ბლოგები

როგორ შევიჩეროთ ცხვირიდან სისხლდენა? – ახალი გამოგონება 

ავტორი: აკაკი გურჯიშვილი, ექიმი

12 წლის ნიკოლოზ ჭანტურიამ და მე ცხვირიდან სისხლდენის შემაჩერებელი ჰიპოთერმული ტომარა ანუ პირველადი სამედიცინო დახმარების სასარგებლო ნივთი – Epistop შევქმენით. “Epistaxis” ლათინური სიტყვაა და  ცხვირიდან სისხლდენას ნიშნავს. 

იდეის ავტორი იყო ნიკოლოზი, მე გახლდით ტექნიკური განმხორციელებელი და ერთად ვქმნიდით პროდუქტს, რომელიც იქნებოდა უსაფრთხო სახის ზედაპირზე გამოყენების შემთხვევაში.

ჩვენი იდეა ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო დეპარტამენტში ახლა რეგისტრაციას გადის, როგორც გამოგონება.

საიდან გაჩნდა იდეა და არის თუ არა უკვე ეს მოწყობილობა ხელმისაწვდომი?

ჩვენ ვისვენებდით ბაკურიანში. მოგეხსენებათ, ჰაერში ტენიანობის მომატებისას ცხვირიდან სისხლდენის რისკი იზრდება და ნიკოლოზსაც ანალოგიური რამ შეემთხვა. ხელთ კი არ გვქონდა ცივი საგანი, (მაცივარში შენახული ყინულის ბურთი, ან სხვა რამ) რასაც მოვათავსებდით ცხვირის ძვალზე. საბოლოოდ გამოვიყენე  საყინულეში შენახული ხინკალი, მოვათავსე პოლიეთილენის ტომარაში და დავადე ცხვირის ძვალზე.

ნიკოლოზმა გააპროტესტა, თუ რატომ არ არსებობდა (ან ეგონა, რომ არ ვიცოდი მითუმეტეს როგორც რეანიმატოლოგმა) სპეციალური სამედიცინო ნივთი ასეთი მდგომარეობისთვის და შემომთავაზა შეგვექმნა ჩვენ, რომელსაც არ დასჭირდებოდა საყინულე განყოფილებაში შენახვა და ნებისმიერ გარემოში გამოიყენებდა სამედიცინო მაშველი.

ჩვენს ბრიტანელ პარტნიორებს მივმართეთ, გაეწიათ რეკომენდაცია ჩვენს მიერ შეთავაზებულ ქიმიურ ნივთიერებაზე, რასაც მოვათავსებდით ტომარაში და საჭიროების შემთხვევაში, გამოვიყენებდით. ანუ იქნებოდა უსაფრთხო თვალის და კანის ზედაპირისთვის შემთხვევით დაზიანების დროს, მყისიერად გაცივდებოდა საჭირო ტემპერატურაზე. მივიღეთ თანხმობა და მათი აღტაცება.   

ტომრის გაჭყლეტის შემთხვევაში ტომარა გარდაიქმნება ყინულად, -0,7 გრადუსამდე ცივდება და შემდგომ  მზადაა ცხვირის ძვალზე მოსათავსებლად. მისი გამოყენება ჭრილობების და ტრავმების შემთხვევაშიცაა შესაძლებელი და აუცილებელიც, რომ არ  განვითარდეს ადგილობრივი შეშუპება და შემცირდეს ტკივილის სინდრომი. რაც ხელს უწყობს დროულ შეხორცებით პროცესს. ასევე შოკური მდგომარეობის თავიდან აცილებას.

ჩვენ ასევე დავიწყეთ ტრავმებისთვის, უფრო მოცულობითი მოწყობილობის დამზადება. ასეთი ტომრები არსებობს, თუმცა ჩვენ მიერ შექმნილი ბევრად იაფი იქნება „ამაზონიდან“ და „იბეიდან“ გამოწერილ ტომრებთან შედარებით. დაწყებული გვაქვს მოლაპარაკება დიდ ბრიტანეთთან პროდუქტის გატანასთან დაკავშირებით და მის განთავსებაზე პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთებში.

Epistop-ის ანალოგი არ არსებობდა. ტომარა უკვე ხელმისაწვდომია, მას თან ანოტაცია და გზამკვლევი ახლავს, მისი შეძენა „პსპ“-სა და „ავერსის“ აფთიაქებშია შესაძლებელი.

ყუთში ასევე არის ბიოუსაფრთხო ტომარა და ბამბის ბურთები, რომელთა გამოყენების შემდეგ ვათავსებთ ამ ტომარაში და თავიდან ვიცილებთ სისხლით გადამდებ დაავადებებს.

“ცხვირიდან სისხლდენის შემაჩერებელი ჰიპოთერმული ტომრის“ გამოყენება

  • თავიდან აგვაცილებს კანის ქსოვილის მოსალოდნელ ტრამვას, რადგან ყველამ ვიცით, რომ  –1 გრადუსზე დაბალი ტემპერატურის ნივთის მოთავსება კანის ზედაპირზე იწვევს კანის ქსოვილის დაზიანებას.
  • მოსახერხებელია როგორც საველე, ისე სამგზავრო, საყოფაცხოვრებო, ქუჩის და სამუშაო პირობებში. არ საჭიროებს მაცივარში შენახვას.
დატოვეთ კომენტარი