ავტორი: ნინო ფსუტური
ზრუნვა ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყოს, რადგან ჯანმრთელობისთვის საზიანო ცხოვრების სტილის სათავე ბავშვობაში და განსაკუთრებით, მოზარდობის პერიოდშია საძიებელი. ამერიკელმა მკვლევარებმა გამოყვეს 6 სახის ქცევა, რომლებიც იწვევენ ავადობას. მათ შორის ერთ-ერთი კი არაჯანსაღი კვებაა.
რა პროდუქტები უნდა შევიტანოთ კვების რაციონში, რომ არასწორი კვებიდან სწორ კვებაზე გადასვლას შევუწყოთ ხელი. ჩამონათვალი რა თქმა უნდა უსასრულოდ დიდია, თუმცა შეგვიძლია გამოვყოთ სამი ისეთი პროდუქტი, რომელიც ნაკლებ პოპულარულია, მაგრამ ძალიან სასარგებლო. ჩვენ ბაზარზე ადვილად ხელმისაწვდომია და არც ისე ძვირი ღირს.
ავოკადო
ავოკადო-დიდი ხანი არ არის, რაც ავოკადო ანტიოქსიდანტების შემცველობის წყალობით სიმსივნის მკვლევართა ყურადღების ცენტრში მოექცა. ამასთან ერთად, ანტიოქსიდანტები აძლიერებს და იცავს იმუნურ სისტემას. მონოუჯერი ცხიმები ელასტიკურობას მატებს უჯრედის მემბრანას, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე, ამცირებს გულის ინფარქტის, ინსულტისა და სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. ამაში მონოუჯერ ცხიმებს E და C ვიტამინებიც ეხმარება, რომლებიც ავოკადოში საკმაოდ ბევრია.
თუ ავოკადოს რეგულარულად მიიღებთ, არტერიულ წნევას ბუნებრივი გზით მოიწესრიგებთ.
ავოკადოში შემავალი ცხიმები აუმჯობესებს საკვები ელემენტების ათვისებას, რადგან ზოგიერთი ვიტამინის ასათვისებლად ცხიმია საჭირო. A, E, K და D ვიტამინები სწორედ ცხიმში ხსნადია. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ავოკადოიანი სალათიდან ორგანიზმი 17-ჯერ უკეთესად ითვისებდა ბეტა კაროტინს. ასე რომ, ბოსტნეულთან ავოკადოს კომბინირება ნამდვილად ღირს.ნაწლავების გამართული მუშაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უჯრედისი. 100 გ ავოკადო 6-7 გ უჯრედისს შეიცავს. თუ უჯრედისის მინიმალური სადღეღამისო ნორმა 30 გ-ია, ერთი ცალი ავოკადოდან მისი 1/3-ს მიიღებთ.
გაგიკვირდებათ და ავოკადო, რომელსაც კარაქის მსხალსაც უწოდებენ, ხელს უწყობს წონის კლებას, რადგან დიდი ხნით ანაყრებს. ეს მასში შემავალი ჯანმრთელი ცხიმების დამსახურებაა, რომლებიც ორგანიზმს ნელ-ნელა აწვდის ენერგიას და ცხიმოვან ქსოვილში არ ლაგდება. როცა მიღებული კალორიები ნელა იწვის, შიმშილის გრძნობაც გვიან ჩნდება.
ავოკადოში შემავალი ანტიოქსიდანტი ლუთეინი აუცილებელია თვალების ჯანმრთელობისთვის. მისი რეგულარული მიღება საგრძნობლად ამცირებს ხანდაზმულ ასაკში მხედველობის ორგანოს დაავადების რისკს.
მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავები კანს ტონუსის შენარჩუნებაში ეხმარება, ეპიდერმისში აკავებს ტენს და მის სიმკვრივეს და სიჯანსაღეს უზრუნველყოფს. E ვიტამინი კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს, C ვიტამინი კი ხელს უწყობს ელასტინისა და კოლაგენის ბოჭკოების წარმოქმნას, რის შედეგადაც კანი უფრო მეტხანს რჩება ელასტიკური. ასე რომ, ავოკადო შესანიშნავი ანტიასაკობრივი საშუალებაც არის.ავოკადო დაღლილობას, სტრესსა და უძილობასაც უხდება.
ჩია
ჩიას თესლს მაიასა და აცტეკების ოქროსაც უწოდებენ, რადგან ის მათი მთავარი საკვები იყო, თანაც იმდენად ფასეული, რომ გადახდის საშუალებადაც კი იყენებდნენ. უკანასკნელ წლებში, ჩიას თესლი მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარული გახდა და დღეს მრავალი ადამიანის ყოველდღიურ რაციონშია.
მასში თავმოყრილია იმ ნივთიერებათა უმრავლესობა, რომლებიც ორგანიზმს სჭირდება – ესენციური ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები, ვიტამინები, ანტიოქსიდანტები, მინერალები.
ჩიას თესლის ხანგრძლივი მიღება
- აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას,
- აქვეითებს არტერიულ წნევას, აძლიერებს გულის კუნთს,
- აქვეითებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს და საუკეთესოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისთვის.
- ანთების საწინააღმდეგო თვისების გამო, კარგია ართროზის დროს.
- ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ჯანმრთელი ნაწლავური ფლორის ჩამოყალიბებას.
- უხდება გულძმარვას და უძილობას.
- აჩქარებს უჯრედების რეგენერაციას და ამით ანელებს დაბერების პროცესს.
- აჯანსაღებს თმასა და ფრჩხილებს.
- ენერგიის საუკეთესო წყაროა დიაბეტიანებისა და სპორტსმენებისთვის, ხელს უწყობს კუნთების ზრდას.
ერთი ჩაის კოვზი ჩიას თესლი ორგანიზმს 24 საათის განმავლობაში ამარაგებს ენერგიით.
სატაცური
იმის გარდა, რომ სატაცური გემრიელი დელიკატესია, მას მრავალი სასარგებლო თვისება აქვს, ორგანიზმი ადვილად ითვისებს, დაბალკალორიულია, შეიცავს С, Е, А, В1, В2, В9, РР ვიტამინებს, მაკრო და მიკროელემენტებს – თუთიას, კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, ცილებსა და ნახშირწყლებს.
სატაცური მდიდარია ანტიოქსიდანტებით. მასში შემავალ ნივთიერებებს გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, სიმსივნის საწინააღმდეგო და არტერიული წნევის მარეგულირებელი მოქმედება.
უჯრედისით მდიდარი საკვები ხელს უწყობს ისეთი დაავადებების განვითარების რისკის შემცირებას, როგორებიცაა: დიაბეტი, გულის დაავადებები და ჰიპერტენზია.