ხაშურში სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის კვების ობიექტი გაიხსნა – სასადილო 30 ადამიანს მოემსახურება.
ობიექტის გახსნის ინიციატივა სამოქალაქო აქტივისტს, ზაზა მეხრიშვილს ეკუთვნის.
“ხშირად მირეკავდნენ და მწერდნენ ადამიანები, როლებსაც საკვები პროდუქტები სჭირდებოდათ. თავიდან მომივიდა იდეა, რომ ანგარიში გამეხსნა და დარიცხული თანხით ამ ადამიანებისთვის საკვები პროდუქტები მეყიდა, თუმცა საბოლოოდ ეს საკითხი ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარემდე მივიტანე და ერთობლივი შრომით, სასადილოს გახსნა მოვახერხეთ”.
როგორც მეხრიშვილი “მოზაიკასთან” ამბობს, რომ ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე მისი ინიციატივის სპონსორია.
“საკრებულოს თავმჯდომარე ლევან გამკრეკელი ბიზნესმენიცაა და მისი ოჯახის დახმარებით, მოვიძიეთ შენობა, ვიყიდეთ ინვენტარიც და პირველ ეტაპზე ვგეგმავთ 30 ადამიანის მიღებას. აქ მოსულ ადამიანებს შეეძლებათ, როგორც ადგილზე სადილობა, ასევე საკვების გატანაც”.
თუ ვინ ისარგებლებს სასადილოს მომსახურებით, ამას ზაზა მეხრიშვილი გადაწყვეტს.
“ამ სოციალურად დაუცველ ადამიანებს მე შევარჩევ, რადგან მაქვს ინფორმაცია, თუ ვის უჭირს ყველაზე მეტად. თითოეულ ადამიანზე ვანგარიშობთ დაახლოებით 3 ლარს. ეს იმაზე მეტია, ვიდრე სახელმწიფო პროგრამებით გაკეთებულ ობიექტებს აქვთ გათვლილი. იქ თითო კაცზე 1 ლარი და 80 თეთრია გამოყოფილი.”.
მეხრიშვილის თქმით, მენიუში იქნება ხორციანი კერძებიც,
“გვექნება კოტლეტი, გუფთა და სხვა ხორციანი საკვები. ამ ინიციატივას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ხალხი მიკავშირდება და მთავაზობს დახმარებას. იმედია უახლოეს პერიოდში, გავფართოვდებით და უფრო მეტ გაჭირვებულ ადამინს დავეხმარებით”.