ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში რეორგანიზაცია დასრულდა. სააგენტოს იურისტის განმარტებით, პროცესის დასრულების შემდეგ, სამსახურის მიღმა 3 თანამშრომელი დარჩა.
“განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები. ჩვენთან იყო ორი განყოფილება: ბავშვთა კვების, ჰიგიენის და სკოლამდელი აღზრდის განვითარების განყოფილება, ასევე ადმინისტრაციული განყოფილება.რეორგანიზაციის შედეგად, გაუქმდა ეს ორი განყოფილება და ჩამოყალიბდა ახალი სტრუქტურული ერთეულები. ესენია იურიდიული სამსახური და საფინანსო-შესყიდვების სამსახური. გარდა ამისა, მენეჯერის მოადგილის ერთი შტატი გაუქმდა”, – განმარტა ნუგზარ კოჭლაშვილმა.
არსებული ინფორმაციით, ადმინისტრაციის განყოფილების უფროსმა გიორგი ბერუაშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. რეორგანიზაციის შედეგად, გათავისუფლდა სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორის მოადგილე სოსო ვანიშვილი და ბავშვთა კვების, ჰიგიენის და სკოლამდელი აღზრდის განვითარების განყოფილების უფროსი მარინე სურამელი.