ბლოგები

რა უნდა ვიცოდეთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ?

ავტორი: სოფიო ქურთაული, ადვოკატი 

ადვოკატი ვარ, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ვმუშაობ. ძალიან ხშირად მომმართავენ მოქალაქეები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო – ხშირად ისე ირღვევა მესაკუთრის უფლებები, თავად ვერც კი ხვდება, რადგან არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ. ამიტომ გადავწყვიტე საჯარო ბლოგი სწორედ ამ საკითხების უკეთ გაცნობისთვის დამეწერა.

მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობასთან დაკავშირებული საკითხები ძირითადად ორი აქტით წესრიგდება:

  • 1. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი
  • 2. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს №261 დადგენილება. 

დავიწყოთ იმით, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობაში  გვხვდება ორი ცნება: ინდივიდუალური საკუთრება და საერთო საკუთრება. 

ძალიან ზოგადად რომ განვმარტოთ, ინდივიდუალური საკუთრება არის ის, რაც მხოლოდ თქვენ გეკუთვნით ანუ კორპუსში მდებარე ბინა თქვენი ინდივიდუალური საკუთრებაა, ხოლო საერთო საკუთრება – ამხანაგობის ყველა წევრის საკუთრებაა ერთდროულად ანუ საინჟინრო ქსელები, კიბის უჯრედი, სხვენი, სარდაფი, კორპუსს მიკუთვნებული ეზო, სახურავი და ა.შ. ამხანაგობის ყველა წევრს ერთობლივად გეკუთვნით.

იმისათვის რომ იყოთ ამხანაგობის წევრი, საკმარისია მრავალბინიან სახლში საკუთრებაში გქონდეთ ბინა ან/და არასაცხოვრებელი ფართი.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ყველა მესაკუთრის გაერთიანებაა. თითოეულ მესაკუთრეს უფლება გაქვთ მიიღოთ მონაწილეობა ამხანაგობის წესდების დამტკიცებაში, ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევაში, ამხანაგობის წევრთა კრებებში, რაც შეეხება ამხანაგობისათვის მნიშვნელოვან საკითხებს, მაგალითად: საერთო ქონების გაქირავება, სარეკლამო აბრის განთავსება, სადარბაზოების და ლიფტების მოვლა–პატრონობა, მუნიციპალიტეტთან ურთიერთობა, ამხანაგობის თავმჯდომარისგან ანგარიშის მოსმენა, ამხანაგობის წევრისთვის საერთო ქონებიდან ნაწილის საკუთრებაში გადაცემა და ა.შ.  

ამხანაგობის თითოეულ წევრს უფლება გაქვთ კრებაზე წამოჭრათ საკითხები, რაც კორპუსისთვის მნიშვნელოვანია. ამხანაგობის ყველა წევრს აქვს უფლება ჰქონდეს სრული და სწორი ინფორმაცია ამხანაგობის მიერ გაღებულ ხარჯებზე. ამ ინფორმაციის მოთხოვნის უფლება ამხანაგობის თავმჯდომარისგან გაქვთ.

ყველა წევრი ანუ ყველა მესაკუთრე ვალდებული ხართ გაუფრთხილდეთ და იზრუნოთ ამხანაგობის საერთო ქონებაზე.

ალბათ იცით, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები გადაწყვეტილებებს ხმის უფლებით იღებენ, რასაც შემდეგ წერილობით შედგენილ კრების ოქმში ხელმოწერით აფიქსირებენ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხელის მოწერით თქვენ ეთანხმებით ამხანაგობის მიერ გადაწყვეტილ საკითხს, ხოლო ხელმოწერაზე უარით – უარს ამბობთ შემოთავაზებულ საკითხზე თანხმობის გაცემაზე.

პრაქტიკაში გვხვდება შემთხვევები, რომ ამხანაგობის წევრებს ხელი აქვთ მოწერილ კრების ოქმზე, თუმცა არ ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, ტუ რას მოაწერეს ხელი. მსურს იცოდეთ, რომ ამხანაგობის ყველა წევრს უფლება გაქვთ ხელმოწერამდე დეტალურად გაარკვიოთ რას და რატომ აწერთ ხელს.

ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებული იყოთ, რომ ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული ქონების (მაგალითად: სხვენი, სარდაფი, ეზოს ნაწილი, ავტოფარეხი და ა.შ.) ამხანაგობის წევრზე გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ ამხანაგობის ყველა წევრის 100%–იანი თანხმობით, რაც გამოიხატება კრების ოქმზე ხელმოწერაში. ხშირია შემთხვევები, როდესაც ამხანაგობის წევრები, რომლებიც ენდობიან თავმჯდომარეს, წაუკითხავად აწერენ ხელს კრების ოქმზე, რომლითაც მოგვიანებით აღმოაჩენენ, რომ პირობითად ავტოფარეხი გადასცეს საკუთრებაში ამხანაგობის სხვა წევრს. ამიტომ ყოველთვის წაიკითხეთ დოკუმენტი ხელმოწერამდე, რადგან შემდგომში იმის მტკიცება ძალიან რთულია, ხანდახან შეუძლებელი, რომ არ იცოდით, რა დოკუმენტს მოაწერეთ ხელი.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონი გაძლევთ უფლებას, რომ თუ არ ეთანხმებით ამხანაგობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, მიმართოთ სასამართლოს.

იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ სამართლებრივი დავა ან გაუგებრობა ამხანაგობის წევრებს შორის, ჩემი რჩევაა, დასაწყისშივე, ვიდრე ხელს მოაწერთ კრების ოქმს, გაიაროთ კონსულტაცია კვალიფიციურ იურისტთან, რომელიც მოგცემთ დროულ და სწორ რჩევას, როგორ იმოქმედოთ, რათა თქვენი უფლებები იყოს დაცული და, ამავდროულად, არ დაარღვიოთ სხვა პირთა უფლებებიც. 

დროული ინფორმირებულობა დაგიცავთ მომავალში შესაძლო გართულებებისგან და დაგოზოგავთ დროს და ფინანსებს. ადვოკატთან წინასწარი კონსულტაცია ყოველთვის გონივრული არჩევანია.

თუ გსურთ ჩემ შესახებ მეტი ინფორმაციის გაგება, შეგიძლიათ ეწვიოთ ჩემი კომპანიის S Consulting Law Firm ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/SConsultingLawFirm ან ლინკდინ პრატფორმას: https://www.linkedin.com/in/sophio-kurtauli/ . ჩვენთან პირველადი კონსულტაცია უფასოა!

დატოვეთ კომენტარი