ახალი ამბები

მძღოლობის კანდიდატები პრაქტიკულ მეცადინეობას გორის ქუჩებში შეძლებენ

25 აპრილიდან “B” და “BE” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა. კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, დახურულ მოედანზე სპეციალური მანევრების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი გადაინაცვლებს მეორე ეტაპზე – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.

სპეციალისტი გია გიორგაძე განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობის ჩაბარება ორეტაპიანი გახდა, მოქალაქეებს კანონით მიეცათ უფლება იმ ქუჩებზე იმოძრაონ, რაც მუნიციპალიტეტმა გამოყო.

“დახურულ მოედანზე, როგორც ხდებოდა მეცადინეობა, ასე მოხდება ახლაც. მათ, ვისაც გამოცდის ჩაბარებამდე ენდომებათ პრაქტიკის სწავლა, ისინი იმეცადინებენ იმ გზებზე, რომელიც მუნიციპალიტეტმა გამოყო. გამოცდის ჩაბარებაც მოუწევთ იგივე მარშრუტით და ამაზე არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ. როგორც აქამდე იყო, მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი იქნება მათ გვერდით და ასე გაივლიან გამოცდას”, – ამბობს გია გიორგაძე.

ინფორმაციისთვის, მძღოლობის კანდიდატი პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასვლას, პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან არაუგვიანეს 15 დღის შემდეგ შეძლებს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები