სტატიები

“ნევროზმა, შფოთვამ, დეპრესიამ ასაკი არ იცის” – ახალგაზრდები და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები 

ავტორი: გიორგი დვალიშვილი

ზარმაცია, რთულად აღსაზრდელია, პრობლემურია, კონფლიქტურია, უმოტივაციოა – ახალგაზრდების მისამართით მსგავსი შეფასებები ხშირად ისმის, მათ შორის საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებული ადამიანებისგანაც. 

ახალგაზრდები წუხან, რომ მათი სიზარმაცის, დაძაბულობის, უენერგიობის თუ ინდეფერნტულობის მიზეზებით იშვიათად ინტერესდებიან მასწავლებლები, ლექტორები თუ ოჯახის წევრები. 

| “თითქოს, ვერ წარმოუდგენიათ, რომ ახალგაზრდასაც შეიძლება ჰქონდეს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა”

მამუკა ზოლოტარიოვმა, გორელმა ახალგაზრდამ, გვითხრა, რომ მის გარშემო უამრავი მოზარდი იტანჯება შფოთვით, დეპრესიით და მენტალური ჯანმრთელობის სხვა პრობლემით.  როგორც მამუკა ამბობს, ამ ადამიანების უმრავლესობას ხშირად იმედიც კი არ აქვს, რომ მათ პრობლემას ზრდასრული გარშემომყოფები სერიოზულად აღიქვამენ. 

“ის, რომ ახალგაზრდებს არავინ უსმენს, პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს, ცვლის ადამიანის პიროვნებას, სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობას, ჯანმრთელობას, აქტიურობას, განათლების ხარისხს და სამწუხაროდ, ხშირად ისეც ხდება, რომ ეს ადამიანები იწყებენ ალკოჰოლის, ნარკოტიკის ან სხვა ქიმიური ნივთიერებების მიღებას, რადგან საკუთარ პრობლემებთან გამკვლავების სხვა გზას ვერ ხედავენ”, – გვითხრა მამუკამ.

მამუკა ფიქრობს, რომ ვითარების გაუმჯობესების ერთადერთი გზა მენტალური ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. 

“მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებმა ასაკი არ იცის. ამის გააზრება ახალგაზრდებსაც სჭირდებათ და ზრდასრულებსაც. ამის გააზრება კი ვერ მოხდება ინფორმაციის გავრცელების და ამ თემაზე საჯარო დისკუსიების გარეშე.”

| “ხშირად გარშემომყოფების რეაქციის იმდენად ეშინიათ, რომ საკუთარ პრობლემებზე საუბარს უბრალოდ გაურბიან”

საკუთარ სანაცნობოში მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები ლაურა ხჩოიანსაც შეუნიშნავს. ის ახლა სტუდენტია და როგორც გვითხრა, ბოლო წლების განმავლობაში, ბევრ ისეთ ახალგაზრდას შეხვდა, ვისაც ნევროზის, შფოთვის და დეპრესიის ნიშნებს ამჩნევდა. 

“მაგრამ ამაზე საუბარს რატომღაც ყველა ერიდებოდა. ალბათ ფიქრობდნენ, რომ თუ საკუთარ პრობლემაზე ხმამაღლა იტყოდნენ რამეს, გარშემომყოფებს ჯანსაღი რეაქცია არ ექნებოდათ. შესაძლოა, სტიგმისაც ეშინოდათ, რადგან მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაციაა საზოგადოებაში”. 

ლაურას თქმით, სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტიც, რომ მაგალითად, სკოლის მოსწავლეები ნაკლებად სარგებლობენ მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის მომსახურებით. 

“ეს ხდება საზოგადოების სტიგმიდან გამომდინარე, რადგან როგორც მშობლები, ისე მოსწავლეებიც ერიდებიან პრობლემის აღიარებას. გარდა ამისა, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს არ აღიქვამენ სერიოზულად და ფიქრობენ, რომ გარდატეხის ასაკის გასვლასთან ერთად, ისინიც თავისით გაქრება და მოგვარდება.”.

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი ერთ-ერთი სახელმწიფო სერვისია, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს უფასო ფსიქოლოგიური დამხარების მიღება შეუძლიათ. 

მანდატურის ფსიქოსოციალიური მომსახურების ცენტრის ვებგვერდზე მითითებულია, რომ აღნიშნული ცენტრი  კვალიფიციურ ფსიქო-სოციალურ მომსახურებას სთავაზობს როგორც ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებს და მოზარდებს, ასევე მათ ოჯახებსაც.

ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ მხოლოდ მსგავსი უფასო სერვისების შექმნა ვითარებას ვერ გააუმჯობესებს. მათი თქმით, საჭიროა საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მიმართ, რაც მხოლოდ ცნობიერების დონის ამაღლებით არის შესაძლებელი. 

| “ჩვენ თაობაშიც რჩება სტიგმა მენტალური ჯანმრთელობის შესახებ”

“ერთია, რომ ზრდასრულები ახალგაზრდების მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს არასერიოზულად უყურებენ და ამით საუბრის სურვილს უქრობენ, მაგრამ არანაკლები პრობლემაა ისიც, რომ ამ საკითხზე თავად ახალგაზრდებსაც არ აქვთ საკმარისი და საჭირო ინფორმაცია”.

ერთ-ერთი, ვინც რეალობის შეცვლის საშუალებად ინფორმაციის გავრცელებას ხედავს, მე-11 კლასის მოსწავლე ლიზა თაბუაშვილია. მისი თქმით, აუცილებელია, ისეთი საინფორმაციო კამპანიები, როგორებიც ახალგაზრდებს საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურას განუვითარებს.

“ახალგაზრდებში მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები ძირითადად, გარდატეხის ასაკში იწყება და დროთა განმავლობაში მეტად მწვავდება. აღნიშნულ საკითხებზე ხმამაღლა საუბარი საჭიროა. აუცილებელია შეხვედრების გამართვა, ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის სწორად მიწოდება და ფსიქოლოგთან ურთიერთობის მიმართ არსებული სტერეოტიპების დამსხვრევაც.”

| “ცხოვრების რაღაც ეტაპზე  ყველა ადამიანი განიცდის მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს”

მსოფლიოს მასშტაბით ყოველ მე-10 ადამიანს გამოხატული აქვს მენტალური ჯანმრთელობის მიმდინარე პრობლემა, – გვითხრა ლიკა ვალიშვილმა, რომელიც სსიპ ვაჟა ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების მასწავლებლად მუშაობს. 

ლიკას თქმით, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები საკმაოდ ხშირია ახალგაზრდებში, რასაც მისი პროფესიული დაკვირვებით,  ლოგიკური მიზეზები აქვს.  

“მნიშვნელოვანია მენტალური პრობლემები სკოლის პერიოდის ასაკში. ხშირია ამ დროს მოსწავლეთა შფოთვა და დაძაბულობა, საგამოცდო პერიოდის მოახლოებასთან ერთად”. 

მასწავლებლის თქმით, ცხოვრების რაღაც ეტაპზე  ყველა ადამიანი განიცდის მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს.

“მენტალური ჯანმრთელობის დარღვევა მხოლოდ კონკრეტული დიაგნოზის მწვავე ფორმას არ გულისხმობს. ცხოვრების რაღაც ეტაპზე  ყველა ჩვენგანი განიცდის მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს და ხშირად ამას ჩვენ ირვლივ მიმდინარე ყოველდღიური მოვლენები – დაძაბული, არასტაბილური გარემო, ცხოვრების ტრანზიციულ ეტაპზე ყოფნა, თუ დამთრგუნველი სიახლეები და გამოცდილებები  განაპირობებენ. ”

| “ყოველ მესამეს ახალგაზრდას აწუხებს დეპრესიის ნიშნები”

ახალგაზრდებში რომ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები აქტუალურია, ამას ადასტურებს არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევაც.

2023 წლის გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევების მიხედვით, რომელიც საქართველოს შვიდ სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა:

  • 18-24 წლის ახალგაზრდებში, ყოველი მეოთხე ახალგაზრდა განიცდის საშუალო ან ძლიერი შფოთვის სიმპტომებს;
  • ყოველ მესამეს აწუხებს დეპრესიის ნიშნები და სტუდენტების მესამედს ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც უფიქრია სუიციდზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით:

  • 10-19 წლის ასაკის ყოველი 7 მოზარდიდან სულ მცირე ერთს აქვს მენტალური აშლილობის დიაგნოზი;
  • ყოველწლიურად დაახლოებით 46 000 მოზარდი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. 

ეს სტატისტიკა ადასტურებს მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმირებულობისა და მხარდამჭერი სერვისების განვითარების აუცილებლობას როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში.

| “ვითარების შეცვლისთვის კვალიფიციური ფსიქოლოგები, უფასო სერვისები და კარგი საინფორმაციო კამპანიაა საჭირო”

ამ დროისთვის, გორის სკოლების უმრავლესობას ფსიქოლოგის შტატი არ აქვს.

“სკოლებში ფსიქოლოგის შტატები არის მხოლოდ ისეთ სკოლებში, სადაც კონკრეტულ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს მულტიდისციპლინარულმა გუნდმა განუსაზღვრა, რომ ფსიქოლოგი სჭირდება. გამონაკლისი არის მე-9 სკოლა, რომელსაც საკუთარი შემოსავლებით ჰყავს აყვანილი ხელშეკრულებით ფსიქოლოგი”, – გვითხრა გორის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა. 

სწორედ მე-9 საჯარო სკოლის ფსიქოლოგია ანა ხუტიაშვილი, რომელმაც “მოზაიკას” უთხრა, რომ მენტალური პრობლემების უმეტესობა ბავშვობიდან მოდის.

“სტაბილური ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ბავშვები და მოზარდები ჯანსაღად ურთიერთობენ გარემოსთან, ოჯახებთან თანატოლებთან. არიან პროდუქტიულები, აქვთ ღირსების განცდა, განათლების, განვითარების, პიროვნული ზრდის წარმატების მიღწევის ინტერესი და სიამოვნებაა იღებენ ცხოვრებისგან.”

2019 მონაცემების მიხედვით, საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე 3217 ბავშვია რეგისტრირებული, რაც საერთაშორისო მონაცემებთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია. არსებობს ეჭვი, რომ საქართველოში შემთხვევების უმრავლესობა აღურიცხავია.

სასკოლო ცხოვრებაში ფსიქოლოგის ჩართულობა მენტალური ჯანმრთელობის მიმართ მოსწავლეების დამოკიდებულებას შეცვლიდა, ფიქრობენ ის ახალგაზრდები, რომლებსაც “მოზაიკას” ესაუბრა, თუმცა საუბარში იმასაც აღნიშნავენ, რომ ვითარების შეცვლისთვის მხოლოდ ეს საკმარისი არ იქნებოდა. 

“მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა უნდა იყოს პრიორიტეტული მიმართულება და უნდა არსებობდეს გეგმა, რომლის მიზანი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ახალგაზრდების გაძლიერება და მხარდაჭერა იქნება”.

მამუკა ზოლოტარიოვის თქმით, აუცილებელია საინფორმაციო კამპანიების წარმოება, რომლის მიზანი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბება იქნება და ამის პარალელურად, საჭიროა ხარისხიანი და კვალიფიციურ სერვისების დანერგვა და მათ შესახებ ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელება. 

“თუ ახალგაზრდებს ექნებათ შესაბამისი ცოდნა და ასევე წვდომა ყველა საჭირო სერვისზე, დიდია შანსი, რომ საკუთარი პრობლემები მარტივად დაძლიონ და ცხოვრების რიტმსაც მალევე დაუბრუნდნენ. მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება ადრეულ ეტაპზე გაცილებით მარტივია. ამ პრობლემების მქონე ახალგაზრდების დახმარება კი, რეალურად, მომავალ თაობაზე ზრუნვას ნიშნავს.’ 


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი