ფრაქცია “გორი საქართველოსთვის” სხდომაზე მერიის შიდა აუდიტის ხელმძღვანელი არ მივიდა.
გახარიას გუნდის წევრებს გორის საკრებლოში კითხვები ჰქონდათ მერიის შიდა აუდიტის სამსახურთან კულტურის სააგენტოში მომხდარი მოვლენების შესახებ.
ფრაქციის წევრი, მერაბ გოხელაშვილის თქმით, მათ სურდათ მოესმინათ მოხსენება თამარ ზურაბაშვილისგან გახმაურებული საქმეების შესახებ.
” ჩვენ გვქონდა კითხვები, რომლებიც ჩვენს მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებს ეხებოდა, ეს არის “ბიტკოინების საქმე” და “ტოტალიზატორების საქმე”. ველოდებოდით გორის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს, რომელიც არ გამოცხადდა სხდომაზე. გვქონდა კითხვები, რა პროსები განხორციელდა აუდიტის სამსახურში, მასშემდეგ რაც გახდა ცნობილი ბიტკოინების საქმის შესახებ, ასევე რა გააკეთეს “ტოტალიზატორების საქმესთან” დაკავშირებით და საერთოდ, აღმოუჩენიათ თუ არა რაიმე სახის კორუფციული სქემა ნებისმიერ ა(ა)იპ-ში. სამწუხაროდ ამ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ, რადგან არ მობრძანდა აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი”, – გვითხრა მერაბ გოხელაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ფრაქცია “გორი საქართველოსთვის” აღნიშნულ კითხვებთან დაკავშირებით საკრებულოს მორიგ სხდომაზე გორის მერის მოწვევას აპირებს.