ბლოგები

როგორ დავბრუნდი თბილისიდან სოფელში და როგორ გავაშენე სანერგე მეურნეობა?

ავტორი: გრიგოლ ბერიკაშვილი

პროფესიით ინჟინერი ვარ. წლების განმავლობაში, ჩემი პროფესიით ვიმუშავე, დაწყებული რიგითი თანამშრომლის პოზიციიდან ხელმძღვანელის პოზიციამდე, ვიყავი გორის სამშენებლო ლაბორატორიის უფროსიც.  90-იან წლებში ყველაფერი აირია, ორგანიზაციებმა ფუნქციონირება შეწყვიტეს, არ შევეგუე უმუშევრობას და  ჩემი აგრო ბიზნესი წამოვიწყე. მაშინ არც ეს საქმე აღმოჩნდა მომგებიანი და სოფლის მეურნეობას დავუბრუნდი. ვამუშავებდი ჩემს ბაღებს და რეალიზებას ვუკეთებდი მოსავალს.

4 შვილის მამა ვარ. მაშინ შვილები მოსწავლეები იყვნენ, ვაჟი კომაროვის სკოლაში ჩაირიცხა. გადავწყვიტე ყველაფრისთვის თავი დამენებებინა და დედაქალაქში გადავსულიყავი საცხოვრებლად. ვფიქრობდი, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მშობელმა უნდა გააკეთოს, შვილების განათლების ხელშეწყობაა. არც შევმცდარვარ. მე და ჩემ მეუღლემ საკმაოდ განათლებული შვილები გავზარდეთ.

სოფელში გავიზარდე, ბავშვობიდან აქტიური შეხება მქონდა ბუნებასთან,  მცენარეების შესახებ ყველა ინფორმაცია მაინტერესებდა, ვკითხულობდი ბევრს, ვსწავლობდი, ვრგავდი და ვუვლიდი, თითოეული ჩემი გაზრდილი მცენარე, როგორც სულიერი არსება, ისე მიყვარდა. დღესაც ასე ვარ.

დედაქალაქში ცხოვრებისას გადაწყვეტილი მქონდა, შვილებს სწავლას დამთავრების შემდეგ, როცა საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებდნენ, აუცილებლად უნდა დავბრუნებულიყავი და ჩემი წვლილი შემეტანა ბუნების გადარჩენაში. ეს ალბათ იმანაც განაპირობა, რომ ყოველდღიურად ვხედავდი, როგორ იჭრებოდა ათასობით ხე.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად შვილების დიდი წინააღმდეგობისა, საცხოვრებლად სოფელში, ბებნისში დავბრუნდი. ჯერ მარადმწვანე მცენარეების ნერგების გამოყვანა დავიწყე, შემდეგ  ფუტკარი შევიძინე და მათი კვებისთვის თაფლოვანი მცენარეებითაც დავინტერესდი,  გავამრავლე ცაცხვი. ვრგავდი, სადაც შესაძლებელი იყო და ვჩუქნიდი ყველას, ვისაც სურვილი და შესაძლებლობა ჰქონდა რომ დაერგო. შემდეგ თუთუბოს ნერგები გამოვიყვანე, შემდეგ პავლოვნია, მრავალფეროვნებისთვის ვაშლი, კაკალი, ლავანდა და სხვა ნერგებიც მოვამრავლე.

ნერგის გამოყვანას ორი გზით ვახდენ, დათესვით და დამყნობით.  კაკლის ნერგები ძირითადად დათესვით გამომყავს ხოლმე. მეთოდოლოგია ჩემით ვისწავლე. მთლიან კაკალს ჯერ ვაფესვიანებ, შემდეგ მიწაში ვრგავ და კონტეინერული სისტემით ვზრდი.  ამ საქმეს  ისე შევეჩვიე, უკვე ნიადაგის ტემპერატურას გაზომვის გარეშე ვგრძნობ.  ჩემი ნერგებით სხვებიც დაინტერესდნენ და შეძენის მსურველებიც გამომიჩნდნენ.  

მცენარეების კონტეინერული წესით გაზრდა წესად ვაქციე. ის დადებითი თვისება აქვს, რომ წელიწადის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი მისი გადარგვა. ასე გადავაქციე ჩემთვის საინტერესო საქმე მცირე ბიზნესად.

შარშან კი პირველად თესლით გამოვიყვანე კორეული მცენარე  ევოდია, რომლის ყვავილი განსაკუთრებით სასარგებლოა ფუტკრის კვებისთვის. მისი გამოყვანა საქართველოში ჯერ მასიურად არ ხდება, თუმცა ზოგიერთ ოჯახში რამდენიმე ძირი მინახავს. კომპეტენტური ადამიანები უკვე დაინტერესდნენ და ახლა იმაზე ვმუშაობთ, რომ მეტი პოპულარიზაცია მოვახდინოთ ამ  მცენარის, რათა კიდევ უფრო სასარგებლო თვისებების თაფლი მიიღონ მეფუტკრეებმა.

დატოვეთ კომენტარი