ავტორი: მაიკო ბალიაშვილი
უკვე სამი წელია, რაც იტალიაში ემიგრანტი ვარ. წასვლამდე საბავშვო ბაღში ვმუშაობდი. 300 ლარი მქონდა ანაზღაურება. პოლიტიკური შეხედულებების გამო, ჩემი ოჯახის წევრები სამსახურებიდან გაათავისუფლეს. მივხვდი, მეც მომიწევდა უსამსახუროდ დარჩენა. ასეც რომ არ მომხდარიყო, 300 ლარით ოჯახი ელემენტარულ საჭიროებებს ვერ დავიკმაყოფილებდით.
რა დავინახე ევროპაში?
ძალიან ბევრი განსხვავება ვნახე ჩვენი და ევროპელი მოქალაქეების ცხოვრებას შორის. იტალიაში 80 წლის ადამიანები მოხუცებად არ ითვლებიან. თავს საკმაოდ მხნედ გრძნობენ და თავისი პენსიით ყველანაირი საჭიროების უზრუნველყოფა შეუძლიათ.
ჯანდაცვის სერვისები
იტალიის მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის ყველა სერვისი უფასოა. სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ მოქალაქეებმა ყველა საჭირო კვლევა ჩაიტარონ და თუ არ ჩაიტარეს, შესაძლოა დაჯარიმდნენ კიდეც. ისინი პენსიით ახერხებენ დამხმარეები დაიქირაონ და ფიზიკური დატვირთვა შეიმსუბუქონ.
საქართველოში მედიკამენტები იმდენად ძვირია, რომ მოხუცებს პენსია არ ჰყოფნით. დედაჩემის პენსია 260 ლარია და სრულად წამლების შეძენას ხმარდება.
აქაური გადმოსახედიდან, ჩვენი მოხუცების გამო, ბევრჯერ მტკენია გული. ხშირად თვალწინ დამიდგება ხოლმე “ლიბერთი ბანკის” რიგში მდგომი ბებიები და ბაბუები, შვილიშვილის სწავლის საფასურის გადასახდელად სესხის აღება რომ უნდათ. იციან, იმ დღის შემდეგ, შემოსავლის გარეშე მოუწევთ ყოფნა და დამტკიცებული სესხი მაინც უხარიათ.
ჩემი იტალიელი ნაცნობი, 76 წლის ანტონიეტა და მისი მეზობელი, 83 წლის იდა, კვირაში ორჯერ აუზზე დადიან, გუშინ საღამოს ლუდის ფესტივალზეც წავიდნენ.
რატომ მინდა საქართველო ევროკავშირში?
იტალიაში საკვების პრობლემა არ არის, კვირაში ერთხელ სანოვაგეს უპრობლემოდ ყიდულობს ყველა.
აქ არ არსებობს მიუწვდომელი სურვილი, ყველა საჭირო ნივთის შეძენას მარტივად ახერხებენ.
იტალიის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის მინისტრების ვინაობა და არც ინტერესდება. მაღალი თანამდებობის პირები მუდმივად მოქალაქეების გვერდით არიან, ესაუბრებიან საჭიროებებზე და ამისთვის მადლობას უხდიან.
ქუჩაში ყველა ბედნიერი ღიმილით გხვდება. წარმოიდგინეთ, ამ მაგალითების პარალელურად, რა ხდება საქართველოში და მიხვდებით, რატომ მინდა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. მინდა, ჩვენთანაც მოგვარდეს შიმშილის, სიღარიბის, ჯანმრთელობის და გამოხატვის თავისუფლების პრობლემები, რის გამოც, მე და ჩემი ოჯახი დისკრიმინაციის მსხვერპლნი გავხდით.