ქორდი გორის მუნიციპალიტეტის პატარა სოფელია. ერთ დროს აქაურები თავს სოფლის მეურნებობით და მესაქონლეობით ირჩენდნენ. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, სოფელს რამდენიმე საძოვარი ჰქონდა, თუმცა ისინი სახელმწიფომ გაყიდა და პირუტყვის საბალახოდ სივრცეები აღარ გამოყო.
საძოვრების პრობლემის გაჩენამ ბევრ ოჯახს ახალი საფიქრალი და სადარდებელი გაუჩინა, რადგან ადამიანებისთვის მესაქონლეობა, წლების განმავლობაში, თავის რჩენის ერთ-ერთი საშუალება იყო.
“ერთი შეხედვით, ყველაფერია, რომ ოჯახმა სოფლისთვის შესაფერისად იცხოვროს, თუმცა სულ უფრო ხშირად ვხედავთ სახლებს, რომლებიც მოუვლელობისა და უყურადღებობისგან გაპარტახებულია“, – გვეუბნება სოფო და დაცლილი სახლებისკენ მიმანიშნებს, – “იცით როგორი უბანი გვქონდა? მხიარული, სულ ჟრიამული ისმოდა, მაგრამ ახლა კი ხედავთ როგორი სიჩუმეა“.
სოფო ასკილაშვილი ქორდში დაიბადა და გაიზარდა. პატარა ასაკიდან ახსოვს როგორ შრომობდნენ მისი მშობლები, თუმცა ბოლო წლებში, ოჯახის რჩენა მაინც გაუჭირდათ.
“ყველა გზა სცადა ჩემმა ოჯახმა, რომ ერთად გვეცხოვრა და სოფლის მეურნეობით გვერჩინა თავი. მახოვს, დედა ზაფხულის ცხელ დღეებში როგორ მუშაობდა მინდვრებში, მზისგან დამწვარს და გადაღლილს, რომ ვხედავდი, ჩუმად ვტიროდი, არ მომწონდა ფიზიკურად რომ უწევდა შრომა”.
სოფო ამბობს, რომ სოფელში უმუშევრობით გამოწვეულმა პრობლემამ ძირითადად ქალები გაწირა ემიგრაციისთვის.
“ამ მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩნდა დედაჩემიც, ყველა გზა სცადა და საბოლოოდ ყველაზე რთული არჩევანის გაკეთება მოუწია. ის ახლა ემიგრაციაშია, მხოლოდ იმიტომ, რომ აქ საკუთარი თავი და საქმე ვერ იპოვნა. გაუსაძლისია პატარა ასაკში დედისგან შორს ყოფნა, ჩემთვის მნიშვნელოვან დღეებს მის გარეშე ვხვდები. ამ ემოციის სიტყვებით გადმოცემა რთულია. ჩემსავით ამ სოფელში ბევრ ახალგაზრდას უწევს ცხოვრება”
სოფოს დედა ქვეყნიდან 2 წლის წინ წავიდა.
“შვილის ქორწილს ვერ დავესწარი, ვერც სტუდენტობა ვიზეიმე მასთან ერთად, ემიგრანტისთვის ამაზე ფიქრიც კი ტანჯვაა”, – მთხრა ნარგიზა ლუხუტაშვილმა, სოფოს დედამ.
ოჯახის დატოვება და უცხო ქვეყანაში წასვლის გადაწყვეტილება დედისთვის მარტივი არ ყოფილა. შეგუება ახლაც უჭირს. ამბობს, რომ საკუთარი კარ- მიდამო ხშირად ესიზმრება.
“ეს არის მარტოობის, მონატრების და დარდის 2 წელი, რომელიც მთელ საუკუნედ მეჩვენება. არცერთი ქალი არ უნდა ტოვებდეს საკუთარ კერას, ოჯახს, შვილებს, რადგან ერთიორად აბერებს ქალს უცხო მხარე. სხვა გამოსავალი რომ მქონოდა, აუცილებლად დავრჩებოდი და მცირედს ვიკმარდი, მაგრამ ეს იყო ბოლო გზა, რომლის არჩევაც მომიწია”.
ემიგრაციაში წასული ქალების უმრავლესობა ოჯახებში საქმდება. მათი ძირითადი მოვალეობები სახლების დალაგება ან მოხუცის მოვლაა, რაც მთელი დღე ფეხზე დგომას და ფიზიკურ შრომას მოითხოვს.
“იტალიაში რომ ჩამოვედი, ოჯახში დავიწყე მუშაობა. შორიდან ასეთი რთული არ ჩანდა, როგორც ადგილზე დამხვდა. მთელი დღე ფეხზე მიწევს ყოფნა, შეიძლება ღამეც ვერ დავიძინო. ალცჰაიმერით დაავადებულ ბებოს ვუვლი, რომელსაც 24 საათის განმავლობაში ბავშვივით უნდა ყურადღების მიქცევა. აქ ჩემსავით ბევრი ქალი წვალობს, განსაკუთრებით პატარა გოგოები რომ დაინახოთ, აგეტირებათ იმდენი სირთულის გადატანა უწევთ”.
ემიგრანტის ერთადერთი საფიქრალი ახლა ოჯახში დაბრუნებაა. ამბობს, რომ ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, თანხებს თავი უნდა მოუყაროს, საქართველოში თავისი საქმე წამოიწყოს და ქორდში მამა-პაპეულ სახლს ხელი შეავლოს.
‘აქ ყოფნას იმაზე ფიქრი მიმსუბუქებს, რომ აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ბილეთს ავიღებ და საქართველოში ჩემს ოჯახში დავბრუნდები. იქამდე უნდა გავუძლო ამ ყოფას, ვიდრე საჭირო თანხებს არ მოვაგროვებ, ჩემი აქ გატარებული წლები ამაო რომ არ იყოს”.
მასალა მომზადებულია პროექტის “ქალები და ოკუპაცია” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” შვედური ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” დაფინანსებით ახორციელებს. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის პოზიციებს.