ახალი ამბები

თაღლითური სქემა კასპში და მითვისებული 2 მილიონამდე ლარი

საქართველოს პროკურატურა ამერიკელ კოლეგებთან ერთად იძიებს თაღლითურ სქემას, რომელიც ეხება კასპში დარეგისტრირებულ კომპანიას.

პროკურატურის ცნობით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ.

“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხოური კომპანიების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა საქართველოში საწარმო დააფუძნეს და საბანკო ანგარიშები გაუხსნეს”, – აცხადებენ პროკურატურაში.

არსებული ინფორმაციით, საწარმო ამერიკის და საქართველოს მოქალაქეებმა კასპში დაარეგისტრირეს.

“დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, 2020 წლის მაისი-ივლისის პერიოდში, დაზარალებულებს გამოგონილი ე.წ. წარმატებული ბიზნესსაქმიანობის ფარგლებში, თითქოსდა საინვესტიციოდ განკუთვნილი 600 000 ევრო მოტყუებით საბანკო ანგარიშებზე ჩაარიცხინეს”, – განმარტავს პროკურატურა.

ინფორმაციისთვის, ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით დაიწყო, რაც თაღლითობას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც ცნობილია, დაყადაღებულია დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების და მათი საწარმოების საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხები, ბრალდებულების საკუთრებაში არსებული ოთხი ძვირადღირებული უძრავი ქონება და ორი ავტომანქანა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.