2024 წლის 28 მაისს საქართველოს პარლამეტნმა ე.წ. გამჭირვალობის კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და საბოლოოდ დაუჭირა მხარი საქართველოს ევროინტეგრაციისთვის დამაზიანებელ კანონს. აღნიშნული კანონის მიღებას ორი თვეა საქართველოს ასიათასობით მოქალაქე აპროტესტებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ.
ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ემიგრანტები პერიოდულად მართავენ საპროტესტო აქციებს საქართველოს საელჩოებთან და სოლიდარობას უცხადებენ დანარჩენ მოქალაქეებს. ამ პროცესში აქტიურობენ ქალები.
| “წინასაარჩევნო პერიოდიც და უშუალოდ არჩევნების დღეც გადამწყვეტი იქნება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“
“ეს არის ღირსების შემლახავი კანონი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელიც სრულიად უგულებელყოფს პერსონალური ინფორმაციის დაცვას, ზრდის სტიგმატიზაციის საფრთხეს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – აქრობს ევროკავშირის წევრობის და მასთან დაკავშირებული სიკეთეების პერსპექტივას“, – ამბობს კატო ქოთოლაშვილი, რომელიც მეორე წელია ამერიკაში ცხოვრობს.
კატო საქართველოში ცხოვრების დროს სხვადასხვა ორგანიზაციაში მუშაობდა, მათ შორის საჯარო სამსახურშიც. ის ასევე, სამოქალაქო აქტივიზმითაც იყო დაკავებული. წლების განმავლობაში, მონაწილეობდა ისეთ პროექტებში, რომლებსაც ევროპული ქვეყნების დაფინანსებით, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში ახორციელებდნენ.
კატოს ახლა რთულად წარმოუდგენია, როგორ შეიძლება გაგრძელდეს იმ სიკეეთეების კეთება, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებდა. ის თვლის, რომ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ამ პროცესებში მომავალი არჩევნებია.
“წარმოუდგენელია ამ რეალობასთან შეგუება, ამიტომ წინასაარჩევნო პერიოდიც და უშუალოდ არჩევნების დღეც გადამწყვეტი იქნება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან განვიცდი და მედარდება, თუ როგორ განვითარდება არჩევნებამდე პერიოდი, რა კონკრეტული ღონისძიებები აქვს ხელისუფლებას დაგეგმილი, როგორ გავუმკლავდებით დანარჩენი საზოგადოება, რამდენად ნაკლებდამაზიანებელი იქნება ორგანიზაციებისთვის, მოქალაქეებისთვის და ა.შ. ასეა თუ ისე, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იგრძნოს ამ პროცესზე პასუხისმგებლობა, ვისაც, სად რა შეუძლია – ისე“, – ამბობს კატო.
კატო არჩევნებზე მისვლას და ხმის მიცემას აპირებს. იგივეს ურჩევს ემიგრაციაში მყოფ სხვა ქართველებსაც.
“უკვე გავეცანი ინფორმაციას, თუ როგორ ხდება საკონსულო აღრიცხვა და სიაში რეგისტრაცია. რადგან საკმაო დროა იქამდე, ჯერ არ გამივლია პროცედურები, წესით ხელი არაფერმა არ უნდა შემიშალოს. როგორც ემიგრანტს, პირველად მიწევს არჩევნებში მონაწილეობა და დაზუსტებით ვერ გეტყვით, რამე თუ იქნება დამაბრკოლებელი. სავარაუდოდ, ვაშინგტონში მომიწევს ხმის მიცემა, ყველაზე ახლოს (ჩემი ქალაქიდან 4 საათის გზაზე). იქ იქნება უბანი გახსნილი“, – გვითხრა კატომ.
| “ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ხმა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ”
“კანონი, რომელიც ჩვენმა რუსულმა მთავრობამ მიიღო, სრულიად დააშორებს საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს. საქართველო ასე ახლოს არასოდეს არ ყოფილა ევროინტეგრაციასთან. გვეუბნებიან მოდით, ოღონდ ამ კანონის გარეშეო!”, – ამბობს ნიდერლანდებში მცხოვრები გორელი ემიგრანტი, მაია ადუაშვილი.
მომავალ არჩევნებს მაიაც გადამწყეტად მიიჩნევს, როცა საბოლოოდ გამოჩდნება, რა ბედი ელის საქართველოს პოლიტიკურ კურს – გაგრძელდება ევროკავშირისკენ სვლა თუ ქვეყანა რუსეთის მარწუხების პირისპირ მარტო აღმოჩნდება.
