ახალი ამბები

გორის N7 სკოლის მოსწავლეებმა ქარის გენერატორი და წყლით მავალი მანქანა შექმნეს 

გორის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა STEAM პროექტის ფარგლებში სხვადასხვა მოწყობილობები შექმნეს, მათ შორის ქარის გენერატორი, წყლით მავალი მანქანა, ხაზზე მავალი რობოტი, გარე განათება შუქდიოდით, სპიდომეტრი და ჰაერში მავნე ნივთიერების აღმომჩენი. 

STEAM პროექტის ფარგლებში, ჩვენს სკოლაში უკვე 3 წელია ფუნქციონირებს კლუბი “მომავლის თაობა”, რომლის მიზანია მოსწავლეებში გაზარდოს ინტერესი ისეთი საგნების მიმართ, როგორიცაა ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა, კომპიუტერული ტექნოლოგიები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება. მოსწავლეებს პროექტებზე მუშაობის დროს სხვადასხვა საგნის მიმართულებით ერთდროულად უწევთ მუშაობა ინტეგრირებულად და ტრანსფერს ახდენენ რეალურ ცხოვრებასთან“, – უთხრა “მოზაიკას” კლუბის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ნანა ხეჩიკაშვილმა. 

მისივე თქმით, STEAM – კლუბი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა კონფერენციებსა და პროექტებში.

აღსანიშნავია, რომ  მსოფლიო ბანკის (IBRD) მიერ დაფინანსებული და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტის „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტის ფარგლებში, სკოლას გადმოეცა მნიშვნელოვანი S.T.E.A.M მოწყობილობები და რესურსები, რომელთა საერთო ღირებულება წარმოადგენს 5218 ლარს“, – აღნიშნა ხეჩიკაშვილმა. 

გორის N7 საჯარო სკოლაში მოქმედ STEAM კლუბს, ნანა ხეჩიკაშვილთან ერთად, კიდევ ოთხი მასწავლებელი ხელმძღვანელობს – ნინო ბერიძე, გიორგი კუპრიაშვილი,სვეტა გორგიშელი და ეკატერინე ფურცელაძე.

“ამ ეტაპზე კლუბში  მეშვიდე – მეთერმეტე კლასების 15 მოსწავლეა გაწევრიანებული. ამ ეტაპზე მიმდინარეობს რამდენიმე პროექტზე მუშაობა, რომლის დასრულებისთანავე მოსწავლეები გეგმავენ საჯაროდ პრეზენტაციით წარდგენას და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისათვის ვორქშოფის ჩატარებას სტემ პროექტების პოპულარიზაციის მიზნით”. 


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი