ახალი ამბები

„გაიტანეთ ეს სურათი” – სოსიაშვილის ​ბანერები არჩევნებიდან 3 თვის შემდეგაც არ ჩამოხსნეს

„გაიტანეთ ეს სურათი”, – ფოტოს აღნიშნული სათაურით სამოქალაქო აქტივისტი რეზო ნადირაძე ავრცელებს. მისი თქმით, გორი-კასპის ახლადარჩეული დეპუტატის გიორგი სოსიაშვილის ბანერები ქალაქში უკანონოდ არის განთავსებული, რადგან “ქართული ოცნება” ვალდებული იყო არჩევნებიდან 15 დღის შემდეგ, ჩამოეხსნა აღნიშნული ბანერები.

გორი-კასპის მაჟორიტარის არჩევნებიდან 3 თვეზე მეტი გავიდა, თუმცა ბანერები გორსა და კასპში რამდენიმე ლოკაციაზე კვლავ არის განთავსებული.

“გორში ბანერებიდან ამ კაცს როდის გაიტანენ? ჩამოხსენით გაიტანეთ! არჩევნები დიდი ხანია დამთავრდა! გაიტანეთ ეს სურათი! გაიტანეთ! ამავდროულად კანონიც უხეშად ირღვევა, ვიმეორებ,  არჩევნები დიდი ხნის წინ დამთავრდა, ნუთუ სარეკლამო კომპანიას ამ უკანასკნელის ბილბორდის ხარჯებს დღემდე უხდიან? იქნებ წურბელასავით ასხედან კომპანიას და არც არაფერს უხდიან?”, – აცხადებს რეზო ნადირაძე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ანი ბალიაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნება” ამ შემთხვევაშიც უხეშად არღვევს კანონს.

“არჩევნებიდან 15 დღის შემდეგ უნდა ჩამოეხსნათ. როგორც ყველა შემთხვევაში, “ქართული ოცნება” ახლაც კანონს არღვევს. აღნიშნულ საკითხს აუცილებლად დავაყენებ საკრებულოს მომდევნო სხდომაზე”, – აცხადებს ბალიაშვილი.

რესპუბლიკური პარტიის წევრი ლექსო ვალიაური აცხადებს, რომ ამ საკითხის გარშემო ერთდროულად საარჩევნო კოდექსის რამდენიმე მუხლი ირღვევა.

“ყველამ ვიცით, როგორი კოლოსალური თანხები ჯდება ამ სტენდებზე ბანერების განთავსება. ქალაქში სოსიაშვილის ბანერები განთავსებულია საშუალოდ 3-5 სტენდზე.  ორი თვე უკვე დარღვევით კიდია და ეს ადასტურებს, რომ ან კონკრეტულ მფლობელ კომპანიას უსასყიდლოდ დაათმობინეს ან საარჩევნოდ გამოყოფილი თანხების გადახდა ხდება შავი სალაროებიდან”, – აცხადებს ლექსო ვალიაური.

გორი-კასპის მაჟორიტარის არჩევნები 2023 წლის 1-ელ ოქტომბერს ჩატარდა. ოპოზიციის ბოიკოტის გამო, მმართველი გუნდის კანდიდატი, გორის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გიორგი სოსიაშვილმა ფაქტობრივად, უკონკურენტო გარემოში გაიმარჯვა და შევიდა პარლამენტში. სოსიაშვილმა პირველად საპარლამენტო ტრიბუნა არა გორი-კასპის მოსახლეობის სასიკეთო საკითხებზე , არამედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ლანძღვისთვის გამოიყენა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.