გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს გადაწყვეტილებით, სეზონური ვირუსების გამო საბავშვო ბაღებში დასწრების თავისუფალი რეჟიმი ამოქმედდა.
სააგენტოს განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ აღსაზრდელი ბაღს გააცდენს საპატიოდ ჩაითვლება.
“მომატებული ვირუსების გამო მივიღეთ გადაწყვეტილება და ჯერჯერობით ისევ საპატიო იქნება გაცდენები. ეს როდემდე გაგრძელდება ზუსტად ვერ გეტყვით. რამდენადაც ვიცით ბაღებში დასწრება შემცირებულია, თუმცა პროცენტულად ზუსტად ვერ გეტყვით”, – აცხადებს ბაღების სააგენტო.
ინფორმაციისთვის, გასული წლის დეკემბერში სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი წლიდან გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში უქმდებოდა თავისუფალი დასწრების რეჟიმი და არასაპატიო გაცდენების შემთხვევაში, აღსაზრდელი ამოირიცხება ჯგუფიდან.