ახალი ამბები

გორის N11 სკოლის მოსწავლეებმა მიუსაფარი ცხოველებისთვის ბუნაგები დაამზადეს

გორის N11 სკოლის მოსწავლეებმა მიუსაფარი ცხოველებისთვის ბუნაგები დაამზადეს. პროექტი სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა “ევრიკამ” განახორციელა. კლუბის ხელმძღვანელი ლია მელთაური ამბობს, რომ ამ ეტაპზე ქალაქის მასშტაბით მათ მიერ დამზადებული 4 ბუნაგი განთავსდა. 

ამ პროცესში მოსწავლეებთან ერთად, მშობლები და მასწავლებლებიც ჩაერთნენ და ყველა საჭირო რესურსს მოვუყარეთ თავი. ჩვენ ამ ეტაპზე სულ 4 ბუნაგი დავამზადეთ. ორი თავშესაფარი სკოლის მიმდებარედ განთავსდა, ხოლო ორი- მზრუნველ ადამიანებს გავატანეთ, სადაც ბევრი მიუსაფარი ძაღლია. ვისურვებ, გადამდები აღმოჩნდეს ეს ყველასთვის და განსაკუთრებით, ზამთარში ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე“, – ამბობს ლია მელთაური. 

მასწავლებლის თქმით, მსგავსი პროექტები მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობას და გარემოზე ზრუნვის კულტურას ავითარებს. ლია მელთაური იმედოვნებს, რომ იდეა სხვა სკოლებისთვისაც საინტერესო იქნება და მათი წამოწყების მასშტაბები გაიზრდება. 

მიუსაფარი ცხოველების პრობლემა, რომელიც ჩვენს ქალაქშია, ყველას გვეხება და ვისაც როგორ შეგვიძლია, ისე უნდა შევიტანოთ წვლილი ამ პრობლემის მოგვარებაში. უკვე მწერენ მოსწავლეები, რომ მათ უბანშიც ბევრი მიუსაფარი ძაღლია და უნდათ დადგან მსგავსი ბუნაგები. ძალიან მახარებს ეს ამბავი. ვისურვებ, გადამდები აღმოჩნდეს ეს ყველასთვის და ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე”. 

კლუბის “ევრიკა” ხელმძღვანელის მოწოდებით, კამპანიაში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოხატეს სხვა სკოლის მასწავლებლებმაც. 


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი
ტეგები