“სოციალურმა აგენტმა ჩემი დანგრეული სახლი ანკეტაში არა სათანადოდ ასახა”, – ამბობს რუზო ცხოვრებაშვილი, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეძაში ცხოვრობს.
როგორც ის “მოზაიკას” უყვება, დღემდე მშობლების დატოვებულ, ავარიულ სახლში ცხოვრობს.
“ღამით რომ ვიძინებ სულ იმის შიში მაქვს თავზე არ ჩამომენგრეს ეს სახლი. სოციალურმა აგენტმა კი ეს დანგრეული სახლი ნაბიჯებით მიზომა სულ. მე იმ პერიოდში მართლა ძალიან მიჭირდა, მაგრამ აგენტმა სახლის მდგომარეობას ყურადღება არც კი მიაქცია. ერთი სიტყვით, საბუთში შეიტანა ისეთი მონაცემები, რომ შედეგად მოვიდა მაღალი ქულა და დახმარებაზე უარი მეთქვა”, – გვითხრა რუზო ცხოვრებაშვილმა.
რუზო დანგრეულ სახლში მარტო ცხოვრობს და მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო პენსიაა.
“მოზაიკა” გთავაზობთ იმ სახლის ფოტოებს, რომელშიც რუზო ცხოვრობს.
ქარელის სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ როდესაც აღნიშნული პიროვნების ანკეტა შედგა, ეს პიროვნება თავიდან ბოლომდე გაეცნო ანკეტის ჩანაწერს და ისე მოაწერა ხელი.
“თუ რამეს არ ეთანხმებოდა, მაშინვე უნდა დაეფიქსირებინა თავისი აზრი და ხელი არ მოეწერა. ჩვენი აგენტების ინტერესებში ნამდვილად არ შედის ვინმეს სოციალური დახმარება, რომ არ დაენიშნოს”, – ამბობენ სააგენტოში.