“2024 წლის არჩევნები, ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაბრუნებლად. ემიგრაციას დიდი როლი აქვს ამ პროცესებში. გაიხსენეთ პოლონეთის მაგალითი, როდესაც ემიგრაციამ გადამწყვეტი როლი ითამაშა პრორუსული მთავრობის დამარცხებაში. აუცილებელია, რომ იყოს დიდი აქტივობა, როგორც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით, რათა “ქართულმა ოცნებამ” ვერ შეძლოს არჩევნების გაყალბება. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ხმა, რომ ქვეყანა დავუბრუნოთ ევროპაში ინტეგრირების კურს“, – ამბობს მაია.
მაიას მიაჩნია, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ათასობით ქართველისთვის აუცილებლად უნდა გაიხსნას დამატებითი საარჩევნო უბნები, რათა თითოეულ მოქალაქეს მიეცეს საშუალება საკუთარი ხმა დააფიქსიროს.
“ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საბერძნეთი, თურქეთი, იტალია და ამერიკის შეერთებული შტატები, ქართული ემიგრაციის დიდი ნაწილი ცხოვრობს. აუცილებელია დამატებითი უბნების გახსნა. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ხელისუფლება არ აპირებს ამის გაკეთებას. აუცილებელია, რომ ყველა ემიგრანტმა, გადაამოწმოს “ცესკოს” გვერდზე ინფორმაცია იმის შესახებ, იმყოფებიან თუ არა საკონსულო აღრიცხვაზე. სხვა შემთხვევაში ვერ მოხვდებიან საარჩევნო სიაში და ვერ მიიღებენ ხმის მიცემის უფლებას. მე, არასოდეს მქონია ხმის მიცემის პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის სამი ათეული წელია ვცხოვრობ ნიდერლანდების სამეფოში, ვრჩები ჩემი ქვეყნის მოქალაქედ”, – ამბობს მაია.
| “მინდა დავბრუნდე ევროპულ საქართველოში”
“ნებისმიერი ქმედება, რომელიც გვაახლოებს ავადსახსენებელ რუსეთთან, ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისთვის არის ყოვლად მიუღებელი და სამარცხვინო. სადაც არ უნდა ვიყო, ყველგან ვცდილობ ამის ხმამაღლა დაფიქსირებას, იქნება ეს საქართველო, ევროპა თუ ამერიკა”, – ამბობს ეთო ბეგლარაშვილი.
ის ერთ-ერთია იმ მოქალაქეებიდან, ვინც რუსულ კანონს ჯერ კიდევ გასულ წელს აპროტესტებდა და ემიგრაციაში წასვლამდე სხვა მოქალაქეებთან ერთად რუსთაველზე იდგა.
“შარშანდელი მოვლენების დროს, როდესაც პირველად დაიწყო ამ კანონის მიღებაზე საუბარი, აქტიურად ვიყავი ჩართული წინააღმდეგობის გამოსვლებში და მიუხედავად იმისა, რომ სრულიად მარტო ვიყავი, ჩემს 5 წლის შვილთან ერთად მაინც შევძელი რამოდენიმეჯერ აქციაზე დგომა. იქ, სადაც იდგა ჩემი ქვეყანა“, – გვითხრა ეთომ.
ეთო ბეგლარაშვილი 6 თვეა ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. ამბობს, რომ ემიგრაციაში ყოფნა მისთვის დროებითია და სამომავლო გეგმები კვლავ საქართველოსთან ასოცირდება.
“ამ ეტაპზე ვარ ემიგრაციაში, მაგრამ არა სამუდამოდ. ჩემი სამომავლო გეგმები, ჩემი ოჯახის ცხოვრება ისევ საქართველოსთან არის დაკავშირებული, დაბრუნების პერსპექტივით. რა უნდა მოხდეს, რომ მე საქართველოში დაბრუნება არ მომინდეს, მაგრამ რუსული კანონის მიღების შედეგად გარუსებული ჩემი ქვეყანა ყველაზე მტკივნეული იქნება ჩემთვის, რადგან ეს კანონი სპობს ყველანაირ ევროპულ პერსპექტივას, ღირსეულ ცხოვრებას, განათლებას და სიბერეს.”
ეთო ახლა ამერიკიდან ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და სწამს, რომ საზოგადოების ბრძოლა ევროპული მომავლისთვის, გამარჯვებით დასრულდება, რადგან ფიქრობს, რომ შეუძლებელია თავისუფლებისთვის ბრძოლა უშედეგო იყოს.
მასალა მომზადდა პროექტის “ქალები საერთო მიზნისთვის” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” ახორციელებს “ქალთა ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით.