გორის რაიონულ სასამართლოში ხილის უნებართვო დაკრეფის გამო ნაცემი ბავშვის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა.
სასამართლომ ბავშვის უფლებადამცველთა შუამდგომლობაზე იმსჯელა. ბავშვის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იცავს.
“ადვოკატი ითხოვდა ბავშვისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას – კერძოდ, ბრალდებულსა და დაზარალებულ ბავშვს შორის კონტაქტის დაუშვებლობას. ამ მიზნით ბრალდებულის დასწრების გარეშე ბავშვის დაკითხვას. ასევე ბავშვის დისტანციურ დაკითხვას ნეიტრალური გარემოდან – ადვოკატის მითითებით ასეთ ნეიტრალურ გარემოს წარმომადგენდა ის სივრცე, სადაც ბავშვმა ფსიქოთერაპიული მომსახურება მიიღო” , – განმარტავს ორგანიზაცია, რომელიც დაზარალებულების ინტერესებს იცავს.
როგორც ცნობილია, აღნიშნულ საქმეზე 2021 წლის 15 ოქტომბერს გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბავშვის ადვოკატის მოთხოვნა და პროკურატურას დაავალა ბავშვის დაზარალებულად ცნობა ერთი მეპატრონის მხრიდან ბავშვის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, ხოლო მეორე მეპატრონის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტზე.
ბავშვის უფლებადამცველი ორგანიზაცია განმარტავს, რომ პროკურორი სრულად დაეთანხმა ბავშვის ადვოკატის შუამდგომლობას. ხოლო ბრალდებულის ადვოკატები არცერთ მოთხოვნას დაეთანხმნენ.
მოსამართლე დავით მაკარაძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაზარალებული ბავშვის ადვოკატის შუამდგომლობა და განსაზღვრა ბავშვის დაკითხვის პროცედურა.
“ბავშვის დაკითხვა ჩატარდეს დახურულ სასამართლო სხდომაზე, ბავშვი დაიკითხოს ბრალდებულის დასწრების გარეშე, დისტანციურად იმ სივრციდან სადაც ფსიქოთერაპიული მომსახურება მიიღო”, – განმარტა მოსამართლემ.
არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ბავშვის დაკითხვის აღნიშნული სტანდარტი მართალია აუმჯობესებს აქამდე არსებულ პრაქტიკას, თუმცა PHR არ ეთანხმება, სასამართლოს განმარტებას საკანონმდებლო ჩანაწერის არ არსებობის გამო ბავშვის ჯვარედინი დაკითხვის შეზღუდვის შეუძლებლობაზე.