სტატიები

“ჩუმად ყოფნა დანაშაულია” – გორელი მასწავლებლები რუსული კანონის წინააღმდეგ 

“არა რუსულ კანონს”, – თვეზე მეტია ამ მოწოდების გარშემო საქართველოს ასი ათასობით მოქალაქე ქუჩაში საპროტესტო აქციაზე დგას. მომიტინგეებს შორის სხვადასხვა თაობისა და პროფესიის ადამიანები არიან. მათი მთავარი მოთხოვნაა, არ გადაუხვიოს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების გზას, რომელიც კონსტიტუციითაა გარანტირებული. 

რუსულ კანონს აპროტესტებს ყველა, ვისთვისაც ევროპული ღირებულებები და თავისუფლება მნიშვნელოვანია. მათ შორის არიან საჯარო სკოლების მასწავლებლებიც,  რომლებიც მოსწავლეებთან ერთად ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. ყველა მათგანი თანხმდება, რომ ამ ბრძოლაში ყოფნა კომფორტული არ არის, მაგრამ მიაჩნიათ, რომ მოქალაქეობრივ ვალს ქვეყნისა და მოსწავლეების წინაშე სხვანაირად ვერ მოიხდიან. 

“მთავარი მოტივაცია ჩემთვის ამ ბრძოლაში ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც დაუღალავად იბრძვიან, რომელთა შორის ჩემი ყოფილი მოსწავლეებიც არიან”, – ამბობს ლიკა მელთაური, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი. 

ის თვლის, რომ ბრძოლა სამშობლოს თავისუფლებისთვის უალტერნატივოა და გადამწყვეტ მომენტში გაჩუმება დანაშაულია. 

ახლა, ამ ბრძოლაში ყოფნა კომფორტული ნამდვილად არ არის, მით უმეტეს, მასწავლებლებისთვის, მაგრამ მე, როგორც ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, არ შემიძლია ვასწავლიდე ბავშვებს დემოკრატიულ პრინციპებს, გამოხატვის თავისუფლებას, ვზრუნავდე მათი კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის და თავად ვიყო ჩუმად. ახალგაზრდებმა დაამტკიცეს, რომ საუკეთესო თაობა გვყავს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებით: პატრიოტები, კრიტიკულები, დაუღალავები და რაც მთავარია, ღირსეულად და მშვიდობიანად გამოხატავენ საკუთარ პროტესტს”, – ამბობს ლიკა. 

“მე მასწავლებელი ვარ და განსაკუთრებით დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ამ პროცესების მიმართ”, – ამბობს ლიზა ყაზიშვილი, ფიზიკის პედაგოგი. 

ლიზას მიაჩნია, რომ რუსული კანონი ხელს შეუშლის ახალგაზრდების მონაწილეობას სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში, რომლებსაც უცხოელი დონორების დაფინანსებით არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ. 

მე და ჩემ მოსწავლეებს ბევრ საგანმანათლებლო პროექტში მიგვიღია მონაწილეობა განათლების მიმართულებით და ახლაც ვმონაწილეობთ “სენის” მიერ შემოთავაზებულ პროექტში “ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია”. ამ პროექტის მიზანი არის მოსწავლეთა ჩართვა მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში, რაც უამრავ აქტივობას მოიცავს განათლების, სოციალური და გარემოს დაცვის კუთხით.  კანონი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი გვთავაზობს, ითვალისწინებს, რომ ეს ორგანიზაციები დარეგისტრირდნენ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად და ის პატრიოტი ადამიანები, რომლებიც ამ პროექტებს წერენ, ფინანსებს უცხოელი დონორებისგან იძიებენ და პროექტებს ახორციელებენ, აგენტებად უნდა გამოაცხადონ“, – ამბობს ლიზა. 

ლიზა ყაზიშვილი თვლის, რომ სხვა უარყოფით შედეგებთან ერთად, ამ კანონის მიღება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსაც შეაფერხებს და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის გაწეული მრავალწლიანი შრომა წყალში ჩაიყრება. 

“ყველაზე ცუდი ფატი ისაა, რომ ეს კანონი საფრთხეს უქმნის ჩვენს ევროპულ მომავალს. ამას მთელი ცივილიზებული სამყარო გვეუბნება. ამიტომაც მაქვს პროტესტი და წინააღმდეგობა ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით. არ უნდა დაძლიონ ვეტო, სწორედ ჩვენი შვილების უსაფრთხო მომავლისთვის”. 

მასწავლებლებმა ყველაზე კარგად იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობისთვის ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული განათლება, რომ დასავლური სტანდარტებით მიღებული ცოდნა, შემდგომში ქვეყნის სწორად და ეფექტურად განვითარების შესაძლებლობაა. ამას ამბობს სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ლელა წურწუმიაც.

“ევროინტეგრაციის ერთ-ერთ ძირითად უპირატესობას წარმოადგენს განათლების დონის დასავლურ სტანდარტებთან დაახლოება. გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის გზით, მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის ხარისხიანი ევროპული განათლების მიღების ხელმისაწვდომობა იზრდება. ასევე, ძლიერდება თანამშრომლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის და სხვადასხვა სტარატეგიების მეთოდების გაზიარება და დანერგვა ხდება. მნიშვნელოვანი რესურსი იდება საგანმანათლებლო ინსტიტუციების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება/კეთილმოწყობის საქმეში ევროსტანდარტებით, რაც ცალსახად ხელს უწყობს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას”, გვითხრა ლელა წურწუმიამ. 

“ჩემთვის ყველანაირი ძალადობა, მათ შორის სიტყვიერი მიუღებელია. ვფიქრობ, რომ ამით ადამიანები არ დაშინდებიან”, – ამბობს ნინო ფსუტური, ბიოლოგიის პედაგოგი და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი. 

ნინო ფსუტური შიშობს, რომ აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ, იმ ორგანიზაციების მუშაობა, რომლებიც სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებს საერთაშორისო დონორების დახმარებით ახორციელებენ, შეფერხდება და ამით მნიშვნელოვნად დაზარალდებიან ახალგაზრდები.

მისი აზრით, ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში ყველა პროფესიის ადამიანი უნდა გამოვიდეს, უშიშრობის მაგალითი კი მოსწავლეებს, თავად უნდა მისცენ. 

“დღეს როგორ არასდროს ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანმა უნდა დააფიქსიროს თავისი აზრი, განსაკუთრებით მასწავლებლებმა, რადგან როცა ჩვენ ვასწავლით მათ, რომ უნდა იყვნენ აქტიური მოქალაქეები, ჩვენ თვითონვე უნდა ვაჩვენოთ მაგალითი. ჩვენ ვაპროტესტებთ კანონს, რომელიც ვფიქრობ, რომ არის რუსული და გვაშორებს ევროპულ მომავალს. ამიტომ არა რუსულ კანონს და წინ ევროპისკენ!”, – ამბობს ნინო ფსუტური.


მასალა მომზადდა პროექტის “ქალები საერთო მიზნისთვის” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” ახორციელებს “ქალთა ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.