სტატიები

რა პროექტები განცხორციელდება ხაშურში სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში

ხაშურის მერიამ საზოგადოების მონაწილეობითი ბიუჯეტი დაამტკიცა.

პროექტის მიზანია, თემში მოქალაქეების საჭიროებებზე დაფუძნებული ბიუჯეტის დაგეგმვა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეების უშუალო მონაწილეობით შემუშავდება და განისაზღვრება ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსახორციელებელი პროექტები.

გამარჯვებული პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილი თანხა შეადგენს 152 921 ლარს სურამისთვის, 73 340 ლარს ქვიშხეთისთვის და 73 739 ცხრამუხისთვის.

“2022 წლისთვის მერიამ პრიორიტეტად შეარჩია ინფრასტრუქტურა შესაბამისად, იდეის შემოტანა შეიძლებოდა ინფრასტრუქტურულ თემაზე. ამ ეტაპზე კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ სურამში, ქვიშხეთში, ან ცხრამუხაში რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელსაც კენჭისყრის მომენტისთვის შეუსრულდა 18 წელი”, – განმარტავს მერია.

ხაშურის მერიის ცნობით, პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა, რაც საპროექტო იდეების წარდგენას გულისხმობდა.

“განსახილველად შემოსულია 153 საპროექტო იდეა. აქედან 44 იდეა ქვიშხეთიდან, 32 იდეა – სურამიდან, ხოლო ყველაზე მეტი – 77 საპროექტო იდეა ცხრამუხიდან“, – ამბობენ ხაშურის მერიაში.

უწყების ცნობით, საპროექტო იდეები ძირითადად საგზაო, კულტურულ-დასასვენებელი და სპორტული ინფრასტრუქტურის, ასევე წყლის სისტემის მოწესრიგებას ეხება.

“უახლოეს პერიოდში, არგუმენტირებული დასკვნების მომზადების შემდეგ, საბჭო გამოაცხადებს იდეებს, რომლებიც გადასულია კენჭისყრის ეტაპზე. კენჭისყრა მიმდინარე წლის 4-5 ივნისს ჩატარდება“, – განმარტავენ ხაშურის მერიაში.

ინფორმაციისთვის, 2022 წლის სამოქალაქო ბიუჯეტისთვის გათვალისწინებულია 300 000 ლარი.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.