სტატიები

რა საფრთხეს უქმნის რუსული კანონი ძალადობის მსხვერპლ ქალებს და გოგონებს?

რუსული კანონის ამოქმედება დაცვის და მხარდაჭერის გარეშე დატოვებს ქალებს და გოგონებს, – ამბობენ ის ადამიანები, რომლებიც წლებია ქალების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გაძლიერებისთვის მუშაობენ. 

იურიდიული მომსახურება, ფსიქოლოგიური დახმარება, პროფესიული და არაფორმალური განათლება, დასაქმება და ეკონომიკური გაძლიერება – ეს ის სერვისებია, რომლებსაც ქალებს, საერთაშორისო გრანტების დახმარებით, საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები სთავაზობენ. 

“ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ჩვენი ორგანიზაციების გაქრობის შემდეგ, პრაქტიკულად ქალები და გოგონები დარჩებიან ყველა იმ სერვისის გარეშე, რომლებსაც აქამდე სრულიად უსასყიდლოდ ვაწვდიდით”. 

ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი მნიშვნელოვნად გააურესებს ქალთა უფლებრივ მდგომარეობას ქვეყანაში. 

| “ისევ ჩვეულ ამბად იქცევა ქალზე ძალადობა და ქალები გახდებიან დაუცველები”

“სამართლიანი არჩევნების” იურისტი თეა თედლიაშვილი ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობით, ერთი მხრივ, ძალადობის მსხვერპლ ქალებს მიეწოდებათ ყველა საჭირო სერვისი და მეორე მხრივ, ძალადობაზე ჯანსაღი მიდგომის ჩამოყალიბებას ეწყობა ხელი. 

ჩვენს ქვეყანაში ქალების მიერ ძალადობის მოთმენას ძირითადად განაპირობებს დაბალი განათლება. არასამთავრობო ორგანიზაციები, წლებია, ცდილობენ რომ ეს პრობლემა მოაგვარონ და ქალებს მიაწოდონ ინფორმაცია საკუთარი უფლებების და დაცვის მექანიზმების შესახებ. ამის მიუხედავად, გენდერული ნიშნით ძალადობა და ფემიციდი კვლავ გამოწვევად რჩება. შესაბამისად, ადვილი წარმოსადგენია, რა მოხდება, თუ ქალთა მხარდამჭერი სერვისები გაქრება“, – ამბობს თედლიაშვილი. 

| “ქვეყანაში გაიზრდება ფემიციდის და სუიციდის შემთხვევები”

ძალადობის მსხვერპლი ქალების და გოგოების მხარდასაჭერად, არაერთ პროექტი და პროგრამა ხორციელდება გორშიც.  “შიდა ქართლის ფემინისტური მოძრაობის” დამფუძნებელი ნინო ჩიბჩიური ამბობს, რომ NGO სექტორის ჩამოშლა ქალებს და გოგონებს ძალადობის თუ ეკონომიკური პრობლემების პირისპირ სრულიად დაუცველებს დატოვებს.

ვეღარავინ გაუწევს მათ უფასო იურიდიულ კონსულტაციას. აღარ იქნება პროექტები, სადაც ისინი რომელიმე პროფესიას დაეუფლებიან, ვეღარავინ იზრუნებს მათ გაძლიერებასა და დახმარებაზე, რათა დამოუკიდებლად უზრუნველყონ შვილების აღზრდა-განვითარება. კრემლისგან დაკოპირებული და ქართულად ნათარგმნი კანონით,  ქალები იძულებულები იქნებიან, ან შეეგუონ და თავი შეაკლან ძალადობრივ გარემოს, ან გამოვიდნენ ქუჩაში და ყველაფრის გარეშე დარჩნენ, ისე რომ ამ ყველაფერზე ხმის ამომღები აღარავინ ეგულებოდეთ“, – აღნიშნავს ჩიბჩიური.

| “კანონი ქალებს გაუჩენს დაუცველობის შეგრძნებას”

რუსული კანონის ამოქმედების შემთხვევაში, არასამთავრობო ორგანიზაციების შეუფერხებელი და თავისუფალი მუშაობა შეუძლებელი გახდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი კანონის მე-8 მუხლია, რომლითაც სახელმწიფო უფლებამოსილია ორგანიზაციისგან და მასთან დაკავშირებული ადამიანებისგან მოითხოვოს ნებისმიერი სახის პერსონალი ინფორმაცია. 

ორგანიზაციებს გააჩნიათ კონკრეტული ბაზები, სადაც მათი ბენეფიციარების შესახებ ინახება ინფორმაცია. ამ კანონის მიხედვით, სახელმწიფოს აქვს უფლება ნებისმიერ დროს მოითხოვოს ამ ინფორმაციების მიწოდება. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, პროგრამებში ჩართულ ქალებს გაუჩენს დაუცველობის შეგრძნება, რომ მათი პრობლემის შესახებ გაიგებს ყველა, ამიტომ იძულებულები იქნებიან დამალონ პრობლემები, რაც ძალადობრივ გარემოსთან შემგუებლობას გამოიწვევს“, – აღნიშნავს რუსკა ბუზიაშვილი, რომელიც სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, ქალებს და გოგონებს საკუთარ უფლებებს აცნობს. 

გორში მომუშავე ორგანიზაციების ნაწილი ამბობს, რომ კანონის ამოქმედების შემთხვევაში, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად დარეგისტრირებას არ აპირებს, რაც თავისთავად გამოიწვევს მათი საქმიანობის შეწყვეტას. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ პრეზიდენტის ვეტო არ დაძლიონ და იმოქმედონ მოქალაქეთა საჭიროებების და ინტერესების შესაბამისად. 

პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო დაადო. მის დასაძლევად 76 ხმაა საჭირო, რუსულ კანონს კი უმრავლესობის 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მომდევნო სასესიო დღეები პარლამენტში 28-31 მაისშია ჩანიშნული. მანამდე კი პრეზიდენტის შენიშვნები იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უნდა განიხილონ. 


მასალა მომზადდა პროექტის “ქალები საერთო მიზნისთვის” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” ახორციელებს “ქალთა ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით.

დატოვეთ კომენტარი