“სამწუხაროდ, ხაშურის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და კეთილმოწყობის სფეროში დღეის მდგომარეობით არასახარბიელო მდგომარეობაა”, – აღნიშნული ინფორმაცია მოტანილია ხაშურის მერიის სასაფლაოების მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა და სარიტუალო მომსახურების გაუმჯობესების ხელშეწყობის პროგრამის აღწერაში.
დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს ხაშურის მერია ამ მიმართულებით 57 800 ლარს ხარჯავს, თუმცა უწყება აღნიშნავს, რომ მოსახლეობა საფლავისთვის დადგენილ ნორმებს არღვევს, რაც ხელს უწყობს მიწის საკითხებთან დაკავშირებით უამრავი პრობლემის წარმოქმნას.
“ფაქტობრივად ვერ ხერხდება დადგენილი ნორმებისა და წესების დაცვა. განსაკუთრებით თვალშისაცემია გარდაცვლილის ოჯახის წევრებისა და ჭირისუფლების მიერ საფლავისათვის დადგენილი ნორმების დარღვევა და დამატებითი ფართობების დაკავება, ასევე დაგეგმარების გარეშე, ქაოტურად საფლავების მოწყობა, რაც თავის მხრივ იწვევს მიწის საკითხებთან დაკავშირებით უამრავი პრობლემის წარმოქმნას”, – განმარტავს უწყება.
დოკუმენტში მოტანილია ინფორმაცია საფლავებთან დაკავშირებული კიდევ ერთი პრობლემის შესახებ. მერია აცხადებს, რომ დღის წესრიგში დგას საფლავების დაზიანება ამორტიზირებული ხეების დაწოლით, რასაც ემატება შიდასაკვარტალო გზების მოუწყობლობა და ეკალ-ბარდებით მოფენილი, არარეგულარული დასუფთავებითა და მოუვლელობით განპირობებული საერთო მდგომარეობა.