ახალი ამბები

მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტომ მოქალაქეთა კრიტიკული კომენტარები წაშალა 

შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტომ მოქალაქეების კრიტიკის საპასუხოდ, კომენტარების ველი გათიშა და დაწერილი კომენტარებიც წაშალა. საუბარია სააგენტოს განცხადებაზე, სადაც ნათქვამია, რომ სააგენტოს თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოქალაქეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსახლეობის ნაწილი წინააღმდეგობას უწევს და ხელს უშლის იმ ძაღლების დაჭერაში, რომლებიც გასასტერილებელია, ასევე არ აქვთ გაკეთებული ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა. 

“გარდა ამისა არ გვაძლევენ საშუალებას რომ, უკვე გასტერილებულ ძაღლს რომელსაც მოსახლეობა თვითნებურად ხსნის ყურზე დამაგრებულ საჭიდს ხელახლა გავუკეთოთ. მოგიწოდებთ რომ თავი შეიკავოთ სიტყვიერი შეურაცხყოფისგან და მოგვცეთ მუშაობის გაგრძელების საშუალება”, – ნათქვამია განცხადებაში. 

სააგენტომ აღნიშნულ პოსტზე კომენტარების ველი გათიშა და მოქალაქეების მიერ დაწერილი კრიტიკული კომენტარები წაშალა. მოქალაქეების ნაწილი ამტკიცებდა, რომ სააგენტოს თანამშრომლები არაკეთილსინდისიერად მუშაობენ, გასასტერილებლად, ან ასაცრელად წაყვანილ ძაღლს უკან არ აბრუნებენ, ან საერთოდ არ უკეთებენ შესაბამის პროცედურებს და ისე უშვებენ ქუჩებში.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.