შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ბექა გიუნაშვილმა შეხვედრა გამართა. მან მიუსაფარი ცხოველების პრობლემებზე, გადაჭრის გზებზე და არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
გიუნაშვილი ამბობს, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრებში მოსახლეობის და სამოქალაქო სექტორის ჩართულობა აუცილებელია.
“თუ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი და სენსიტიური საკითხია, მეტ დასწრებას ვისურვებდი. როგორც მითხრეს, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მიუსაფარ ცხოველების პრობლემებზე სასაუბროდ მიმიწვია დემოკრტიული ჩართულობის ცენტრმა, თუმცა ხალხის მხრიდან ეს ინტერესი ვერ დავინახე, რადგან სულ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა შეხვედრას. ის ხალხი სად იყო, ვინსაც ეს საკითხი ადარდებს?! – როცა უნდათ, პირველ ადგილას არის ეს პრობლემა, როცა საჭირბოროტო საკითხების განხილვა მიდის, საზოგადოების ჩართულობა დაბალია. ჯობს, რომ მსგავს შეხვედრებზე მეტი აქტიურობა იყოს“, – აღნიშნნა გიუნაშვილმა.
გიუნაშვილმა შეხვედრაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივასა და კანონპროექტზეც ისაუბრა, რომელიც დაარეგულირებს შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის, მიტოვების და მათდამი დამოკიდებულების წესებს.
“თუ ეს კანონპროექტი დროზე დაგვეწევა, ახალი რაოდენობები აღარ დაგვემატება, ე.წ გადასმის და გადაყრის პრინციპით. თუ მოხდება დროული ინვენტარიზაცია, აღრიცხვიანობა და დაჩიპვა, ჩვენ მთელ რეგიონს მოვიცავთ და ახალგამოგდებულები აღარ დაგვემატება. რეგიონში რაც იქნება უპატრონოდ დარჩენილი, იმას მოვიცავთ“, – განმარტა სააგენტოს ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, ძაღლის დაჩიპვა სავალდებულო გახდება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში ივნისში დაინიცირდა. კანონპროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონე შინაურ ცხოველს ქუჩაში დატოვებს, სწორედ ჩიპის დახმარებით, მოხდება მისი იდენტიფიცირება და მას შესაბამისი სანქციები დაეკისრება.