ბლოგები

რას ნიშნავს ჩემთვის მასწავლებლობა?

ავტორი: ლელა პაპაშვილი

წინასიტყვაობა

მე ლელა პაპაშვილი დავიბადე ძალიან განათლებულ ოჯახში, სადაც თაროები სავსე იყო მხატვრული ლიტერატურით. ყველა კითხულობდა, მეც…

ერთ დროს ძალიან შეძლებული ოჯახი, ჩემი ბავშვობის მოგონებებში ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდა. იმდენად ხელმოკლედ, რომ პირველკლასელ ლელას, კალიგრაფიის რვეულის არქონის გამო, მუდამ უწევდა მასწავლებლის ყვირილის თავჩაღუნული მოსმენა. ბედის ირონიაო ხომ გაგიგიათ? ზუსტად ასეა ჩემი თავგადასავალი. მაშინ, როცა უკვე პირველ კლასს ვასრულებდით, მიყიდეს ის ავადსახსენებელი რვეული და მე, ამჟამად უკვე დაწყებითი კლასების მასწავლებელმა, არ ვიცოდი, როგორ დამეწერა საწერ ბადეში და მახსოვს, ისე მძაფრად და გულსაკლავად მახსოვს, ჩემმა კლასელმა შემივსო რამდენიმე გვერდი…

ძალიან განათლებულ ოჯახში ვიყავი… მუდამ კროსვორდებს ვავსებდით, რუკაზე სრუტეებს, ყურეებს, კუნძულებსა და ნახევარკუნძულებს ვეძებდით… მამაჩემმა ყველაფერი ზეპირად იცოდა, ყველაფერი ახსოვდა… სულ კითხულობდნენ და მეც ვკითხულობდი.

სკოლის წიგნები არ მქონდა, ამიტომაც მზეში,  თოვლსა თუ წვიმაში დავდიოდი მინიმუმ ოთხ კლასელთან მაინც, რომ მეთხოვა, ძალიან სწრაფად მესწავლა, რომ მალევე უკან დამებრუნებინა. იმდენჯერ მომისმენია მათი მშობლების ფრაზა: „შენი წიგნებით ლელა სწავლობს და შენ რამ გამოგაშტერა?!“, „წიგნები მაინც გიტაროს სკოლაში, სულ რომ გეთხოვება“ , „შენ არ გჭირდება, მას რომ ატან?“ და ა.შ. ძალიან განვიცდიდი, მაგრამ ვიცოდი – უნდა მესწავლა.

უმაღლესში გრანტით ჩავაბარე. მამიდასთან გავატარე სტუდენტობა, რეპეტიტორობა დავიწყე, დილის 10 საათიდან უკვე მოსწავლესთან ვიყავი, შემდეგ უნივერსიტეტში გავრბოდი, მერე ისევ მოსწავლესთან. ტრანსპორტში ყოფნისას ვსწავლობდი, ღამეს ვათენებდი, გამოცდისთვის დილის 6 საათზე ვდგებოდი და ასე ვმეცადინეობდი, სტიპენდიასაც ვიღებდი… მაგისტრატურაზეც 100%-იანი გრანტი ავიღე… მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზეც პირველ 30 მასწავლებელს შორის მოვხვდი…

ჩემი სკოლიდან ხშირად მახსენდება, დაფასთან მხოლოდ ის ხვდებოდა, რომელიც მასწავლებელთან ემზადებოდა. ჩემი საშინელი გამოცდილება უდიდესი სტიმულია ჩემთვის – ვიყო სამართლიანი, შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობით სავსე მასწავლებელი.

ყველაფერი ბავშვობიდან იწყება

„ყველაფერი ბავშვობიდან იწყება“ – მაშინ, როცა ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხისთვის უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ასეთი გასაოცარი სახელწოდება ჰქონდა ერთ-ერთ საგანს. ჩემს შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ასე დაიწყო… ბავშვობის უსაყვარლესი თამაში რეალობად ვაქციე.

