სტატიები

სტაჟირება, განათლება, გაცვლითი პროგრამები – შესაძლებლობები გორელი ახალგაზრდებისთვის

ავტორი: გიორგი დვალიშვილი

სტაჟირება, არაფორმალური განათლება, გაცვლითი პროგრამები, პროფესიული უნარების განვითარება – ესაა სერვისები, რომელთა მიღებაც გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეუძლიათ. 

“‘მოზაიკამ’ შეაგროვა ინფორმაცია იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ბოლო წლებში თავად ახალგაზრდებმა დააფუძნეს და მიზნად, სხვა ახალგაზრდების გაძლიერება და განვითარება დაისახეს. 

სტაჟირება და გაცვლითი პროგრამები “ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანებისგან”

ჩვენი მიზანი თავიდანვე იყო ახალგაზრდების გაძლიერება”, – გვითხრა ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანების ხელმძღვანელმა სოსო მეზვრიშვილმა. 

მისი თქმით, მათი პროექტების ძირითადი მიზანი ახალგაზრდების გააქტიურება და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვაა. 

2021 წელს ჩავატარეთ გორის ახალგაზრდული ფორუმი, სადაც ახალგაზრდები პირისპირ დავსვით გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, სადაც გააჟღერეს არაერთი ინიციატივა, მათ შორის იყო ახალგაზრული ბანაკები, ახალგაზრდული ცენტრი და სხვადასხვა აქტივობების მხარდაჭერა. 2022 წელს ჩვენ ვნახეთ, ბაკურიანის პირველი საზაფხულო ბანაკი, რომელშიც 200 ახალგაზრდა იყო ჩართული, ასევე ბიისის ბანაკი, სადაც 500 ახალგაზრდა იყო ჩართული. ეს გაგრძელდა 2023 წელსაც“, – ამბობს მეზვრიშვილი.

ორგანიზაციის ინიციატივით, წელს გორში ახალგაზრდული კაფეც გაიხსნა, რომელიც შემეცნებით-გასართობ ღონისძიებებთან ერთად, ახალგაზრდებს სამუშაო, დასასვენებელ და სატრენინგო სივრცეებსაც სთავაზობს. 

წლის ბოლომდე კიდევ შევთავაზებთ ღონისძიებებს, მათ შორის არის სამაგიდო თამაშების პოპულარიზაცია,  ელექტრონული მუსიკის საღამოები და სხვადასხვა ეროვნული თუ საერთაშორისო დღეების აღნიშვნა. ასევე, არასამთავრობო სექტორს შესაძლებლობა აქვს, რომ სრულიად უსასყიდლოდ დაჯავშნოს ჩვენი სივრცე და ის ახალგაზრდებთან სხვადასხვა აქტივობების განსახორციელებლად გამოიყენოს“, – ამბობს მეზვრიშვილი.

გარდა ამისა, ორგანიზაცია ახალგაზრდებს სთავაობს სტაჟირების პროგრამებს, რამდენიმე მიმართულებით:

  • პროექტის მენეჯმენტი;
  • კრეატიულ ინდუსტრიებში სერვისების მართვა;
  • პროგრამების შემუშავება;
  • კულინარია.
  • ახალგაზრდული მუშაკის პროგრამა;

 ორგანიზაცია ახალგაზრდებს სთავაობს გაცვლით პროგრამებს, რაც გულისხმობს საქართველოს და ევროკავშირის მასშტაბით სხვადასხვა ბანაკებში ჩართულობას და მონაწილეობას.

“ბოლო 3 წლის განმავლობაში, ჩვენი ორგანიზაციიდან 90 ახალგაზრდა იყო გაგზავნილი ევროპაში.”

ვიქტორინები და კონკურსები “ინოვატორისგან”

“ინოვატორი” 2021 წლის 28 ივლისს დარეგისტრირდა ოფიციალურად და როგორც დამფუძნებელი შოთა მარანელი ამბობს, პოსტპანდემიურ პერიოდში ქალაქის “შეფუცხუნება და გამოცოცხლება” უნდოდათ. 

“ახლაც პრაქტიკულად იგივეს ვაკეთებთ. ვცდილობთ, ახალგაზრდებს მათთვის საინტერესო აქტივობები შევთავაზოთ”. 

ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტივობა ფილმების ვიქტორინაა, რომელსაც პერიოდულად ატარებს და ამით ცდილობს, რომ ახალგაზრდები კინო სამყაროთი დააინტერესოს. 

“ინოვატორი” კითხვის პოპულარიციასაც ცდილობს და ამ მიზნით, ამჟამად ატარებს ლიტერატურულ კონკურსს “ნარატორი”.  

“გარდა ამისა, ჩვენ ხშირად ვაკეთებთ სასწავლო კურსებს, სადაც ახალგარდებს ვასწავლით პროექტების წერას, დაგეგმვას, განხორციელებას. ასევე, ვმუშაობთ პროფორიექნტაციის მიმართულებით და ვცდილობთ ახალგაზრდებს დავეხმაროთ, რომ პროფესია გააზრებულად აირჩიონ. ვეხმარებით სამსახურისთვის საჭირო დოკუმენტაციის შემუშავებაშიც, როგორიაა რეზიუმე და სამოტივაციო წერილი.”

ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა ცენტრისგან “ახალი თაობა

ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების თავისუფალ განვითარებას“, – ამბობს ზურა მაჭარაშვილი, რომელიც “გორის ახალგაზრდულ იდეას” ხელმძღვანელობს. 

ამჟამად ორგანიზაცია ცდილობს რომ ახალგაზრდები დააინტერესოს ისეთი საკითხებით, როგორიცაა: 

  • არაფორმალური განათლება;
  • გარემოს დაცვა და ნარჩენების მართვა;
  • ასევე სპორტის და ჯანსახი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

“აღნიშნული მიმართულებებით ვგეგმავთ სხვადასხვა კამპანიებს, პროექტებს და აქტივობებს. ორგანიზაციის მიზანია, შექმნას ბიუროკრატიისგან თავისუფალი ახალგაზრდული სივრცე, რომელიც იქნება ახალგაზრდების თავშეყრის, განვითარების, გართობის და მათთვის განათლების მიღების ადგილი”, – გვითხრა მაჭარაშვილმა. 

ორგანიზაცია პერიოდულად კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობებსაც ახორციელებს და მასში მონაწილეობა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა ახალგაზრდას შეუძლია. 

“ყველა ამ აქტივობის მიზანი ისაა, რომ ახალგაზრდები აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ. ამ მიზნით, ჩვენ მათ ვეხმარებით, რომ საკუთარი ინტერესების შესაბამისად, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო პროექტებშიც”.

არაფორმალური განათლება “გორის ახალგაზრდული ცენტრისგან”

გორის ახალგაზრდული ცენტრი ახალგაზრდებს კომპეტენციების განვითარებაში ეხმარება. ამისთვის კი, მათ არაფორმალურ განათლებას სთავაზობს. 

გვჯერა, კომპეტენტური ახალგაზრდები უფრო მარტივად მოაგვარებენ ნებისმიერ სირთულეს“, – ამბობს მედეა პავლიაშვილი, რომელიც აღნიშნულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. 

ორგანიზაცია არაფორმალური განათლების მიღებას ახალგაზრდებს ისეთ აქტივობებში მონაწილეობით სთავაზობს, როგორიცაა ბანაკები, ტრენინგები, ვორქშოპები, დებატები, დისკუსიები თუ ფილმის ჩვენებები. 

დავაფუძნეთ გორის ახალგაზრდული სკოლა, სადაც ახალგაზრდებ ვამზადებთ გარემოს დაცვის, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის მიმართულებით. ახლა უკვე ზამთრის სესიებს ვიწყებთ. გვაქვს დებატების კლუბიც, სადაც ბრიტანული საპარლამენტო სტილის დებატებს ვმართავთ, ამ ეტაპზე ვემზადებით საქართველოს ტურნირისთვის. პარალელურად, ვგეგმავთ, რომ საკუთარი ტურნირი გავაკეთოთ გორის და შემდეგ შიდა ქართლის მასშტაბით“, – აცხადებს ნიკოლოზ ჯაბახიძე.

ორგანიზაცია წლის ბოლომდე ახალგაზრდული ფორუმის მოწყობასაც გეგმავს. 

შემოქმედებითი უნარების განვითარების შესაძლებლობა “გორის ხელოვნების სახლისგან”

“ხელოვნების სახლი – Art House”  გორში  2021 წლის 3 ივლისს გაიხსნა და ახალგაზრდების საყვარელ სივრცედ მალევე იქცა. 

ჩვენ ვართ ყოველთვის ღია და მზად, რომ სხვების იდეებიც მოვისმინოთ. მაგალითად, შეიძლება, ახალგაზრდას ან ახალგაზრდების ჯგუფს ჰქონდეს რაიმე იდეა, მათ შეუძლიათ მოვიდნენ ჩვენთან, დავსხდეთ, ვისაუბროთ, მივეხმაროთ და ერთად ვცადოთ ამ იდეის განხორციელება“, – ამბობს ოთარ გვრიტიშვილი.

შენობის რეაბილიტაცია, სადაც ახლა “ხელოვნების სახლია”,  ევროკავშირის დახმარებით მოხერხდა. გახსნის შემდეგ კი, სივრცემ არაერთ ახალგაზრდას მისცა საკუთარი ინტერესების აღმოჩენის და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება. 

  • “ხელოვნების სახლში” ყოველ პარასკებს ფილმის ჩვენებები იმართება და მასზე დასწრება ყველას შეუძლია. 
  • ორგანიზაციას შემუშავებული აქვს ფოტოგრაფიის კურსიც და ახალგაზრდებს სასწავლო პროგრამის გავლის შესაძლებლობას პერიოდულად აძლევს. 
  • ახალგაზრდებს შეუძლიათ, რომ ეს სივრცე საკუთარი სანუშევრების გამოსაფენადაც გამოიყენენონ. 
  • “ხელოვნების სახლი” აწყობს მუსიკალურ საღამოებსაც, რომელზე დასწრებაც ასევე ყველა ადამიანს შეუძლია. 

მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.