ადამიანები ისტორიები

გორელი ფეხბურთელი მოლდოვურ ფულის ერთეულზეა გამოსახული – ვაჟა თარხნიშვილის ისტორია

ვაჟა თარხნიშვილი ყოფილი ფეხბურთელია, რომელიც 1971 წლის 25 აგვისტოს გორში დაიბადა.

მისი პირველი პროფესიონალური კლუბი იყო გორის „ქართლი“ 1990 წელს.

„ქართლიდან“ თარხნიშვილი „დილაში“ გადავიდა სათამაშოდ და 1991-1998 წლებში გორული კლუბის მაისურით 211 ჩატარებულ შეხვედრაში 4 გოლის გატანა მოახერხა.

1998 წელს ვაჟამ კლუბი შეიცვალა და თბილისის „ლოკომოტივში“ წავიდა სათამაშოდ.

„რკინიგზელთა“ რიგებში ის საკმაოდ მცირე დროის განმავლობაში ირიცხებოდა და 1999 წელს ვაჟამ ისევ, და ამჯერად საბოლოოდ, შეიცვალა კლუბი.

ქართველი მცველი „ლოკომოტივიდან“ მოლდოვაში, ტირასპოლის საფეხბურთო კლუბ „შერიფში“ გადაბარგდა, რომელშიც 13 წლის განმავლობაში, საფეხბურთო კარიერის დასრულებამდე ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო კლუბი „შერიფი“ 1996 წელს დაარსდა, ვაჟას მოლდოვაში გადასვლამდე 3 წლით ადრე. ანუ, თავისუფლად შეგვიძლია იმის თქმა, რომ „შერიფმა“ ვაჟასთან ერთად აიდგა საფეხბურთო ნაბიჯები.

მაღალი დისციპლინისა და პროფესიონალიზმის ხარჯზე ვაჟა მალევე გახდა მოლდოვური კლუბის კაპიტანი.

„შერიფთან“ ერთად მან მოლდოვის უმაღლესი დივიზიონი 10-ჯერ, მოლდოვის თასი 6-ჯერ, ხოლო, სუპერ თასი 1-ხელ მოიგო.

ჩატარებული მატჩების მიხედვით (443), ვაჟა „შერიფის“ ყველა დროის რეკორდსმენია.

2013 წელს, როცა „შერიფის“ რეკორდსმენმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა, გუნდის მართვა გადაიბარა და დღემდე მოლდოველთა გენერალური დირექტორის პოსტს იკავებს.

მის საპატივსაცემოდ, მოლდოველებმა 5 ნომრიანი მაისური, რომლითაც ვაჟა თამაშობდა, სამუდამოდ ამოიღეს ხმარებიდან და ამით მის შეუცვლელობას გაუსვეს ხაზი. ამასთანავე, 2013 წელს მოლდოვის ბანკმა გამოსცა საკოლექციო ოქროს მონეტა, რომელზეც ვაჟა თარხნიშვილია გამოსახული.

აღსანიშნავია, რომ სწორედ თარხნიშვილის გენერალური დირექტორობის პერიოდში მიაღწია მოლდოვურმა კლუბმა ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მადრიდის „რეალთან“, მილანის „ინტერთან“ და დონეცკის „შახტართან“ ერთად იასპარეზა 2021-2022 წლების სეზონში, სადაც მადრიდის „რეალის“ დამარცხებაც მოახერხა „სანტიაგო ბერნაბეუზე“, ანგარიშით 1-2.

თარხნიშვილის „შერიფი“ დღემდე აგრძელებს წარმატებულ მოღვაწეობას და არა მხოლოდ მოლდოვაში, არამედ ევროპაშიც საკმაოდ ძლიერ და ანგარიშგასაწევ ძალად ყალიბდება ნებისმიერი მეტოქისთვის.

ვაჟა თარხნიშვილის საფეხბურთო სტატისტიკა ასე გამოიყურება:

  • გორის „ქართლი“ – 14 მატჩი, 1 გოლი
  • გორის „დილა“ – 211 მატჩი, 4 გოლი
  • თბილისის „ლოკომოტივი“ – 14 მატჩი
  • ტირასპოლის „შერიფი“ – 443 მატჩი, 19 გოლი
  • საქართველოს ეროვნული ნაკრები – 2 მატჩი
დატოვეთ კომენტარი