ავტორი: ანა ჯიოშვილი
“აქ პენსიით გაგვაქვს თავი, სხვა დახმარება ჩვენთვის არ არის”, – მითხრა 82 წლის ნაირა სარალიძემ.
ნაირა სახლის წინ სკამზე იჯდა და ხელჯოხებით კაკლებს აგროვებდა, თან ხის ფოთლებს ხვეტდა და ეზოს ასუფთავებდა.
“გამოვდივარ ხოლმე და ვფურჩხნი აქ რაღაცებს, არ მიყვარს უსუფთაო ეზო – კარის ყურება, თან კაკალს ვაგროვებ, ზოგს ჩურჩხელისთვის გამოვიყენებ, ზოგს კი საახალწლო სუფრისთვის. ყველაფერს ისეთი ფასი აქვს ჩემნაირი პენსიონერი ვერ შეწვდება, რომ იყიდოს”.
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მერეთში 500-მდე ოჯახია რეგისტრირებული, თუმცა მათი ნაწილი აქ აღარ ცხოვრობს.
“დიდი ბაღები გვქონდა, მაგრამ უწყლოობით გახმა. ახლა წყალი არის, მაგრამ ახალი ნარგავების ჩაყრაა საჭირო, უმრავლესობას ამის საშუალება არ აქვს. ამიტომ მიდიან იქ, სადაც სამსახური და შემოსავალი ეგულებათ”.
მერეთში მოსახლეობის უმრავლესობა მეურნეობით ირჩენს თავს, ადგილობრივებს ნაკვეთები საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ აქვთ, ამიტომ მათ დამუშავებას თან შიშიც ახლავს.
“ჩვენი ვენახები ზუსტად საოკუპაციო ხაზის მიმდებარედაა. ვიცით, რომ იმას არ უნდა მივუახლოვდეთ, გვეშინია, რა ძალა გვადგია. აგერ კირბალში რაც მოხდა, ის ნებისმიერგან შეიძლება მოხდეს. მართალია ჩვენია, ჩვენი ტერიტორიებია, მაგრამ ახლა ისინი აკონტროლებენ და რის იმედად გავუძალიანდე, აბა?”.
ნაირა წუხს, რომ ერთ დროს ძლიერ სოფელში, ახლა სიბერის მშვიდად გატარება შეუძლებელია – ოკუპაციის თანმდევ შიშს ჯანმრთელობის პრობლემები და ფინანსური სირთულეებიც ემატება.
“მე მთელი ცხოვრება შრომაში მაქვს გატარებული, მიწას ვამუშავებდით, ყველაფერი მოგვყავდა და შემდეგ დიდი კამაზებით ვყიდდით, მაშინ ძლიერი იყო სოფელი… ახლა ყველას გაუჭირდა და განსაკუთრებით კი მოხუცებს, ვისაც აღარც შრომა შეგვიძლია და ჯანმრთელობაც გვაწუხებს”.
ნაირას შემოსავლის ერთადერთი წყარო პენსიაა, რომელსაც საჭმელზე და წამლებზე გაჭირვებით ანაწილებს.
“ახალი ნაოპერაციებელი ვარ, მართალია ოპერაციის თანხა დამიფინანსდა, მაგრამ რეაბილიტაცია იმაზე მეტი დამიჯდა. ან საჭმელი უნდა მოვიკლო, ან წამალი. სხვა დახმარება არაფერი არ გვაქვს. მუშაობა კი აღარ შემიძლია, რომ რამე მოვიყვანო და გავყიდო. ეზოში პატარა ბაღი მაქვს იქ მწვანილს თუ დავთესავ ჩემთვის, საყიდელი რომ არ მქონდეს”.
იგივე საფიქრალი აქვთ სოფელში მცხოვრებ სხვა მოხუცებსაც. როგორც ნაირა ამბობს, ჯანმრთელობის პრობლემა აქაურებისთვის უცხო არ არის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც აგვისტოს ომის დღეებში სოფელში იყო.
“ვუყურებდით, ცა სულ წითლად ელვარებდა. ზანზარებდა აქაურობა. ვუყურებდი და იმაზე ფიქრიც მაშინებდა, რომ შეიძლებოდა აქაურობის დატოვება აუცილებელი გამხდარიყო. ახლაც რამე რომ დაიჩხაკუნებს, შემეშინდება ხოლმე. ჩემი სახლიდან ყოველდღე ვუყურებ რუსეთის საგუშაგოს, ცოტა ზედმეტი მოძრაობა თუ შევნიშნე, გამოვდივარ გარეთ, ვიხედები აქეთ – იქით, გამვლელ მეზობლებს ვაკვირდები, თუ მათ მშვიდად ვხედავ, მეც მშვიდად ვარ. აქ შიში სულ გვაქვს, ყველას, დიდსაც და პატარასაც…”
მასალა მომზადებულია პროექტის “ქალები და ოკუპაცია” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” შვედური ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” დაფინანსებით ახორციელებს. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის პოზიციებს.