სტატიები

“ოკუპაციის პირისპირ ვცხოვრობთ და ნუთუ არ ვიმსახურებთ, რომ წამალზე ხელი მიგვიწვდებოდეს” – ქალები ხურვალეთიდა

ავტორი: ანა ჯიოშვილი

სოფლის მოსაცდელზე სახელდახელოდ მოწყობილ სკამზე ასაკიანი ქალი ზის, შუბლს ხელით იჩრდილავს და ქედს მიღმა ჩამავალ მზეს უყურებს – ქედზე ის სასაფლაო ჩანს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორად გაიყო და საფლავების ნაწილი გამყოფი ხაზის მიღმა აღმოჩნდა.

“ჩემ დას ველოდები, მეზობელს გაჰყვა ქალაქში წამლები და პროდუქტი რომ მოიტანოს. რა ჯანმრთელობა უნდა მქონეს, ამის შემხედვარეს გული, რომ არ მისკდება მიკვირს”, – თქვა ქეთევან ფიცხელაურმა, თავი ჩაღუნა და დავინახე,  ცრემლები როგორ შეიმშრალა.

ხურვალეთი გორიდან 20 კილომეტრში მდებარეობს. სოფელში საშუალოდ 300 ოჯახი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა შერეული, ქართულ-ოსური ოჯახებია. მოსახლეობის მცირე ნაწილი მიწათმოქმედებას მისდევს, მაგრამ მცოცავი ოკუპაციის და უწყლოობის გამო, ამასაც თითქმის ვეღარ ახერხებს. 

| აქ ვერც მაღაზიას და ვერც აფთიაქს ნახავთ

წინათ აფთიაქი სახლში მქონდა. ვისაც რა დასჭირდბოდა, ვაძლევდი. ახლა მე თვითონაც ავადმყოფი ვარ და ჩემთვისაც ძლივს ვყიდულობ, მაგრამ გაჭირვებული თუ მოვა, ვაძლევ, აბა, წამალზე უარს ვის ვეტყვი”, – ამბობს ქეთევანი, რომელიც წლების განმავლობაში, თანასოფლელებს სამედიცინო დახმარებას უწევდა.

სოფლის შემოსასვლელში საერთო საცხოვრებლის პირველ სართულზე ამბულატორიაა მოწყობილი, რომელიც კვირაში ერთხელ იღება. ექიმი გორიდან დადის. ადგილობრივები სოფლის ექიმს ემადლიერებიან, თუმცა აღნიშნავენ, რომ საჭირო სამედიცინო მომსახურებას ამბულატორიაში ვერ იღებენ, ამიტომ სოფელს ადგილობრივი ექთანი უფრო ეიმედებათ და თუ გასაჭირი აქვთ, მას მიმართავენ.

“რამდენჯერ შუაღამისას გავუღვიძებივარ მეზობელს და დახმარება უთხოვია. ხან წნევის გაზომვა უნდათ, ხან ნემსების გაკეთება. ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში ყველას ვეხმარები”.

| “ასაკოვანი და წამლებზე დამოკიდებული ხალხი ვართ, სოფელს კიდევ აფთიაქი არ აქვს”

ხურვალეთში ძირითადად მოხუცები შემორჩნენ. ამბობენ, რომ იშვიათად იქმნება ახალგაზრდა ოჯახები, რომლებიც სოფელში გაჩერებას და ცხოვრებას გეგმავენ, ამიტომ ყოველი მეორე სახლი დაკეტილია.

“ერთ დროს მხიარული და სტუმრის მოყვარე სოფელი ახლა დაცლის პირასაა, უბნები იცლება. რამე რომ გაგიჭირდეს, ვერავის გასძახებ”, – ამბობს ლალი ბებო.

80 წლის ლალი ხუროშვილს ბაღიდან მომავალს შევხვდი, ხელში სამუშაო იარაღები ეჭირა. დაბალი, გამხდარი, შავებში ჩაცმული ქალი მუშაობით გაუხეშებულ ხელებს თავშლის ქვეშ მალავდა. ლალის სახლში მწოლიარე მოხუცთან მიეჩქარება.

ლალი სხვა ქალების მსგავსად სოფელში აფთიაქის არარსებობაზე წუხს. ამბობს, რომ ასაკოვანი ხალხისთვის მედიკამენტებთან ხელმისაწვდომობა სასიცოცოხლოდ მნიშვნელოვანია.

სახლში ავადმყოფი მყავს, იმას ვუვლი. მე ვიცი, რა უნდა დავალევინო და რა დროს. აქ ჩემსავით ბევრი ქალია, ამიტომ აფთიაქი აუცილებელია. იძულებული ვარ დაველოდო მეზობელს, ვისაც საკუთარი მანქანა ჰყავს. ის წავიდეს, რომ დავაბარო წამალი და რამდენიმე დღის სამყოფი პროდუქტი“, – ამბობს ლალი.

ჩვენ საუბარს ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხლმძღვნელი ლუდა სალიაც შეესწრო, რომელმაც მითხრა, რომ ხშირად ქალები წამლებს სწორედ მას აბარებენ. ლუდას თქმით, აქ ტრანსპორტის მქონე ადამიანი ყველაზე მეტად ეიმდებად,.

კვირაში ერთხელ, სამშაბათობით იღება ამბულატორია ისიც შუადღემდე. ცხელი წყალიც კი არა რის, ნეტა ნახოთ რა მდგომარეობაშია, რომელ ინვენტარზე და მედიკამენტზეა საუბარი. ერთადერთი ფორმა ასს თუ გამოუწერს და გორმედში გადაამისამართებს ავადმყოფს. სხვა დღეს რომ დაჭირდეს სოფელს ექიმი, არ არის“, – ამბობს ლუდა.

ლუდა სალიამ ხურვალეთში 8 წლის წინ სოციალური საწარმო – მოხუცთა თავშესაფარი დააფუძნა. ამბობს, რომ თავშესაფარი ყველაფრით უზრუნველყოფილია, მაგრამ სოფელში უამრავი პრობლემაა.

“ორი ქალი მყავს ამ სოფლიდან. ისეთ გაჭირვებაში ცხოვრობდნენ, ვეღარ გავუძელი, გავაკეთე ყველა საბუთი და ჩემთან გადმოვიყვანე. ყოველდღიურად ოკუპაციასთან ბრძოლაში გვიწევს ცხოვრება, ვუძლებთ, ასეთია ჩვენი ბედი, მაგრამ ელემენტარული ხელშეწყობა ხომ უნდა გვქონდეს, განა ისეთს რას ვითხოვთ. ოკუპაციის პირისპირ ვცხოვრობთ და ნუთუ არ ვიმსახურებთ, რომ წამალზე და სურსათზე ხელი მიგვიწვდებოდეს?!”.


მასალა მომზადებულია პროექტის “ქალები და ოკუპაცია” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” შვედური ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” დაფინანსებით ახორციელებს. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის პოზიციებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.