ბლოგები

დედის როლი აუტისტი ბავშვის ცხოვრებაში

ავტორი: სოფიო დემურიშვილი

წლების წინ ალბათ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ძალიან ბედნიერი დედა ვიქნებოდი – დედა, რომელსაც აუტისტი შვილი მყავს და მისი წარმატებებით ყოველ დღე  უფრო მეტად ამაყს მხდის.

რა გზა გავიარეთ?

როცა ჩემი შვილი დათა მაისურაძე დაიბადა, მისი განვითარება ჩვეულებრივ მიდიოდა, თუმცა  სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, ორი წლის ასაკშიც კი, საერთოდ არც ერთ სიტყვას არ ამბობდა, არ იყო აქტიური. ძალიან ემოციური და გაღიზიანებული იყო, როცა რამე უნდოდა და თუ ვერ მაგებინებდა, თვითდაზიანებას მიმართავდა. ვფიქრობდი, ზრდასთან ერთად გამოსწორდებოდა მისი ქცევა, მაგრამ ცვლილებები არ ჰქონდა. სამი წლისას ჩავუტარე კვლევა და მიენიჭა კოდი “ფ 84.9”  აუტისტური სპექტრის აშლილობა.

ძალიან განვიცადე. არაფერი ვიცოდი აუტიზმის შესახებ. მეგონა, საშინელება ხდებოდა ჩემს თავს. ვერ ვფიქრობდი, რა უნდა გამეკეთებინა და როგორ… ვუსმენდი ექიმს, თუმცა ნერვიულობისგან  ვერაფერს ვიგებდი.

მივხვდი, რომ სტრესის და ცუდად ყოფნის დრო არ მქონდა, ძალიან ვჭირდებოდი დათას…

დავიწყე ლიტერატურის კითხვა, როგორ ამეყვანა ჩემი თავი ხელში, რა  გზას უნდა დავდგომოდი, რომ შემეძინა უნარები, რითიც ხელს შევუწყობდი დათას, რათა წარმატებული და რეალიზებული ბიჭი გაზრდილიყო.

ჩემს შვილს  ხელი ჩავკიდე  და ვთქვი, მე უნდა შევძლო და ჩემს შვილთან ერთად გავიზარდო!

ჩემი ცხოვრება დავუთმე დათას. დედა რომ დაეძახა, დღეში უამრავჯერ ვუმეორებდი, დათა მე ვარ დედა…  დე-და, დე-და. დათა თვალებში არც მიყურებდა, თითქოს არც მისმენდა, მაგრამ ოთხი წლის ასაკში შეძლო და  დედა პირველად დამიძახა. დაიწყო თითო თითო სიტყვის  სწავლა. ვაჩვენებდი და ვეუბნებოდი,  დათა ეს ვაშლია, ეს ვაშლი წითელია, ეს წითელი ვაშლი მრგვალია. ამასაც მთელი დღის განმავლობაში  უამრავჯერ ვიმეორებდი. ვიგონებდი შემეცნებით თამაშებს, სიტყვები რომ ესწავლა, მასთან ერთად დავრბოდი ქუჩაში, წვიმაში, ტალახში და არ მრცხვენოდა.

სკოლა – ახალი ეტაპი

სკოლის ასაკში ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავედით. დათას უწევდა ახალ გარემოსთან შეგუება. მიუხედავად დიდი სირთულეებისა, ამასაც გავართვით თავი. სკოლაში სრულად მომზადებული დაგვხვდა მისი დამრიგებელი მზია ონიკაშვილი და ყველა თანაკლასელი. ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ დათას კლასში, თავი ბედნიერად ეგრძნო.

თავიდან დაუმორჩილებელი იყო. ამიტომ მეც ვიჯექი მერხთან. ჩემი, სკოლის მასწავლებლების და  სპეციალური მასწავლებლის დიდი ძალისხმევით, მოვახერხეთ, რომ  მეოთხე კლასში ბავშვი დამოუკიდებლად მიდიოდა და მოდიოდა  სახლიდან სკოლაში და სკოლიდან სახლში. 

მე და დათა საათობით ვიჯექით და თამაშ-თამაშით ვასწავლიდი თვლას და  ანბანს. სკოლაში კი თანაკლასელები და მასწავლებლები არ იშურებდნენ ენერგიას დათას მიმართ. 

ბავშვმა  ყველა სირთულე გადალახა… იმხელა პროგრესი აქვს, აღარც გვახსოვს ხოლმე, რა დღეები გავიარეთ. ამ ეტაპზე დათას ქართულად მეტყველება უჭირს, მაგრამ საუბრობს გამართულად რუსულად, ინგლისურად, ესპანურად, უკრაინულად, მე კი სხვა რა გზა მაქვს, სიხარულით ვსწავლობ მასთან ერთად .

დათა ფანტასტიკურად ხატავს და ძერწავს. მეც  მხატვარი ვარ პროფესიით და ძალიან ვუწყობ ხელს. ბავშვი ასევე აქტიურადაა ჩართული სპორტულ აქტივობებში.

ექვსი თვეა, რაც სახელმწიფომ დაგვიფინანსა თერაპია. დავდივართ ფსიქოლოგ ანა ხუტიაშვილტან  და ლოგოპედ თამარ კაკალაშვილთან. მათ მუშაობას ბავშვთან, ძალიან კარგი  შედეგი აქვს.  გარდა იმისა, რომ ანა ხუტიაშვილი ბავშვთან ზედმიწევნით კარგად მუშაობდა, მეც  ბევრი სირთულე დამაძლევინა.

დღეს, დათა წარმატებული ბავშვია.

მინდა აუტისტი ბავშვების მშობლებს ვუთხრა

შეუძლებელი არაფერია. მთვარია ძალისხმევა და მიზანი. დედაზე ძლიერი ფსიქოლოგი შვილისთვის  არ არსებობს.  ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება სამაგალითოა – გახდით ბავშვების თანატოლები მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია სხვადასხვა სივრცეში ადამიანებს აგრესიის მოგერიება, მაინც წაიყვანეთ ყველგან, სადაც უნდთ თქვენს შვილებს.

მესმის, რომ რთულია. მეც ვერ ვუხსნიდი ხოლმე ყველას, რატომ ყვიროდა ჩემი შვილი უმიზეზოდ ქუჩაში, რატომ მირტყამდა და მე რატომ ვიყავი ამ დროს მშვიდად, მაგრამ ვაკეთებდი ყველაფერს ისე, როგორც სჭირდებოდა დათას განვითარებას.

დამიჯერეთ, თუ მოინდომებთ,  დიდი შრომის ფასად, აუცილებლად გახდება თქვენი შვილი წარმატებული.

დატოვეთ კომენტარი