გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, 6 თებერვალს მოსული უხვი ნალექის შემდეგ, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გორში 18 სახლი მეწყრულ ზონაშია და დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს.
დასკვნის მიხედვით, საფრთხის ქვეშ მოქცეულია მიჩურინის და გორიჯვრის ქუჩებზე მდებარე 14 საცხოვრებელი სახლი.
“მიჩურინის და გორიჯვრის ქუჩაზე, განთავსებული სახლების მდგრადობის შენარჩუნებისთვის აუცილებელია ფერდობის ძირში ჩამოზვავებული თიხა-თიხნაროვანი გრუნტების გატანა, კაპიტალური საყრდენი კედლის მოწყობა და ფერდობის დატერასება. ასევე, ზოგიერთ უბანზე საჭირო იქნება ქვათაცვენის საწინააღმდეგო მავთულბადის მესერის და სამთო არხების მოწყობა, შეკრებილი ზედაპირული წყლების განტვირთვით უახლოესი წყალსადინარის მიმართულებით”, – წერია გეოლოგების დასკვნაში.
ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ასევე საფრთხეშია კეცხოველის ქუჩა №10-12-ის საკარმიდამოების მიმდებარე ფერდობის საყრდენი კედელი, რომლის მდგრადობა მოცემული მომენტისთვის დარღვეულია და საჭიროებს დროულ აღდგენას, წინააღმდეგ შემთხვევაში გეოლოგების თქმით,საფრთხე ექმნება საავტომობილო გზის მდგრადობას და კეცხოველის ქუჩის №10-12-ში მცხოვრებ ოჯახებს.
ასევე, ამავე დასკვნით დადგინდა, რომ ფურცელაძის ჩიხი №25-27-ის მიმდებარედ, ეკატერინე გიგაურის ეზოში, დაზიანებულია სხვადასხვა გაბარიტების მქონე ორი საყრდენი კედელი.
“გზის გამართული ფუნქციონირების და ეკატერინე გიგაურის ოჯახის უსაფრთხოების მიზნით, საჭიროდ მიგვაჩნია ორივე საყრდენი კედლის და გაზსადენის დროული აღდგენა. ასევე, საჭიროა გზის საფარის მოწყობა და ზედაპირული ჩამონადენი წყლების სანიაღვრე არხის საშუალებით შეკრება და გადაყვანა უსაფრთხო ზონამდე”, – აღნიშნულია დასკვნაში.
გორის მუნიციპალიტეტის მერია გეოლოგების დასკვნის საფუძველზე, მეწყრულ ზონებში, საყრდენი კედლების მოწყობისთვის საჭირო საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შედგენის მომსახურებას იყიდის. აღნიშნულისთვის ბიუჯეტიდან 150 000 ლარი დაიხარჯება.
“ფურცელაძის ჩიხი N 25-27-ის მიმდებარედ; კეცხოველის ქუჩა N10-12-ის მიმდებარედ; ირაკლი აბრამიშვილის ჩიხის მიმდებარედ და სოფელ ატენში, დეგეულას უბანში, საყრდენი კედლების მოწყობა/რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შედგენის მომსახურების შესყიდვა განაპირობა 6 თებერვალს მოსულმა უხვმა ნალექმა, რამაც გამოიწვია გრუნტის ჩამოშლა აღნიშნულ ტერიტორიებზე”, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.