სტატიები

ვინ და რის სანაცვლოდ დახარჯა ფული ქარელში ამომრჩევლის მოსყიდვაში? 

ამომრჩევლის მოსყიდვისთვის ქარელის მუნიციპალიტეტში ორ მილიონამდე ლარი იმ ბიზნესმენმა დახარჯა, რომელსაც “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნახევარ მილიარდამდე ლარი აქვს მიღებული. აღსანიშნავია, რომ სლავა შერაზადიშვილმა სახელმწიფო ტენდერების უმრავლესობა საეჭვო გარემოებებში, დაბალი კონკურენციით, ავანსის მიღებით, მაღალი ფასთაკლებით და მასზე მორგებული გამოცდილების მოთხოვნით მოიგო. 

ოფიციალურ შეხვედრებზე არ უვლია, თუმცა პარტიის საარჩევნო შტაბში დადიოდა და ყველამ იცის, რომ ხალხს სწორედ მისი ფული დაურიგეს“, – უთხრეს “მოზაიკას”. 

ფულის დარიგების გარდა, წინასაარჩევნო პერიოდში სლავა შერაზადიშვილი აფინანსებდა სხვადასხვა ღონისძიებებს, რომელთა მიზანი “ქართული ოცნების” სასარგებლო აგიტაცია და მოქალაქეთა მხარდაჭერის მოპოვება იყო. 

მაგალითად, წინასაარჩევნო პერიოდში, 13 სექტემბერს მისი დაფინანსებით ჩატარდა სოფელ ძლევიჯვარში ჭიდაობის ტურნირი, სადაც საპრიზო ფონდი 175.000 ლარი იყო. მანვე დააფინანსა ტურნირის შემდეგ გამართული “ღამის შოუს ბენდის” კონცერტიც. არჩევნებამდე სამი კვირით ადრე კი, “ერისიონის” და “რეზო და ბავშვების” კონცერტი ჩაატარა აგარაში. მუსიკალური ღონისძიების სავარაუდო ხარჯი 40 000 ლარია. 

ვინ არის სლავა შერაზადიშვილი და რა კავშირი აქვს “ქართულ ოცნებასთან”?

სლავა შერაზადიშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ცხოვრობს. ის ქარელის მერის, ზაზა გულიაშვილის მეგობარია. მათი მეგობრობა სპორტული კარიერიდან დაიწყო და მოგვიანებით, საერთო ბიზნეს-პოლიტიკური საქმიანობით გაგრძელდა. 

ეს პირველი წელი არაა, როცა შერაზადიშვილი “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიას აფინანსებს. წინა არჩევნებზეც იგივე ხდებოდა“, – ამბობენ ადგილობრივები. 

მმართველი პარტიის კამპანიების დაფინანსების პარალელურად, სლავა შერაზადიშვილის შემოსავლები იზრდება – 2013-2024 წლებში, მისმა კომპანიამ “საბა კონტრაქშენმა” საქართველოს ბიუჯეტიდან 559 714 543 ლარი მიიღო. 

აქედან მხოლოდ გასულ წელს: 

  • დაბალი კონკურენციის პირობებში 12 805 400 ლარი მიიღო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან;
  • დაბალი კონკურენციის, კომპანიაზე მორგებული გამოცდილების მოთხოვნების და ავანსის გაცემის პირობებში, 15 374 192 ლარი მიიღო დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსგან
  • დაბალი კონკურენციის, კომპანიაზე მორგებული გამოცდილების მოთხოვნების და ავანსის გაცემის პირობებში, 2 741191.13 ლარი მიიღო  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან

მსგავსი საეჭვო გარემოებები იკვეთება იმ ტენდერებშიც, რომლებიც სლავა შერაზადიშვილის კომპანიას წინა წლებში აქვს მოგებული. 

სლავა შერაზადიშვილმა, 2020 წელს  უკონკურენტოდ მოიგო ქარელის მერიის ტენდერიც, მუნიციპალური აუზის ასაშენებლად, რისთვისაც ქარელის ბიუჯეტიდან 5 588 995 ლარი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ სლავა შერაზადიშვილის კომპანიის მიერ შესრულებულ სამუშაოებს ხარვეზებიც დაუდგინდა, რამაც აუზის გახსნის პროცესი გააჭიანურა, თუმცა ამას ქარელის მერია ბუნებრივ მოვლენად წარმოაჩენდა. 

აუზის შემოწმების დროს დადგინდა ხარვეზები. ასეთი რამ ნებისმიერი მშენებლობის დროს ხდება“, – აცხადებდა ქარელის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი ალექსი ჯოჯიშვილი. 

ხარვეზები გამოუვლინდა “განახლებული რეგიონების” ფარგლებში, ქარელში შესრულებულ იმ სამუშაოებსაც, რისთვისაც “საბა კონტრაქშენმა” დაფინანსება მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიიღო. 

მაგალითად, რეაბილიტაციიდან 3 თვეში საფეხმავლო ბილიკზე არასწორად დაგებული ფილები აყარეს და ახლიდან დააგეს. არასწორად შესრულებული სამუშაოების გამო, კი თამარ მეფის ქუჩაზე მცხოვრები ნინო ელიაშვილს საცხოვრებელი და კომერციული ფართი დაეტბორა. უხარისხოდ შესრულებული აღმოჩნდა საცხოვრებელი კორპუსების გარეფასადებიც. მოსახლოება ჩიოდა, რომ წვიმის დროს, ბინებში წყალი შესდიოდათ. 

ამავე თემაზე: დაზიანდა სახურავი, პანდუსი, გახმა მცენარეები – “განახლებული რეგიონების” შედეგები ქარელში

ოპოზიციის თქმით, შერაზადიშვილის შემოსავლები და გავლენები საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის მფარველობით იზრდება. 

სლავა შერაზადიშვილი და ზაზა გულიაშვილი, ორივე ანზორ ჩუბინიძის კლანს წარმოადგენენ, რის გამოც განუსაზღვრელი ძალაუფლება და გავლენები აქვთ. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ შერაზადიშვილი ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს და ბიუჯეტუდან მილიონებს იჯიბავს. ხოლო როცა პარტიას სჭირდება, მონაწილეობს ამომრჩევლების მოსწყიდვაში და ზეწოლაში. აი, ასეთმა ოლიგარქებმა დაინაწილეს რეგიონები და ჩაატარეს რუსული სპეცოპერაცია სახელად” არჩევნები 2024“, – ამბობს კოალიციის “ერთიანობა” წარმომადგენელი ანო ბალიაშვილი. 

ქარელში, სწორედ ამ კავშირებს ასახელებენ იმის მიზეზად, რომ სლავა შერაზადიშვილის და საბიუჯეტო დაწესებულებების საეჭვო ურთიერთთანამშრომლობებით შესაბამისი უწყებები არ ინტერესდებიან. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.