გორის მერიის კულტურის სააგენტოს კიდევ ერთი თანამშრომელი ამხილეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში. საუბარია სააგენტოს პროექტების მენეჯერზე, რომელმაც 26 მაისისთვის განხორციელებული შესყიდვიდან “ატკატი” გააკეთა.
“ეს ეხება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისათვის შეძენილ ფოიერვერკს. როგორც აქ ამბობენ, ვისგანაც ფოიერვერკი შეიძინა, იმან თანხის ნაწილი უკან დაუბრუნა”, – უთხრეს “მოზაიკას” სააგენტოს თანამშრომლებმა.
ამ საკითხზე “მოზაიკა” სააგენტოს დირექტორის მოადგილეს ჯერ კიდევ 3 დღის ესაუბრა, რა დროსაც დავით დარბაიძემ თქვა, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა.
“არ ვიცი, რა ხდება. არანაირი უწყისი ჯერ არ ჩაგვბარებია. უბრალოდ ამ თანამშრომელმა შვებულება მოითხოვა და დავუკმაყოფილეთ”, – გგვითხრა დარბაიძემ.
შვებულებაში მყოფი თანამშრომლის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე გაიმართა. არსებული მდგომარეობიით, ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და სწორედ ამის საფუძველზე, სასამართლომ ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
“გაუთქმელობის ხელკშერულებაზე მაქვს ხელი მოწერილი. დეტალებს ამიტომ ვერ გეტყვით, თუმცა ვადასტურებ, რომ 5 000 ლარიანი გირაო შეეფარდა”, – უთხრა “მოზაიკას” ადვოკატმა თამარ თედლიაშვილმა.
რადიო “მოზაიკამ” გაარკვია, რომ 26 მაისისთვის კულტურის სააგენტომ ფოიერკვერი ინდ.მეწარმე ნიკოლოზ აბრამიშვილისგან შეიძინა და ამისთვის 2 202 ლარი გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ იგივე სააგენტომ ნიკოლოზ აბრამიშვილსგან ფოიერვერკი გასულ წელსაც შეიძინა, რისთვისაც 3 000 ლარი გადაურიცხა.