გორში, ჭალის დასახლებაში ერთ-ერთ უსახელო ქუჩისთვის იოსებ ალიმბარაშვილის სახელის მინიჭება სურთ.
ინიციატივა ქალაქის მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ეკუთვნის. საკითხზე უკვე იმსჯელეს ბიუროს სხდომაზე, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში დეპუტატები საკრებულოს სხდომაზე დაამტიცებენ.
“მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული გამონაკლისის დაშვება პირის გარდაცვალებიდან არანაკლებ 20 წლის გასვლის საჭიროებასთან დაკავშირებით. ქალაქ გორში, ჭალის დასახლებაში მდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტის – ქუჩისთვის იოსებ ალიმბარაშვილის სახელის მისანიჭებლად”, – წერია განკარგულებაში.
ინფორმაციისთვის, იოსებ ალიმბარაშვილი იყო ისტორიის აკადემიური დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, რამდენიმე ისტორიული რუკის, სახელმძღვანელოს, მონოგრაფიის, წიგნის და 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი. ის გასული წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა.