ავტორი: გიორგი დვალიშვილი
პიროვნული და პროფესიული განვითარების ნაკლები შესაძლებლობა -ესაა ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც ახალგაზრდები გორს ტოვებენ. მათი ნაწილი ცხოვრების მოწყობას დედაქალაქში, ნაწილი კი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცდილობს.
როგორც გორიდან წასული ახალგაზრდები ამბობენ, მშობლიური ქალაქი დასაქმების, ღირსეული ანაზღაურების ქონის, სტაბილური გარემოს შექმნის და კვლაფიციის ამაღლების საშუალებას არ აძლევდა.
| “გორი ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი ქალაქი არ არის”
ახალგაზრდების უმრავლესობა გორიდან წასვლის გადაწყვეტილებას სკოლის დამთავრების შემდეგ იღებს. ერთ-ერთი ასეთი ახალგაზრდა ნინო ჯახველაძეა. ის ახლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია.
“ჩემი თაობის წარმომადგენლები მუდმივ სიახლის ძიებაში ვართ. გორი ამ მხრივ ახალგაზრდებს ვერაფერ საინტერესოს და მიმზიდველს ვერ სთავაზობს”.
ერთფეროვანი ცხოვრება, მოსაწყენი ყოველდღიურობა, ღარიბი კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრება – ასე ჩანს გორი ახალგაზრდების თვალში.
“მრავალფეროვნება და სიახლეებია ის, რის გამოც თბილისი ახალგაზრდებისთვის უფრო სასურველი საცხოვრებელი ადგილია. დედაქალაქში მეტი შანსია, რომ კონკურენტულ გარემოში არსებობა ისწავლო, საკუთარი ინტერესების და მისწრაფებების შესაბამისად განვითარდე, თანამოაზრეები იპოვნო და რაც ყველაზე მთავარია, საერთაშორისო სტუდენტებთან ურთიერთობის დამყარება, ანუ განვითარდე პიროვნულადაც და პროფესიოულადაც”.
| “გორში სტუდენტური სამუშაოები პრაქტიკულად არ არის”
ნინოს მსგავსად, სკოლის დასრულების შემდეგ თბილისში გადასვლა ლაურა ხჩოიანმაც გადაწყვიტა. ლაურა ახლა 18 წლის არის და ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტზე სწავლობს.
ფიქრობს, რომ თბილისში მალე სტუდენტურ სამსახურსაც იშოვნის. ამის შესაძლებლობას კი მშობლიურ ქალაქში ვერ ხედავს.
„ახალგაზრდების მიგრაცია დიდწილად გამოწვეულია იმითაც, რომ ქალაქში სამუშაო ადგილების ნაკლებობით. ვფიქრობ, ახალგაზრდები სხვა ქალაქსა თუ ქვეყანაში მეტ შესაძლებლობებს და განვითარების პერსპექტივას ხედავენ, ამიტომაც მათ უწევთ ამ ნაბიჯის გადადმა მათივე წარმატებისთვისა და სამომავლო კეთილდღეობისთვის”, – ამბობს ლაურა.
საქსტატის მონაცემებით, უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე 15-19 წლის ასაკის ახალგაზრდებშია. ამას მოსდევს 20-24 წლის ასაკობრივი კატეგორია და შემდეგ 25-29 ახალგაზრდები. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა საცხოვრებელი ადგილის შეცვლის მთავარ მიზეზად სწორედ სამსახურის პოვნის სურვილს ასახელებს.
| “გორში ახალგაზრდებისთვის საინტერესო ვაკანსიები ძალიან ცოტაა”
ახალგაზრდული ორგანიზაცია “ინოვატორის” დამფუძნებელი შოთა მარანელი აცხადებს, რომ ქალაქში ძალიან მცირეა ისეთი ვაკანსიების რიცხვი, სადაც ახალგაზრდები დასაქმებას შეძლებენ, აქედან გამომდინარე, ხდება მათი ქალაქიდან გადინება.
“რაკი ახალგაზრდების დასაქმება ინოვატორის პრიორიტეტია, პრობლემას ამ საკითხშიც ვხედავთ. სამწუხაროდ ძალიან მცირეა ისეთი ვაკანსიების რიცხვი, სადაც ახალგაზრდა დამწყები ადამიანი შეძლებს ფინანსური წყაროს გაჩენას. სწორედ ამის გამო ხდება ახალგაზრდების ქალაქიდან გადინება. ეს ქალაქისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა”, – ამბობს შოთა მარანელი.
| “პრაქტიკულად ტვინების გადინება ხდება გორიდან”
ახალგაზრდების მიგრაცია პრობლემებს ქმნის გორში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც. მაგალითად, გორის ახალგაზრდული ცენტრის ერთ-ერთი დამფუნებელი ნიკოლოზ ჯაბახიძე ამბობს, რომ “გორიდან ტვინების გადინება ხდება”, რაც ახალგაზრდული აქტივიზმის განვითარებას უშლის ხელს.
“ტვინების გადინება გორის პრობლემადაც იქცა, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდები მუნიციპალიტეტიდან მიდიან თბილისში. 18 წელს ზემოთ მყოფი ახალგაზრდების უმრავლესობა არის თბილისში და მხოლოდ შაბათ-კვირას თუ ჩამოდიან. აბიტუენტები კი, რომლებიც აქ ცხოვრობენ, სწავლაზე არიან გადართულები და მათთვისაც პრიორიტეტი უნივერსიტეტში ჩაბარება და თბილისში გადასვლაა. შესაბამისად, ახალგაზრდული აქტივიზმის განვითარება ძალიან რთულდება”, – ამბობს ჯაბახიძე.
რა კეთდება მიგრაციის შესაჩერებლად?
მიგრაცია რომ მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ეს კარგად იციან გორის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოშიც. ახალგაზრდების ჩართულობით და საბჭოს ინიციატივით, მერიას ინიციატივაც წარედგინა, რომელიც ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
“გავეცით რეკომენდაცია, რომ მერიამ შეიმუშაოს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, რომელიც დაეხმარება ადგილობრივ ახალგაზრდებს სტაჟირება გაიარონ მერიის სამსახურებსა თუ ა(ა)იპ-ებში. მერიიდან მივიღეთ პირობა, რომ ამ საკითხებზე იმუშავებენ”, – განაცხადა დაკო მურადაშვილმა.
ახალგაზრდების მიგრაციას გამოწვევად მიიჩნევს გორის მუნიციპალიტეტის მერიც. როგორც ხინჩეგაშვილი ამბობს, გორში პიროვნული და პროფესიული განვითარების სირთულეებზე მას ახალგაზრდები ხშირად ესაუბრებიან.
“ამას წინათაც, იყო ჩემთან ორი ახალგაზრდა მოსული, მცირე საწარმოს გაკეთება უნდოდათ კომბინატის დასახლებაში, სამწუხაროდ, მერიას არ აქვს შესაძლებლობა დააფინანსოს მსგავსი იდეები, თუმცა ვფიქრობთ, რა ფორმით შეგვიძლია ახალგაზრდების დახმარება ამ მიმართულებით და როგორც კი შევჯერდებით კონკრეტულ იდეაზე, ამას გაიგებს საზოგადოება”, – განაცხადა ხინჩეგაშვილმა.
გორის მერი ამბობს, რომ უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდების პრობლემების მოგვარებაა იმისთვის, რომ მათ შეძლონ ადგილზე დარჩენა და საკუთარი უნარ-ჩვევების რეალიზება.
“ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ახალგაზრდების პრობლემების მოგვარება, მათი ქალაქში ადგილზე დარჩენა, პროფესიაში რეალიზების გზით. თუ სასწავლებლად წავლენ, ჩვენი მიზანია, რომ მათ ისეთი გარემო შევუქმნათ, რომ დაბრუნდნენ და აქ განაგრძონ ცხოვრება, რათა ჩვენი ქალაქის განვითარებაში შეიტანონ წვლილი”, – ამბობს ხინჩეგაშვილი.
მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).