ახალი ამბები

გვჭირდება ცვლილებები, რომელიც სოფლის კრებებში ქალთა ჩართულობას უზრუნველყოფს – დისკუსია გორში

გორის სოფლებში ქალები უამრავი გამოწვევის წინაშე დგანან, მათი პრობლემები კი პოლიტიკურ დღის წესრიგში ვერ ხვდება – ამ საკითხზე სამსჯელოდ “მოზაიკას” ორგანიზებით გორში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სოფლად მცხოვრები ქალები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Პროექტის “ქალები საერთო მიზნისთვის” ფარგლებში გამართულ Შეხვედრაზე მონაწილეებმა სოფლის მხარდამჭერი პროგრამის შესახებ ისაუბრეს, რომელიც ამ დრომდე ქალთა მინიმალური ჩართულობით ხორციელდება. 

სოფლად მცხოვრები ქალების უნარები და შესაძლებლობები ხშირად უხილავი რჩება. არადა, ჩემ გარშემო უამრავი ქალია, რომელსაც საკუთარი შრომისმოყვარეობით, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, შემართებით და მონდომებით ბევრი მნიშვნელოვანი და სასიკეთო საქმის კეთება შეუძლია არა მხოლოდ საკუთარი ოჯახისთვის, არამედ მთლიანად სოფლისთვის და ქვეყნისთვის. ამის კარგი საშუალება იქნებოდა სოფლის კრებებში მონაწილეობა, რომელიც სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში იმართება ხოლმე და სადაც სოფლისთვის პრობლემური საკითხების განხილვა ხდება. სამწუხაროდ, სოფლის კრებებში მონაწილეობას ნაკლებად ვიღებთ, რადგან ხან შეკრების შესახებ არ გვაქვს ინფორმაცია და ხანაც გვგონია, რომ ჩვენს მონაწილეობას აზრი არ ექნება“, – თქვა შეხვედრაზე მაგული ოქროპირიძემ, სოფელ ერგნეთიდან. 

Შეხვედრის მონაწილეები ფიქრობენ, რომ სოფლის კრების ჩატარების წესი უნდა შეიცვალოს.

შეხვედრა ტარდება ისე, რომ მოსახლეობამ ამის შესახებ არ იცის. მე ვთხოვე მერის წარმომადგენელს, რომ ამოებეჭდა შეხვედრების შესახებ ინფორმაცია და მას საკუთარი ხელით გავაკრავდი, მოსახლეობას რომ ინფორმაცია ჰქონოდა, თუმცა არაფერი გამოვიდა. ამ შეხვედრებს თუ დავაკვირდებით, მონაწილეთა უმრავლესობა კაცია, ისიც ვინმე ავტორიტეტის მიყვანილი.  ქალებს თითქმის არ უსმენენ, მათ მიერ წამოჭრილ საკითხებს არ ითვალისწინებენ და შესაბამისად აღარც დადიან“, – აღნიშნა მარი ბუჩუკურმა, სოფელ ტირძნისიდან. 

შეხვედრას მერის მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენელი დაკო მურადაშვილი ესწრებოდა. მან მონაწილებს სოფლის კრებებში ქალთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება და ხელისუფლებისთვის წარდგენა შესთავაზა.  

მე გთავაზობთ შევადგინოთ დოკუმენტი, სადაც იქნება რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა ჩატარდეს სოფლის კრება. მე ამ საკითხს მერთან მივიტან და შესაძლებელია ჩატარების წესში ცვლილებები შეიტანონ“, – აღნიშნავს მურადაშვილი.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ სხვა თანამოაზრეებთან ერთად შეიმუშავებენ რეკომენდაციების პაკეტს, რომელთა გათვალისწინებაც სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში გასამართ შეხვედრებში ქალთა ჩართულობის გარანტი იქნება. 


მასალა მომზადდა პროექტის “ქალები საერთო მიზნისთვის” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” ახორციელებს “ქალთა ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით.

დატოვეთ კომენტარი