებას შევცვლი უკეთესობისკენ.

დატოვეთ კომენტარი