2019 წლიდან ვასწავლი ქალაქ კასპის „შპს ბესიკ ნიპარიშვილის“ მ/პ სკოლა-გიმნაზიაში, დაწყებითი კლასების მასწავლებლად.

პირველი სვლა მოსწავლეთა ინტერესების შესწავლა იყო. ჩამოვაწიკწიკე მათი სახელები პატარა ფურცლებზე და ჩვენებური „ლატარიის“ თამაში დავიწყეთ, ყოველ დღე ერთი მათგანი მასწავლებელი ხდებოდა, ერთად ვქმნიდით დავალებებს, შეფასების მეთოდებს ვარჩევდით. გავაკეთეთ სურვილების ანონიმური ყუთი, რომელშიც ისინი თავიანთ იდეებს ათავსებდნენ, კვირის ბოლოს განვიხილავდით და მაქსიმალურად ვცდილობდით ერთად გადაგვეწყვიტა.

ყოველ ორშაბათს, ისევ „ლატარიის პრინციპით“ მოსწავლეებს „ურიგდებათ“ ადგილები, რომ მათ არ ეგონოთ წინა ადგილებზე ჯდომა – პრივილეგია. თითქმის არასოდეს ვჯდები სკამზე და ჩემი ხმა არასოდესაა მონოტონური, რომ არ ჩათვალონ მასწავლებლის მაგიდის წინ ჯდომა – „დამსახურებად“.

„ყველაფერი ბავშვობიდან იწყება“ – დაწყებითი კლასების მასწავლებელმა ეს ფრაზა ყველაზე უკეთ უნდა გაითავისოს. ყველა წვრილმან დეტალს შეუძლია გადატრიალების მოხდენა, დაღის დასმა ან წარმატების მოტანა.

სახლიდან თარო მოვიტანე, მეუღლეს დავაკიდებინე კლასის კუთხეში. მალე აივსო მოსწავლეების მიერ მოტანილი წიგნებით და ასე გვექცა ოთახი „მინიბიბლიოთეკად“. სულ ვეუბნები მშობლებს, აუცილებელია მოსწავლის დაინტერესებისთვის წიგნიერი გარემო, შედეგმა კი მოლოდინს გადააჭარბა. მათი ინტერესი იმაზე დიდი იყო, ვიდრე მოველოდი. ყოველ დასვენებაზე აუცილებლად ჰყავდა ერთი სტუმარი მაინც ჩემს თაროს. დღემდე მთხოვენ წიგნის სახლში გატანებას, არდადეგების დროს კი – გამოწერას. ჩემი პატარები კითხულობენ მხატვრულ ლიტერატურას!

2019-2020 სასწავლო წლის პირველი სემესტრი დავტვირთეთ ღონისძიებებით, პოეზიით, სპექტაკლებით…მათემატიკა რომ უფრო სახალისო გამეხადა ვიგონებდი რებუსებს, „გასაშიფრ“ტექსტებს, ლოგიკურ ამოცანებს.

ჩემი უჯრა ივსებოდა მოსწავლეების წერილებით, ისინი მუდამ აღნიშნავდნენ, რომ ერთი სული ჰქონდათ სკოლაში წამოსულიყვნენ, რადგანაც ყოველი გაკვეთილი საინტერესო და სახალისო ჰქონდათ. არ მქონდა უფლება მოვდუნებულიყავი. ამიტომაც, ყოველ საღამოს ჩემი გონება მუდმივად ახალი იდეების ფიქრშია გახვეული.

როგორ გავუმკლავდი დისტანციური სწავლებას?

ჩვენი ცხოვრება გამოწვევებითაა სავსე. ყოველი დღე რაღაც ახალს გვიმზადებს (თუ გაგვიმართლებს – საინტერესოსაც). ახალბედა მასწავლებელს, ერთი სემესტრის შემდეგ, მომიწია დისტანციური სწავლების ფერხულში ჩაბმა. თუმცაღა, სანამ ზუმის პლატფორმაზე გადავიდოდით, სოციალურ ქსელში შევქმენი დახურული ჯგუფები, სადაც მოსწავლეებისთვის, მათ მშობლებს ვუტვირთავდი დავალებებს (რომ არ მოდუნებულიყვნენ). ჩამოვაყალიბე ლოგიკური მათემატიკის წრე და ონლაინ რეჟიმში ვუტარებდი გაკვეთილებს ვასწავლიდი, როგორ ამოეხსნათ ლოგიკური ამოცანები, რებუსები, სუდოკუ და ა.შ.

