ადამიანები ისტორიები

თეატრი, რომლის ისტორია 2 საუკუნეს ითვლის

ქარელის თეატრი, რომელიც კულტურის სახლის შენობაში მდებარეობს, მრავალწლიანი ისტორიის მატარებელია. ის მოყვარულთა დაწესებულებაა და მსახიობებიც მოხალისეობრივად მუშაობენ.

თეატრი მრავალ საინტერესო წელს ითვლის. 1920-1930 წლებში ქარელში იყო ხის კლუბი, რომელშიც სპექტაკლები იმართებოდა. სპექტაკლებს აწყობდნენ გორიდან და თბილისიდან ჩასული მსახიობები. 1939 წელს ქარელის დამოუკიდებელ რაიონად გამოცხადების შემდეგ, კულტურამ კიდევ უფრო აქტიურად მოიკიდა ფეხი და უკვე 50-იან წლებში ქარელს საკონცერტო და თეატრალური სივრცე ჰქონდა. მალევე შეიქმნა პირველი დასიც.

“თეატრალური საზოგადოება ქარელში ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან იკიდებს ფეხს. მაშინდელი კულტურის მოღვაწეები ცდილობდნენ, რომ ცოდნა და განათლება ხალხში ხელოვნების განვითარებით შეეტანათ, განსაკუთრებით ციციშვილები ზრუნავდნენ ამაზე, რაც მალე თეატრის სცენის მოწყობით და წარმოდგენების გამართვით დაგვირგვინდა”, – გვიყვება კულტურის სახლის ხელმძღვანელი ეკა მამულაშვილი და 1986 წლის ჟურნალ “ივერიაში” დაბეჭდილ სტატიას გვიჩვენებს, სადაც ქარელის თეატრზეა საუბარი.

“გორის გარეთ სანატრელ ყოფას ვხედავთ ხალხისას, დღეს გორის ადგილი დაიკავა ახალქალაქმა და ქარელმა, ახალმა თაობამ თავადაზნაურებისამ სულ სხვა მხრივ გაშალა ფრთები, დღეს ქარელმა ყველას აჯობა“, – ვკითხულობთ “ივერიაში”.

ქარელის თეატრის სამოყვარულო სცენაზე დაიდგა, ისეთი საინტერესო სპექტაკლები, როგორიცაა, “ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს, “არადელი”, “კაცია ადამიანი?!”, რომელშიც ლუარსაბის როლს ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი თამაზ ვალიშვილი ასრულებდა.

1970 წელს თეატრმა წარმოადგინა კარლ გუცკოვის ტრაგედია უჩიელ აკოსტა, სადაც ერთ ერთ მთავარ როლს ჩვენი დასის ამჟამინდელი რეჟისორი და მსახიობი ლერი როინიშვილი ასრულებდა. შემდეგ იყო სპექტაკლი “დედამთილი”, მე მაშინ ბავშვი ვიყავი და მახსოვს ხალხის ხანგრძლივი აპლოდისმენტები”, – ამბობს ეკა.

მოსახლეობის ინტერესი კულტურისა და ხელოვნების მიმართ საკმაოდ დიდია, ამიტომ ქარელის სამოყვარულო თეატრს მაყურებელი ყოველთვის ჰყავს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.