ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში მოსახლეობას საცხოვრებელი სახლები დაეტბორა.
ადგილობრივები ამბობენ რომ, წყლის არხი გასაწმენდია და უხვ ნალექს ვეღარ ატარებს.
“არხის გაუწმენდაობის გამო ხდება ეს ყველაფერი, კალაპოტი არ ჰყოფნის და ადიდების შემთხვევაში გადმოდის. პრობლემის აღმოფხვრა მოხდება არხების მოწყობის შემდეგ. წყლის გამტარიანობა არ არის, წვიმის დროს წყლის დიდ ნაკადს ვეღარ იტევს დაიტბორება სახლები. არის პატარა არხის დონეები დარჩენილი, რომელიც ამოსასუფთავებელია და იმის შევსების შემდეგ კალაპოტი რომ არ ყოფნის გადმოდის”, – ამბობს ნიკოლოზ გელაშვილი
მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას ითხოვს.
“ეს პირველი შემთხვევა არ არის, 5-6 ჯერ მაინც დაგვეტბორა სახლები, მაგრამ ორი წლის წინ არხი გაწმინდეს და მას შემდეგ ამ პრობლემას აღარ შევუწუხებივართ. ახლა კიდევ ნახევარზე მეტი მოსახლეობა ისევ დავზარალდით. მერის რწმუნებულიც საქმის კურსსია, მაგრამ ამ დრომდე არავინ მოსულა”, – აღნიშნავს გელაშვილი.
ხაშურის მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნული პრობლემის შესახებ იციან, თუმც ამ ეტაპზე ტექნიკა სხვა ადგილზე მუშაობს.
“გომში რაც ხდება ინფორმირებულები ვართ, ტექნიკა ამ ეტაპზე სხვაგან მუშაობს, როგორც კი მორჩებიან მივლენ”, – განმარტავენ უწყებაში.