დისტანციური სწავლება პირველ ეტაპზე ძალიან დიდ შრომას, ძალისხმევას მოითხოვდა – ყოფილა შემთხვევა, მოსწავლეს არ ჰქონდა ტექნიკა, რომლითაც დაესწრებოდა გაკვეთილზე და მიწევდა, მისთვის პერსონალურად, დავალებების განსხვავებულ ფორმატში მიცემა; ხშირად ჩამიტარებია დამატებითი გაკვეთილები მოსწავლეთა ინტერნეტისა თუ ტექნიკური გაუმართაობის გამო, რათა არ ჩამორჩენილიყვნენ სასწავლო პროცესს.

თუმცა მთლიანობაში, დისტანციურმა სწავლებამ მოგვცა საშუალება უამრავი ალტერნატივა მოგვეძებნა იმისთვის, რომ საგაკვეთილო პროცესი დახვეწილი და სრულფასოვანი ყოფილიყო. პანდემიის პირველივე თვეს, ონლაინ ღონისძიება გავმართეთ – „ პოეზია გვილამაზებს სამყაროს“; ვიწვევდით სხვადასხვა პროფესიის სტუმრებს გამოცდილების გასაზიარებლად. ყველაზე შთამბეჭდავი  პირველი სტუმარი, ბავშვებისთვის უსაყვარლესი მწერალი ვასილ გულეური იყო.  რომლის ლექსებზე მოსწავლეებმა თეატრალიზებული  ვიდეოები ჩაწერეს, რამაც ავტორი ძალიან აღაფრთოვანა. ბავშვებმა  უამრავი საინტერესო კითხვა დაუსვეს და მონათხრობს დღემდე მონუსხულები იხსენებენ.

დისტანციურ რეჟიმში გვყავდა მოწვეული მოგზაური, რომელმაც  ისლანდიაში მოგზაურობის დროს თავისი გადაღებული გეიზერების, ვულკანებისა და ოკეანის ვიდეოები გაუზიარა მოსწავლეებს. ხომ წარმოგიდგენიათ მათი ანთებული თვალები და პირს მომდგარი აურაცხელი კითხვა?!

ნებისმიერი საგნის შესასწავლად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეების განწყობას. მე, როგორც ფსიქოლოგი, ვცდილობ გავითვალისწინო ეს გამოცდილება. ძალიან მინდა, არაფერი შემეშალოს, მშობლებს მუდამ ვთხოვ ერთმანეთს გავუზიაროთ შეხედულებები, ერთად დავგეგმოთ და მოვიფიქროთ პრობლემის გადაჭრის გზები, რათა ბავშვის განვითარებისთვის უკეთესი შედეგი მივიღოთ.

აუცილებელია, თითოეული მშობელი აქტიურად იყოს ჩართული მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში, რათა მოსწავლემ იგრძნოს ოჯახის მხარდაჭერა. მშობლების აქტიური ჩართულობა ზრდის მოსწავლეთა პასუხისმგებლობას – „ყველაფერი ბავშვობიდან იწყება“, ამიტომაც მსურს, თითოეული ქცევა მასწავლებლისა და მშობლის, მიმართული იყოს მოსწავლის პოზიტიური განვითარებისკენ.

ერთხელ აღვნიშნე: ჩემთვის, ცოდნისა და პასუხისმგებლობის, საქმის ერთგულებისა და ბავშვების მიმართ სიყვარულის, მუდმივი განვითარებისა და სიახლეების ძიების დაუსრულებელი წყურვილის სინთეზია მასწავლებლობა. ყველა მასწავლებელს ვუსურვებ, გამოცხადებული ნდობის გამართლებას, პროფესიულ წინსვლასა და საინტერესო მოღვაწეობას.

დატოვეთ კომენტარი