ავტორი: გიორგი ახალკაცი
გორიდან 32 კილომეტრში პატარა, ქართულ-ოსური სოფელი ზარდიაანთკარია – დასახლება, სადაც ახლა 20-მდე ოჯახიღა ცხოვრობს.
ზარდიაანთკარისკენ მიმავალი შორიდანვე ხვდები, რომ მიდიხარ სოფელში, რომელიც ბევრ მძიმე ადამიანურ ისტორიას ინახავს. ამის გააზრებას მაშინვე იწყებ, რა წამს ომის დროს დამწვარ ორსართულიან სახლს ხედავ. ამ პატარა სოფელში ასეთი ბევრი სახლია, თუმცა ომიდან 14 წლის შემდეგ, მათი რეაბილიტაცია დაიწყო და ნელ-ნელა სოფელში ომის კვალიც გაფერმკრთალდა.
თუმცა, სოფლის სიახლოვეს კვლავ რჩება მავთულხლართი, რომელიც ადამიანებს ომის მძიმე დღეებისა და ასეთივე მძიმე შედეგების დავიწყების საშუალებას არ აძლევს.
ზარდიაანთკარს ხელჩუა ესაზღვრება. ამ ორი სოფლის მცხოვრებლებს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ. 2008 წლის ომის შემდეგ, ზარდიანთკარის და ხელჩუას მაცხოვრებლები ერთმანეთს მავთუხლართებმა დააშორა – ნათესავებს და მეგობრებს შორის სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციის გაგრძელების შესაძლებლობა გაქრა.
| “არ ვკარგავთ იმედს, რომ ერთ დღეს ეს ბარიერი მოიშლება და მეზობლობაც ისეთივე გვექნება, როგორც ეს იყო ომამდე”.
იმ დღეს სოფელში სიჩუმე იყო. პერიოდულად, პოლიციის მანქანის გადაადგილების ხმა თუ ისმოდა. რამდენჯერმე, სადღაც შორს ძაღლის ყეფაც მომესმა. მერე კი, მთელი ჩემი ყურადღება ეზოდან გამოსულმა მოხუცმა მიაქცია, რომელიც მეზობელს ჭიშკარზე ქვით უკაკუნებდა. მალე, აივნიდან მომღიმარი სახით შუა ხნის ქალმა გადმოიხედა და დიალოგიც შედგა:
– მოდი ქალო, სახლში ვარ, რას აკაკუნებ?!
– შენ გაიხარე, წნევა მაქვს მგონი, აბა გამისინჯე.
– შემოდი, შემოდი…
მასპინძელი ქალი ციცინო ელიკაშვილი იყო და მას აქაურები სოფლის არაფორმალურ ექიმს ეძახიან. იმის გამო, რომ სოფელში ამბულატორია არ არის, თანასოფლელებს სამედიცინო დახმარებას სწორედ ციცინო უწევს.
“ჩემთან წნევის გასაზომად ან ნემსის გასაკეთებლად მოდიან. აქ ამბულატორია არაა და დახმარებაზე უარს ნამდვილად ვერავის ვეტყვი. შენობა კი გვაქვს, სადაც შეიძლება პატარა სამედიცინო პუნქტის მოწყობა, მაგრამ რა იქნება, არ ვიცით… ამბულატორია ნამდვილად კარგი იქნება, ამას მთელი სოფელი ითხოვს“,- ამბობს ციცინო.
სოფელში ძირითადად მოცუხები ცხოვრობენ. როგორც მითხრეს, ზარდიანთკარში ამჟამად მხოლოდ ერთი მოსწავლეღა ცხოვრობს. დანარჩენებმა სოფელი ოჯახებთან ერთად, ომის შემდეგ, ნელ-ნელა დატოვეს.
“სოფელში რომ ახალგაზრდები აღარ არიან, კი იცით. აგერ, მხოლოდ ერთი მოსწავლე დაგვრჩა, რომელიც მერეთის სკოლაში დადის. აქ ძირითადად მოხუცები დარჩნენ და პატრონობა სჭირდებათ. სამკერვალოც უფრო მაგიტომ გავხსენი, ხალისი და ინტერესი მინდოდა გამეჩინა“, – მითხრა ციცინომ, რომელმაც საოკუპაციო ხაზთან პატარა სამკერვალო “ელიკა” გახსნა.
ციცინომ “ელიკას” გახსნა არასამთავრობო ორგანიზაცია “ბეთლემის” დახმარებით შეძლო. ჯერჯერობით სხვა თანამშრომლების აყვანას ვერ ახერხებს, თუმცა იმედი აქვს, რომ მალე ყველაფერი შეიცვლება.
“ნაკვეთების ნაწილი მავთულხლართებთან მოხვდა, ნაწილს კი საერთიდ ვერ ვრწყავთ და მოსავალი ფაქტობრივად არ გვაქვს. თავი უნდა გავიტანოთ, რომ სოფელი არ დავტოვოთ და არ დაიცალოს. ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა და გამახსენდა რომ ჭრა-კერვის კურსებიც მაქვს ახალგაზრდობაში დამთავრებული და გადავწყვიტე, ჩემი ხელობა გამომეყენებინა. ჯერ მარტო მე და ჩემი საკერავი მანქანა ვართ “ელიკაში”, მაგრამ იმედი მაქვს რომ გავაფართოვებ”.
პატარა სივრცეში მოწყობილ სამკერვალოში, ციცინო ძირითადად საბნებს და ლეიბებს კერავს, რეალიზაციას კი სოციალური ქსელის დახმარებით ცდილობს. მასთან სტუმრად თანასოფლელი ქალებიც ხშირად მიდიან და როგორც ციცინო ამბობს, ყოველთვის ამხსნევებენ და მხარს უჭერენ.
“მეზობელ ქალებსაც გაუჩნდათ იმედი. თუ ხელის შეწყობა იქნება, მათაც ჩავრთავ. ზოგი მატყლს გაწეწავს, ზოგი პირებს შეკერავს, ზოგსაც ვასწავლი და ასე, ექნებათ საარსებო წყარო, აქ ყველა მხოლოდ პენსიაზეა დამოკიდებული”.
ცოტა შეკვეთების და განვითარების ნელი ტემპის მიუხედავად, ციცინოს “ელიკას” გახსნა არასოდეს უნანია.
“ბევრი შეკვეთები არაა, მაგრამ არც მინანია, ეს საქმე რომ წამოვიწყე და არც გული ამიცრუებია. ალბათ იმიტომ, რომ იმ დროიდან იმ დღის დადგომას ველოდები, ხელჩუადან რომ მექნება შეკვეთა. რომ შევკერავ, ჩავაბარებ და მართლა ვიგრძნობ, რომ ჩვენი მრავალწლიანი მეგობრობის და ურთიერთობის მოშლა შეუძლებელია. მაგას რომ წარმოვიდგენ, მერე ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ”.
ხელჩუასა და ზარდიაანკარს შორის, მავთულხლართებთან ახლოს, ქართული პოლიციის საგუშაგოა მოწყობილი. ამ მონაკვეთზე რუსი ოკუპანტები ხშირად უკანონოდ აკავებენ ადამიანებს, რომლებიც, საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მხარეს ცხოვრობენ და მოსალოდნელი საფრთხეების მიუხედავად, ერთმანეთთან კომუნიკაციას მაინც ცდილობენ.
მასალა მომზადებულია პროექტის “ქალები და ოკუპაცია” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” შვედური ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” დაფინანსებით ახორციელებს. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის პოზიციებს.