სტატიები

სოსიაშვილი უნივერსიტეტის 3 თანამშრომელთან საუბარს სადეპუტატო საქმიანობად თვლის

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი სადეპუტატო საქმიანობის განსახორციელებლად ყოველთვიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 750 ლარს იღებს.

ბოლო 3 თვის განმავლობაში სოსიაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრებად ჩათვალა – უნივერსიტეტის რექტორის მოადგილესთან, უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტთან ან სხვა თანამშრომლებთან ჩატარებული შეხვედრები.

შეხვედრების ოქმებში, რომელიც სოსიაშვილმა საკრებულოს წარუდგინა, ძირითადად, სწორედ უნივერსიტეტის თანამშრომლები არიან მითითებული იმ მოქალაქეების გრაფაში, რომელსაც სოსიაშვილი, როგორც საკრებულოს წევრი ისე შეხვდა.

მაგალითისთვის, სოსიაშვილი საკრებულოსთან წარდგენილ დოკუმენტაციაში მიუთითებს, რომ გასული წლის 14 დეკემბერს ჰქონდა მოსახლეობასთან შეხვედრა გორის უნივერსიტეტში.

“შევხვდი სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მოსახლეობას, ამომრჩეველს ჰქონდა საკრებულოსთან თხოვნა რიგ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც დაფიქსირებულია შესაბამის აქტში” , – აღნიშნულია დოკუმენტში.

შესაბამის აქტში კი მითითებულია, რომ “მოსახლეობამ” განიხილა სტუდენტთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის საკითხი. “მოსახლეობაში” სოსიაშვილი მის თანამშრომლებს გულისხმობს. ოქმს ხელს აწერს:

ალექსანდრე მღებრიშვილი – უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე;

მაია მელანაშვილი – რექტორის აპარატის უფროსი;

იოსებ ენუქაშვილი – სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და მხარდაჭერის სამსახური.

გარდა ამისა, გიორგი სოსიაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრად ჩათვალა, მის მშობლიურ სოფელ დიცში, ძველი ახალი წლის წინა პერიოდში ერთ-ერთ ოჯახში სტუმრობა. ოქმში მითითებულია, რომ “მოსახლეობამ” დიცში სკვერის მოწესრიგება ითხოვა. ოქმს ხელს აწერს ერთი ოჯახის სამი წევრი: ბეჟანი რომელაშვილი, ზაირა ბესტაევი და გიორგი რომელაშვილი.

ჯამში, სოსიაშვილმა 3 თვის განმავლობაში მოსახლეობასთან 9 შეხვედრა ჩაატარა, რომლიდანაც მხოლოდ 3 შეხვედრის დასწრების ოქმი აქვს ჩაბარებული საკრებულოსთვის. აღნიშნულ 3 შეხვედრაზეც ძირითადად უნივერსიტეტის თანამშრომლები ფიგურირებენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.