ბლოგები

როგორ დავამარცხოთ ჭარბწონიანობა?

ავტორი: ანა კენჭუაშვილი

სამედიცინო სფერო სულ მაინტერესებდა, მაგრამ ისე მოხდა პირველადი განათლება სულ სხვა სფეროში მივიღე. წლების შემდეგ კი, გადავწყვიტე შემეცვალა პროფესია და ვისწავლე მასაჟის გაკეთება.

მასაჟი ერთნაირად სასარგებლოა ორგანიზმისთვის, როგორც ჩვილებისთვის, ასევე მოზარდებისა და ზრდასრულებისთვისაც. ის აჯანსაღებს ორგანიზმს და ეხმარება სხვადასხვა პრობლემების დაძლევაში.

როგორ გავუმკლავდეთ ჭარბ წონას ისე, რომ ჯანმრთელობა არ დავაზიანოთ?

ჭარბი წონა ბევრი ადამიანისთვის პრობლემას წარმოადგენს. ამისგან რომ გათავისუფლდეთ, საჭიროა ჯერ მოთმინებით აღიჭურვოთ და ნამდვილად გინდოდეთ, რომ თქვენ თავში რამე შეიცვალოს. ამის შემდეგ კი, სწორედ უნდა დაგეგმოთ ეს პროცესი, რადგან საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადია, იმის გათვალისწინებით, ვის რამდენი კილოგრამის მოცილება სურს. ამისთვის იდეალურია:

  • სწორი, ბალანსირებული კვება;
  • ფიზიკური დატვირთვა;
  • მასაჟი.

ახლა გეტყვით თითოეულს რა როლი აქვს ამ საქმეში.

სწორი ბალანსირებული კვება ყველაზე მნიშვნელოვანია. წარმატების 80% მასზეა დამოკიდებული. ზოგადი რჩევების სახით, შემიძლია გითხრათ:

  • დილა დაიწყოთ ერთი ჭიქა თბილი წყლით;
  • დღის განმავლობაში, სამჯერ ან ოთხჯერ უნდა მიირთვათ საკვები;
  • ულუფა არ უნდა აღემატებოდეს 350/400 გრამს;
  • კვებასა და კვებას შორის აუცილებლად უნდა გქონდეთ სამ საათიანი შუალედი;
  • მიირთვით წყალი აუცილებლად, რადგან ყველა ქიმიურ პროცესში, რაც ჩვენს ორგანიზმში ხდება, წყალი მონაწილეობს.
  • არასდროს გამოტოვოთ საუზმე, გვიანი ვახშამი შეიძლება გამოტოვოთ.

ეს ძალიან მოკლეთ კვებასთან დაკავშირებით. ფიზიკური დატვირთვა ასევე ძალიან საჭიროა, რადგან მოშვებულ კუნთზე რამდენი მასაჟიც არ უნდა გავიკეთოთ, ვერასდროს იქნება კანი გადატკეცილი. ვარჯიში ასევე აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას და აჯანსაღებს მთლიანად ორგანიზმს.

  • მასაჟი ეხმარება ორგანიზმს კანქვეშა ცხიმოვან შრეზე ზემოქმედებით.
  • კანქვეშა ცხიმოვან შრეზე მასაჟი შემოვლითი გზით მოქმედებს, ნივთიერებათა ცვლაზე კი – ზოგადი ზემოქმედების სახით;
  • ის ააქტიურებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და აძლიერებს ცხიმის დეპოებიდან გამოყოფას;
  • მასაჟი ხელს უწყობს ცხიმოვან ქსოვილში ჭარბი რაოდენობით არსებული „ცხიმის წვას“;
  • ანტიცელულიტური მასაჟის საშუალებით, გამოიდევნება კანქვეშა ცხიმი და იდელურია მოშვებული კანის გასამკვრივებლად.

როგორ იშლება ცხიმი და როგორ გამოდის ორგანიზმიდან?

როცა ვახდენთ ლიმფოდრენაჟს, გამოდის ზედმეტი უჯრედშორისი სითხე, ხდება შესაბამისი ზონის სისხლით მომარაგების გაძლიერება, რადგან არ ხდება კომპრესია ზედმეტი სითხის მიერ. ძლიერდება მიკრო ცირკულაცია. შედეგად ჩქარდება ნივთიერებათა ცვლა ცხიმოვან უჯრედში და ქსოვილში, ხდება ე.წ. ცხიმის წვა, სისხლში არსებული სპეციფიკური ფერმენტებისა და ჟანგბადის მიერ. ვიღებთ ცხიმების დაშლის საბოლოო პროდუქტს – ნახშირორჟანგს და წყალს, ხდება ენერგიის გამოთავისუფლება. ნახშირორჟანგი გამოიყოფა ფილტვების მიერ სუნთქვით, ხოლო წყალი შარდთან ერთად თირკმელების მიერ.

დატოვეთ კომენტარი